“თიბისი ბანკის” და “ჯეოსელის” დაჯილდოებისთვის კომპანიების შერჩევა დაიწყო

ნოემბერში საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება გაიმართება, სადაც წლის ტურისტული, აგრო, ინოვაციური ბიზნესები გამოვლინდება, ასევე დასახელდება “წლის ქართული პროდუქტი” და “წლის მარკეტინგული კამპანია”. გაირკვევა წლის “მცირე ბიზნესის” და “წლის ბიზნესის” ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიების ვინაობაც.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის აპლიკაციების მიღება 21 ივნისიდან დაიწყო და 15 აგვისტომდე გასტანს ონლაინ–რეჟიმში www.businessaward.ge-ზე. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში, რეგისტრაცია გავლილი აქვთ 2016 წლამდე და რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 მილიონ ლარს.

ბიზნესდაჯილდოების ინიციატივა თიბისი ბანკს ეკუთვნის, რომელსაც სიამოვნებით აუბა მხარი საკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ “ჯეოსელმა” და პროექტის გენერალური პარტნიორი გახდა. “თიბისი ბანკი” გეგმავს ბიზნესდაჯილდოება ყოველწლიური გახადოს და ამგვარად მხარი დაუჭიროს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, წაახალისოს წარმატებული ბიზნესმენები და მისცეს მათ მოტივაცია, კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ. მათი წარმატების ისტორიების გაზიარებით კი  სხვებსაც გაუჩინოს სტიმული არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად და საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად.

“ჩვენ გვსურს, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის გრძელვადიანი პარტნიორები, რისთვისაც ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ და ეს ბიზნესდაჯილდოება მათგან ერთ-ერთია. ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ წარმატებული ქართული მცირე და საშუალო კომპანიები, რათა ეს წარმატება გადამდები გახდეს და შემდეგ წელს კიდევ უფრო მეტ ბიზნესს გაუჩნდეს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღების სურვილი”, - ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალური ჩართვისთვის “თიბისი ბანკი” გეგმავს პროაქტიური იყოს და ამ მიზნით თანამშრომლებსაც კი გამოყოფს, რათა მათ რაც შეიძლება მეტ კომპანიას მიაწვდინონ ხმა მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების შესახებ. მეორე მხრივ, პროაქტიურობა იგეგმება ნომინანტი კომპანიების ცნობადობის გასაზრდელადაც, რამდენადაც ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეულ მათგანში შერჩეული სამი ფინალისტისგან, რომელთა პორტფოლიოები წარედგინება საზოგადოებას მედიასაშუალებისა და სოციალური არხების მეშვეობით. სწორედ საზოგადოებაში მცირე და საშუალო კომპანიების ცნობადობის გაზრდა მიაჩნია “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნიკა ქურდიანს, ბიზნესდაჯილდოებაში კომპანიების მონაწილეობის მთავარ წამახალისებლად.

“აქედან გამომდინარეობს ისიც, თუ როგორ შევარჩიეთ დაჯილდოების სექტორები. ცხადია, ბიზნესის ცნობადობა გვინდა გავზარდოთ პრიორიტეტულ მიმართულებებში: ტურიზმში, ინოვაციებში, აგრობიზნესში. სწორედ ამაზე მოვახდინეთ კონცენტრირება”, - ამბობს ნიკა ქურდიანი.

გამარჯვებულ ბიზნესებს, რომლებიც ჯილდოდ ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილ სპეციალურ პრიზს მიიღებენ, ექვს ნომინაციაში განსხვავებული კრიტერიუმებით გამოავლენს კომპეტენტური, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი კომისია. მაგალითად, “წლის ტურისტული ბიზნესის” შერჩევისას კომისია მხედველობაში მიიღებს კომპანიის მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულებას, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მინიჭებულ რეიტინგებს, ბიზნესის გაშუქების სიხშირეს უცხოურ და ადგილობრივ მედიაში, ხოლო “წლის აგრობიზნესის” გამოვლენისას უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც პროდუქციას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აწარმოებს.

ასევე, “წლის ქართული პროდუქტის” ტიტული შესაძლოა მოიპოვოს ნებისმიერმა მატერიალურმა ან არამატერიალურმა პროდუქტმა - მთავარია, იყოს შექმნილი და დამზადებული საქართველოში. თუმცა, გამარჯვებულის გამოვლენისას ყურადღება მიექცევა ისეთ ბიზნესს, რომელმაც საკუთარი პროდუქტი ექსპორტზე გაიტანა და იმასაც, თუ რა ღონისძიებები გაატარა მან ახალ ბაზარზე დასამკვიდრებლად, ან რამდენად გაზარდა წილი მიზნობრივ ბაზარზე.  წლის მცირე ბიზნესად” კი  დასახელდება კომპანია, რომლის ბრუნვა არ აღემატება 1.5 მილიონ ლარს, თუმცა მან შეძლო განსაკუთრებული წარმატების მიღწევა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით და მოახერხა მომხმარებლებისთვის თავი დაემახსოვრებინა. 

კომისია ასევე გამოავლენს გამარჯვებულს ნომინაციაში “წლის ბიზნესი” და შეფასებისას იხელმძღვანელებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა:  ბიზნესის განსაკუთრებული მიღწევები და ამ მიღწევების ამსახველი საინტერესო ისტორიები; ბიზნესი, რომელსაც სათავეში უდგანან ახალგაზრდები და რომელსაც აქვს საერთაშორისო განვითარების პოტენციალი. აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული კომპანია ერთი წლით თიბისი ბიზნესის ელჩი გახდება და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. 

“წლის მარკეტინგული კამპანიის” ტიტულის მოპოვების შანსი ექნება ნებისმიერი სფეროს ბიზნესს ისეთი მარკეტინგული კამპანიით, რომლის შედეგად ბიზნესმა, ბრენდმა ან კონკრეტულმა პროდუქტმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და, შესაბამისად, გაზარდა როგორც მომხმარებლების, ისე გაყიდვების მოცულობა. ეს ერთადერთი ნომინაციაა, სადაც  გამარჯვებული გამოვლინდება ელექტრონულად, საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით.  სხვა დანარჩენ ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი კომისია.

დაბოლოს, ნომინაციაში “წლის ინოვაციური ბიზნესიგამარჯვების შანსი ექნებათ ისეთ კომპანიებს, რომლებმაც შექმნეს, დანერგეს ან განავითარეს კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიური სიახლე ან გამოგონება. ეს შეიძლება იყოს პროდუქტი, მომსახურება, ან პროცესი, თუნდაც არა უნიკალური მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ინოვაციური ქართული რეალობისთვის.  

შვიდ ნომინაციას შორის სწორედ ინოვაციები აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო “ჯეოსელისათვის”, რომლის გენერალურ დირექტორს, პაველ სმალინსკის, სჯერა, რომ ეს ინოვაციურობა ყველაზე ახლოსაა მისი კომპანიის ბრენდის იდენტობასთან. 

“ჩვენ “თიბისი ბანკთან” ერთად მოგვეცა შანსი, შევქმნათ ძალიან პრესტიჟული და საყოველთაო ბიზნესდაჯილდოება. ამ ინიციატივით, ჩვენ, ერთი მხრივ, შევძლებთ წარმოვაჩინოთ მცირე და საშუალო კომპანიები და მათი წარმატება, ხოლო მეორე მხრივ, ვაჩვენოთ მსხვილ ბიზნესს, რომ ბაზარზე არიან ასეთი სწრაფად მზარდი, წარმატებული პოტენციური პარტნიორები”, - განაცხადა სმალინსკიმ ბიზნესდაჯილდოების პრეზენტაციაზე.

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, “თიბისი ბანკი” სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს, რომ, გარდა ფინანსურ რესურსებზე წვდომისა, ასეთ კომპანიებს საკუთარი თავის პოპულარიზაციის მიმართულებითაც მისცეს გასაქანი. ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორები ამბობენ, რომ, ვინაიