“მშვიდობის წყარო” - შანსი ტერორისტებისთვის?!

9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერაცია “მშვიდობის წყარო”, რომელიც, ოფიციალური ანკარის განცხადებით, მიზნად ისახავს თურქეთის მოსაზღვრე სირიის ტერიტორიის ტერორისტებისგან გაწმენდას და 3 მილიონზე მეტი სირიელი დევნილისთვის სამშობლოში დაბრუნების პირობების შექმნას.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში ამცნო თავის ამერიკელ კოლეგას, რაზეც დონალდ ტრამპმა პასუხად განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები არ იქნებიან თურქეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის არეალში. ფართო საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების შესახებ დონლად ტრამპმა ტრადიციულად ტვიტერის მეშვეობით ამცნო, რასაც ძალიან სერიოზული კრიტიკა მოჰყვა როგორც დემოკრატების, ისე დონალდ ტრამპის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი რესპუბლიკელების მხრიდან.

ყველაზე მძაფრი რეაქცია, ბუნებრივია, იყო სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ქურთების მხრიდან. მათ “ზურგში დანის ჩარტყმად” შეაფასეს ამერიკელი სამხედროების გასვლის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთის ხელისუფლება ქურთულ “სახალხო დამცველთა რაზმებს” (YPG) მიიჩნევს ქურთული მუშათა პარტიის (PKK) გასამხედროებულ შტოდ და შესაბამისად მიაკუთვნებს მათ ტერორისტულ ორგანიზაციებს. თავად ქურთების გასამხედროებული ძალები წარმოადგენენ სირიის თავდაცვის ძალების ყველაზე მსხვილ შენაერთს და ამ დრომდე ამერიკელ სამხედროებთან ერთად წარმატებით იბრძოდნენ ისლამური სახელმწიფოს დროშის ქვეშ გაერთიანებული ტერორისტების წინააღმდეგ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქურთი მებრძოლები არ აიგივებენ საკუთარ თავს ქურთების მუშათა პარტიასთან, რომლებიც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მიერაც ასევე არიან აღიარებული ტერიორისტულ ორგანიზაციებად. 

როგორც გითხარით, ოპერაცია “მშვიდობის წყარო”-ს დაწყებას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა ვაშინგტონში. ყველაზე ხმამაღალი განცხადებების ავტორებს შორის არიან ისეთი გავლენიანი რესპუბლიკელები, როგორც მიჩ მაკონელი, ლინდსი გრემი, მიტ რომნი, ნიკი ჰეილი და სხვ. რესპუბლიკელი კანონდმებლები, დემოკრატებთან ერთობლივად  ითხოვენ მკაცრი სანქციების შემოღებას თურქეთის წინააღმდეგ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმაც ჯერ თავი იმართლა ქურთების წინაშე, განაცხადა რა, რომ მას არ მიუტოვებია ქურთები და რომ წლების მანძილზე ქურთები იღებდნენ მილიონობით დოლარების დახმარებას როგორც ფინანსების, ისე სამხედრო დახმარების სახით. ამის დასტურად შაბათს საღამოს დონალდ ტრამპმა დამატებითი 60 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებაც მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული იქნება სირიაში მცხოვრები უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მხარდასაჭერად.

რაც ყველაზე მთავარია, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩამოშლის თურქეთის ეკონომიკას, თუკი თურქეთი გადაკვეთს წითელ ხაზებს და ადგილი ექნება ქურთი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

მას შემდეგ, რაც ოპერაციის დაწყებას მოჰყვა მსხვერპლი როგორც ქურთ მშვიდობიან მოსახლეობას, ისე ქურთ მებრძოლებს შორის, დონალდ ტრამპმა მისცა დავალება ადმინისტრაციას, შეიმუშავოს თურქეთის მიმართ კონკრეტული მკაცრი სანქციების გეგმა. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს ფინანსთა მდივანმა სტივენ მნუჩინმა, ხოლო თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა იმავე ბრიფინგზე კატეგორიულად უარყო, რომ აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა მიატოვეს ქურთი მოკავშირეები ტერორიზმის წინაარმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ჯერ ადმინისტრაცია მაინც თავს იკავებს სანქციების შემოღებისგან.

ოპერაციის შეწყვეტა მოითხოვა ევროკავშირმაც. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის სამიტზე განიხილება თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შესაძლებლობა. თუმცა, მანამდე გერმანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ემბარგო დააწესოს თურქეთისთვის ყველა სახის შეიარაღების მიყიდვაზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც სატელეფონო საუბარში მოუწოდა რეჯეფ ტაეპ ერდოღანს შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და დაიწყოს მოლაპარაკებები კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად.

აშშ-დან და ევროპიდან გახმიანებული კრიტიკისა და სანქციების მუქარების პასუხად, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ, ჯერ ერთი, მასთან არ ჭრის მუქარების ენით საუბარი და მეორე, თურქეთი გაუხსნის კარს ევროპისკენ 3.5 მილიონ სირიელ დევნილს და შემდეგ თავად იზრუნონ ევროპელებმა უსაფრთხოებისა და მიგრანტების პრობლემების მოგვარებაზე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის არსებობს შეთანხმება, რომელიც გულისხმობს თურქეთის მიერ სირიელი დევნილების საკუთარ ტერიტორიაზე დროებით განთავსებას და ამის სანაცვლოდ ევროკავშირი გამოყოფს 6 მილიარდ ევროს.

ვითარება ნამდვილად ძალიან დაძაბულია და კომპლექსური. ერთი მხრივ, საფრთხეშია ასეულ ათასობით მშვიდობიანი ქურთის სიცოცხლე და მძიმე ცეცხლის ქვეშ არის მოხვედრილი ქურთული გასამხედროებული დაჯგუფება. მეორე მხრივ, საქმე ეხება ნატო-ს წევრ სახელმწიფოს, რომელსაც ალიანსში სიდიდით მეორე შეიარაღებული ძალები ჰყავს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზული დილემის წინაშე დგას: გარდა იმისა, რომ ევროპისთვის არსებობს დევნილთა ახალი, მილიონიანი ნაკადების დაძვრის პრობლემა, ვითარების ესკალაციის შემთხვევაში სერიოზულად იზრდება ნაპრალი დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობებში.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისგან მოგებული რჩება რუსეთი, რომელიც კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს როგორც სირიაში, ისე ახლო აღმოსავლეთში. კიდევ უფრო გაძლიერდება ირანის გავლენებიც.

რაც ყველაზე მთავარია და ყველასთვის შემაშფოთებელია, რეინკარნაციის შანსი უჩნდებათ ისალმური სახელმწიფოს ტერორისტებს. ქურთების მიერ დაკავებული ათასობით ტერორისტი სწორედ “მშვიდობის წყაროს” ოპერაციის არეალში არსებულ ციხეებსა და ბანაკებში იმყოფება ამ დრომდე. არსებობს საშიშროება, რომ საჰაერო დაბომბვების და სახმელეთო ოპერაციიების განხორციელების პროცესში ქურთები ვეღარ შეძლებენ ტერორისტების გაკონტროლებას. უკვე გაჩნდა პირველი ინფორმაციები ტერორისტების ციხეებიდან გაქცევის თაობაზე. ასევე, ქურთული გასამხედროებული დაჯგუფების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს ტერორისტების საპატიმროების კონტროლი, ისევე როგორც მათთან დაკავშირებული 70 ათასამდე ადამიანის (ძირითადად მოხუცები, ქაელბი და ბავშვები) დროებითი განთავსების ბანაკებზე მეთვალყურეობა. ექსპერტთა შეფასებით, რეალურად ჩნდება ისლამური სახელმწიფოს აღორძინების საფრთხე, რომელიც კოალიციური ძალების მიერ წლების მანძილზე წარმატებით წარმოებული სამხედრო მოქმედებების შედეგად პრაქტიკულად განადგურებული იყო. ასე რომ, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია “მშვიდობის წყარო”, შესაძლოა, წარმოადგენდეს შანსს თავად ტერორისტებისთვის.

თურქეთის მიზნები გასაგებია: 1984 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქურთებმა დაიწყეს ბრძოლა თურქეთში საკუთარი ავტონომიის შესაქმნელად, თურქეთი იბრძვის მათ წინააღმდეგ და განიხილავს მათ, როგორც საფრთხეს ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მიუხედავად რისკისა, რომ სანქციებმა შესაძლოა მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს თურქეთის ისედაც მნიშვნელოვნად შერყეულ ეკონომიკას, თურქეთის პრეზიდენტი, რომლის პოლიტიკური ძალა კარგავს პოპულარობას, ცდილობს, რომ აღიდგინოს პოლიტიკური ძალები წარმატებული სამხედრო ოპერაციის განხორციელებით. თურქეთში გამოკითხულთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც, მთავარი ოპოზიციური პარტიებიც კი მიესალმებიან და მხარს უჭერენ ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” განხორციელებას.

თავისი არგუმენტები აქვს აშშ-ს პრეზიდენტსაც. ის თავის გამოსვლებსა და ტვიტებში ყველას ახსენებს წინასაარჩევნო დაპირებას ახლო აღმოსავლეთში უსასრულო ომების დამთავრების შესახებ. გარდა ამისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპი ასევე სერიოზულად აღიქვამს ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ნატოელი მოკავშირის თურქეთის დაკარგვის საფრთხეს და ცდილობს მასთან კავშირების აღდგენას. ასეთი წუხილის საფუძველი პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად აქვს: მიუხედავად ყველა მუქარისა თუ მოწოდებისა, თურქეთმა მაინც შეისყიდა რუსული ს-400 სარაკეტო სისტემები. ასევე, პრეზიდენტი ერდოღანი ხმამაღლა მსჯელობს ამერიკული ფ-35-ების სანაცვლოდ რუსული სუ-57-ების შეძენის შესაძლებლობაზე. უფრო ფართოდაც თუ შევხედავთ, აშშ-სთვის ფრიად ტოქსიკურად გამოიყურება (ამ ეტაპზე მაინც) თურქეთი-რუსეთი-ირანის სამაია, თუმცა, ჩემი აზრით, ამ სამაიას დიდი ხანი ერთად ყოფნა ნამდვილად არ უწერია.

ნოემბერში უნდა გაიმართოს პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილია ამერიკული “პატრიოტების” შესყიდვის საკითხის განხილვაც. თუმცა, ამ ვიზიტამდე, სავარაუდოდ, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ისეთი, რაზეც იქნება დამოკიდებული ვიზიტის წარმატებაც და საერთოდ მისი ჩატარებაც.

ჩრდილოეთ სირიაში შექმნილი ვითარება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებზე უფრო მეტად, საქართველოსთვის იყოს საყურდღებო. თურქეთის ეკონომიკის პრობლემები რომ საქართველოზე  ნეგატიურ გავლენას ახდენს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. აგრეთვე, ისლამური სახელმწიფოს რეინკარნაციამ, შესაძლოა ისევ გააჩინოს ჩვენი მოქალაქეების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვა. ჩვენი მეზობელი და სტრატეგიულ პროექტებში პარტნიორი თურქეთის, რომელიც ასევე არის ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, დაძაბულობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-თან და ევროკავშირთან, ასევე შემაშფოთებელია ჩვენთვის.

თუმცა, მთლად პესიმისტურ ნოტაზეც რომ არ დავასრულოთ ჩვენი ბლოგი, ზემოაღნიშნული პროცესები შეიძლება იქცეს ჩვენთვის შესაძლებლობადაც. მთავარია, იყოს მისი გამოყენების პოლიტიკური ნება და უნარი. 

წინა სტატია

Have you felt the Pinch?
08 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

ამასობაში, ევროკავშირში...
21 ოქტომბერი, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა