გაინტერესებთ, ვინ არის "ფილმის" რეჟისორი?!

ადამიანმა უნდა შეწყვიტოს თავისი პრობლემების გარემომცველ პირობებზე გადაბრალება და კვლავაც ისწავლოს საკუთარი ნების გამოვლენა – დაეუფლოს პირად პასუხისმგებლობას” – ალბერტ აინშტაინი.

ნებისმიერი საქმის დაწყებას ორი არსებითი ფაქტორი აძლევს ბიძგს: მოწადინება და მოქმედება. როგორც კი სურვილი დაიწრიტება და მიზანმიმართულ ქმედებად ყალიბდება, ჩვენ ვაგებთ პასუხს ყოველ გადადგმულ ნაბიჯსა და მიღებულ შედეგზე.

დაფიქრდით, რამდენჯერ გიგრძნიათ თავი გარემოების მსხვერპლად, რამდენჯერ აუტანიხართ ფორიაქს – გავართმევ თავს დავალებას?! მოიწონებს შესრულებულ სამუშაოს დამკვეთი/ხელმძღვანელი?... მსგავსი ტიპის შეკითხვები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არაერთ ჩვენგანს უკარგავს მოსვენებას, უფრო მეტიც, ზოგჯერ საქმის კეთების ჟინსაც. და მაინც, თუ მოხდა ისე, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა, უმეტესობა მარტოოდენ საკუთარ დამსახურებად თვლის, ხოლო თუ შედეგი არასახარბიელოა, მაშინვე სხვებში იწყება მიზეზთა ძიება. გვახასიათებს თურმე ადამიანებს ერთი უცნაურობა, რაც ქართველებში კიდევ უფრო მოჭარბებულად არის. შთამბეჭდავი შედარება მახსენდება დავით გოგიჩაიშვილის გამოსვლიდან: მარტივი სიტუაცია, მაგალითად, ავტობუსზე დაგვიანება. ასეთ შემთხვევაში ზოგი აღიარებს, რომ თავად დაიგვიანა, ბევრი ჩვენგანი იტყვის – ავტობუსმა გამასწრო. სწორედ ამგვარი მიდგომა არის ხოლმე ხშირად საქმეთა გამოუსვლელობის საბაბი.

ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ ჩვენი ფიქრები და ქმედებები გვქმნის ისეთებად, როგორიც ვართ. პიროვნული თვითშეცნობის პროცესი საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენაში გვეხმარება. საკუთარ თავზე მუშაობისას მივაგენი, რომ ნომერ პირველი ამოცანა ჩემთვის არის თვით დისციპლინისა (სიტყვათა დაშორება გამიზნულადაა, რაც დისციპლინის უპირატესობას უსვამს ხაზს) და ნებისყოფის გამტკიცება, ამიტომაც ვეცნობი უამრავ ლიტერატურას და განუხრელად ვმეცადინეობ ამ მიმართულებით. აქვე მცირე ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ და მოწოდებად ქცეულ ჩემსავე პროზაულ ჩანახატს გაგაცნობთ:

„სიცოცხლე მოძრაობაშია!

რაც მე დრო და ენერგია დავხარჯე იმაზე ფიქრსა და ჭოჭმანში, გამერკვია ჩემი არარეალიზებული პოტენციალი, „მინდოდა”, „მსურდა”, „მაინტერესებდა”, მაგრამ ვყოყმანობდი, რადგან „მეგონა”, „ვერ შევძლებდი”, „არ ვიცოდი”, „ალბათ” ასე იყო საჭირო. ახლა ეს ყველაფერი გონების საანგარიშოზე ჩამოვყარე, გავამრავლე ჩემს მონდომებაზე და მივიღე 107 ხარისხში ძალა.

ყოველი ათი სურვილიდან ამოვიღე კვადრატული ფესვი ერთ მიზნად. „დამატებითობის პრინციპით” თითო მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ოცნებას ვუმატებ შინაგანი ხმის კარნახს, მესამე ხარისხში ამყავს გულისყური, ამას ავტომატურად ვაკლებ „რას იტყვის ხალხი”, პლუს „იქაც დამახსოვრებული” ლაკონიურად ნათქვამი სიტყვა და... ერთი საფეხურით ზევით ავდივარ!

აქედან ძველი პრობლემები ახალ შესაძლებლობებად ჩანს, თვალს ვუსწორებ, მხრებში ვიმართები, ვუღიმი ჩემს მეობას, მხნეობას და გამბედაობას, „სამთა წესით” ვაკეთებ სწორ არჩევანს და მწვანე შუქზე სპირალისებური ნახტომით მყარად ვდგამ ნაბიჯს. მჯერა, რომ მხოლოდ მოძრაობაა სიცოცხლის ძალა!”

პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ ნებისმიერი მიღწევა არის თვითკონტროლის, გაბედულების, ალალმართლობისა და გონების კონცენტრირების შედეგი. ყველაზე დიდი წარმატება კი სწორი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებაა.

როგორც კი პირადი პასუხისმგებლობა განვითარების წყაროდ გავითავისე, გაცილებით გაადვილდა ცხოვრებისეული საკითხების მართვა, საქმეების მოწესრიგება და იმატა შედეგიანობამ. არ მოგვწონს რაიმე? ვკითხოთ საკუთარ თავს, რით შეგვიძლია მდგომარეობის გამოსწორება და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ. როგორც წესი, სიტუაციურად ვმოქმედებთ: ან ვერგებით არსებულ ვითარებას, ან მზად ვართ მის შესაცვლელად. ბევრი თანამოაზრის მსგავსად მეც ვხელმძღვანელობ აღმოსავლური სიბრძნის ერთი ფუნდამენტური პრინციპით: გვეყოს გამბედაობა, – შევცვალოთ, რისი შეცვლა ძალგვიძს; მოგვეცეს ძალა შევეგუოთ, რასაც ვერ ვცვლით და გვქონდეს ნიჭი, განვასხვაოთ ერთი მეორისგან.

ყველაფერი გაცილებით მარტივია, როცა ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატურ რეაქციას ვავლენთ. დააკვირდით, რამხელა სიამოვნებას განიჭებთ იმის შეგრძნება, რომ შეგწევთ უნარი, შეცვალოთ არსებული მდგომარეობა.

არაერთი წარმატებული ადამიანი გვირჩევს, რომ გავიუმჯობესოთ თვითშეფასების უნარი და ვიყოთ პასუხისმგებელნი საკუთარ კეთილდღეობაზე. ამის დასტურად ბრაიან ტრეისის ცნობილ გამონათქვამს გთავაზობთ: „სრულყოფილების მწვერვალისკენ ასვლა იწყება მაშინ, როცა პასუხს ვაგებთ ჩვენს ცხოვრებასა და ყველა იმ ამბავზე, რაც თავს გადაგვხვდენია”. ვინც მისდევს ცხოვრების ასეთ კანონზომიერებას, იცის, რაში მდგომარეობს უდიდესი ბედნიერება – იმის შეგრძნება, რომ თავად ხარ შენი ბედის „მჭედელი”. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ უზარმაზარისუფთა ტილო, თქვენ გარშემო უამრავი ფერი არსებობს და შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ცხოვრებისეული პალიტრა. რას დახატავთ და როგორ, თქვენზეა დამოკიდებული.

სტაბილურ თუ არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ ნაკლები გავლენა გვაქვს სახელმწიფო პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ვალუტის კურსზე თუ სხვა ჩვენგან დამოუკიდებელ ნებისმიერ ცვლილებაზე, რაც თავისთავად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე და გარკვეულწილად ცვლის კიდევაც ჩვენს გეგმებს. ოღონდ მთავარია, ფარ-ხმლის დაყრით ან გულხელდაკრეფილი ჯდომით კი არ შევხვდეთ კონტროლს მიღმა არსებულ სიტუაციებს, არამედ - რაციონალური გადაწყვეტილებით და შესაბამისი გეზის აღებით, რაც ისევ და ისევ ჩვენი შინაგანი სიძლიერისა და თავდაჯერებულობის გამოხატულებაა.

ძველ რომაელებში პასუხისმგებლობის ცნება გულისხმობდა, რომ რომის თაღის აშენების შემდეგ ინჟინერი უნდა დამდგარიყო მის ქვეშ და საკუთრივ გამოეცადა, რამდენად მკვიდრად იყო ნაგები. დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, აუცილებელია არაა, თავზე დაგვემხოს ბუმბერაზი თაღი, როცა რაიმე შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ უნდა გვეყოს მორალური ძალა მის გამოსასწორებლად.

და მაინც, რას მოითხოვს პირადი პასუხისმგებლობა?! ეს, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ჩვენგანის სოციალურ მოვალეობას წარმოადგენს და გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ვალდებულება. ეს არის კეთილი ნების გამოხატვა, მოვერგოთ საზოგადოების მიერ დადგენილ სტანდარტებს და თან დავაფასოთ შინაგანი თავისუფლება. სამი ძირეული ასპექტი, სადაც რეალურად მოგვეთხოვება მისი გამოვლენა, არის განათლება, ოჯახი და საქმიანობა.

მელბურნის უნივერსიტეტში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგებმა აჩვენა ერთგვარი კორელაცია თავდაჯერებულობასა და კარიერულ წინსვლას შორის. მელბურნის, ტორონტოსა და ნიუ-იორკის მსხვილ კომპანიებში გამოკითხულ 100 ინტერვიუერზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ავლენდნენ საკუთარი თავისადმი რწმენას, გაცილებით შემოსავლიანები და წარმატებულნი იყვნენ. ასევე საინტერესო დასკვნები გამოიტანეს ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. მათ დაადგინეს, რომ ის სტუდენტები, რომლებსაც პროფესორ-მასწავლებელთა მხრიდან მეტი ხელშეწყობა აქვთ პიროვნული პასუხისმგებლობის განსავითარებლად, უკეთეს შედეგებს აღწევენ.

ჟურნალის მკითხველთა დაინტერესებისთვის მასალის მოგროვებისას ტრადიციულად ინტერნეტწყაროებსაც შევავლე თვალი. ჩემი ყურადღება მიიქცია „ფორბსის” ერთ-ერთმა სტატიამ სათაურით: „როგორ გავხდეთ წარმატებული მეწარმე”. რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ. ცხადია, რეცეპტივით გამოწერილი გარანტირებული მეთოდი არ არსებობს, თუმცა თუ დავაკვირდებით წარმატებულ ბიზნესმენთა საქმიან მიდგომას, ოთხი მთავარი დეტალი შეიძლება გამოვყოთ:

. მათ ჭეშმარიტად სურთ იმის გაკეთება, რაც მიზნად დაისახეს. ამ პასუხისმგებლობის გარეშე მათი ყოველი მცდელობა უშედეგო იქნებოდა.

. მიზნისკენ სავალ გზას ისინი პატარ-პატარა ნაბიჯებით იწყებენ. ცხადია, ბიზნესს გარკვეული რისკები ახლავს და როცა მოზომილ ნაბიჯს დგამ, უფრო დაცული ხარ. არც აჩქარება ღირს და არც შორს გაქცევა. ყველას გვსმენია, რომ მეწარმეები რისკიანები არიან და ეს მართლაც ასეა, თუმცა გაცილებით წარმატებული სწორედ მაშინ ხარ, როცა სათანადო სიფრთხილეს ავლენ.

. ისინი ყოველ გადადგმულ ნაბიჯს აანალიზებენ. ყოველი ქმედების შემდეგ ჩერდებიან და აკვირდებიან, რა შედეგი მოჰყვება, როგორ რეაგირებს ბაზარი მათ ქმედებაზე. შეიძლება საწყისი მიზანი კარგია, მაგრამ ხომ არ საჭიროებს, მაგალითად, მიმართულების შეცვლას ან სხვა რაიმე სახის ჩარევას.

. როგორც კი მიღებულ შედეგებს შეისწავლიან, შემდგომ ქმედებაზე გადადიან. კვლავ დაკვირვების შედეგად აგრძელებენ სრულ ციკლს.

ოთხივე მითითების შეჯამებით მარტივი ფორმულა ასე გამოიყურება: იმოქმედე, ისწავლე, აშენე, გაიმეორე! რაოდენ მარტივადაც უნდა მოგვეჩვენოს მისი შესრულება, წარმატების მიღწევა გარკვეულ პიროვნულ თვისებებსაც საჭიროებს. როგორც ცნობილია, მეწარმეები შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევიან: მიზანდასახულობა, კრეატიულობა, შეუპოვრობა, რისკისადმი ტოლერანტობა, ინტუიცია და პიროვნული პასუხისმგებლობა.

წინა ნომერში, როცა ვსაუბრობდით „სად მოვნახოთ საქმის ათვლის წერტილი”, რისკებისადმი დამოკიდებულებას შევეხეთ. აქაც შევაჩერებ თქვენს ყურადღებას შეუპოვრობასა და რისკისადმი ტოლერანტობაზე. ბიზნესის წამოწყებისას გონებაში ციმციმებს ნათურა, რომელიც ფულის შოვნის გზებს დაუღალავად ანათებს და ყოველ ცისმარე დღეს წინსვლის ბიძგს აძლიერებს. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ეს „ნათურა” ბჟუტავს ხოლმე, თუკი მოტივაცია მოდის გარედან ანუ როცა რაიმე გარემოებით იძულებული ან სხვა ვინმესგან „ძალდატანებით” გვიწევს საქმის კეთება. არადა, მეწარმეობრივი ჟინი გულანთებულ მდგომარეობას გულისხმობს და ასეთ დროს, ბუნებრივია, ყოველდღიური შემართება სულ უფრო და უფრო მატულობს. შეუპოვრობა ამ შემთხვევაში ნიშნავს დასახული მიზნისკენ მუდმივ სწრაფვას და კრეატიული მიდგომით ახალ-ახალი საშუალებების გამონახვას სასურველი შედეგის მისაღწევად.

რაც შეეხება რისკებისადმი „დაუმორჩილებლობას”, იგულისხმება, რომ მეწარმეობრივი წინსვლის სურვილი გაცილებით მეტია, ვიდრე რაიმე დაბრკოლებით გამოწვეული შიში. საქმის პროგრესული განვითარების კვალობაზე წარმატებული მეწარმე შედარებით დაცული უნდა იყოს ფიქსირებული ხელფასისა თუ გარკვეული სარგებლის გარეშე მუშაობის „სტარტ-აპ” ეტაპზე.

ინტუიციის შესახებ უფრო ვრცლად მომდევნო სტატიაში ვისაუბროთ. თუმცა დავამატებ კიდევ ერთ უნიკალურ თვისებას, რასაც მეწარმეობრივი სულისკვეთება ჰქვია. ვფიქრობ, მეც ამ შინაგანმა ძალამ გამაბედვინა დამოუკიდებლად საქმის წამოწყება და საგანმანათლებლო თუ სხვა სახის პროექტების „იმედად” ყოფნა. ასეთი ძალისხმევის შედეგია ის, რომ თავისუფლდები დოგმატური აზროვნებისგან, გეძლევა უფრო ფართო ასპარეზი „ფრთების” გასაშლელად და რაც მთავარია, გრძნობ, რომ რასაც აკეთებ, უმაღლეს სიამოვნებას განიჭებს. გულწრფელად ვაღიარებ, რომ მოპოვებული „თავის უფლება” მართლაც ღირს შერკინებად და პიროვნული ზრდისთვის გარჯად.

მაგრამ აქვე ავტომატურად იჩენს თავს შინაგანი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მუდმივად გკარნახობს, რომ მხოლოდ შენ ერთი აგებ პასუხს შენ მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე. ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყო, რომ ნებისმიერი ქმედება სასარგებლოა შენ გარშემო მყოფთათვის – საქმიანი პარტნიორი იქნება, მომხმარებელი ან თუნდაც ოჯახის წევრი.

საკუთარ ცხოვრებაზე აღებულ პასუხისმგებლობას რამდენიმე ბონუსი აქვს:

არ გაურბიხარ ყოველდღიურ გამოწვევებს, პირიქით, თავად აკონტროლებ სიტუაციას, თვალს უსწორებ მოვლენათა მსვლელობას და სიახლეების ძიებაში ხარ. სამყაროც უფრო ფართოდ გიღებს კარს.

გადადიხარ მოქმედებაზე, არა იმიტომ, რომ ამას გარემოება გაიძულებს, არამედ იმის გამო, რომ საკუთარი თავის წინაშე ხარ ანგარიშვალდებული – იმოქმედო უკეთესი ცხოვრებისთვის!

საკუთრივ ქმნი თვითშეფასების მაღალ დონეებს. დაუსვამ თავს ამოცანას და მიიწევ წინ მის შესასრულებლად. ამ პროცესში აღმოაჩენ, რომ თანდათან უმნიშვნელო ხდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა შფოთი, უარყოფითი ფიქრები, სხვების ცალმხრივი მოსაზრებები.

ამ ყველაფრის შედეგად ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ „გემის კაპიტანივით” თავად არჩევ სწორ კურსს და ისე მიჰყვები დინებას.

მოკლედ, ჩვენო ერთგულო მკითხველო, იმისგან დამოუკიდებლად, დამწყები მეწარმე ხარ თუ უკვე შემდგარი ბიზნესმენი, ვიცი, დამეთანხმები, რომ რაც მეტად ფლობ პირად პასუხისმგებლობას, მით უფრო რწმუნდები, რომ საკუთარი ცხოვრების სცენარს თავად წერ, მართვის სადავეები შენს ხელთაა და თუ მოინდომებ, ფილმის რეჟისორიც ხდები, რათა უფრო შინაარსიანი და შთამბეჭდავი კადრებით დატვირთო „სიუჟეტი”.

სტატიის ბოლოს ორიოდე სიტყვით ახლახან შეძენილი, რიჩარდ ბრენსონის კიდევ ერთი საინტერესო წიგნის შესახებ, სადაც კაპიტალიზმის ბუნება მთლიანად ამოყირავებულია და რადიკალურად განსხვავებული ხედვაა მოცემული ბიზნესის არსებულ წესებზე, განსაკუთრებული აქცენტები კი სწორედ მეწარმეობის როლსა და მასში ჩართული ადამიანების ცხოვრებაზეა გაკეთებული. გზადაგზა იქაურ ამბებსაც მოგითხრობთ, იმდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ეკონომიკის განვითარებისა და ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უმეტეს. აკეთო საქმე ნიშნავს, სიკეთე მოუტანო არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც და ამით ნახო მოგება. ამ მოწოდებითაა განმსჭვალული მთელი წიგნი. ეს უნდა იყოს ყოველი ჩვენგანის დევიზიც.

წინა სტატია

იმპერატორი ბოსების უკანასკნელი დღეები
19 მაისი, 2016

შემდეგი სტატია

საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს დელეგაცია და 10 წამყვანი ტურკომპანია ესტუმრა
19 მაისი, 2016
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა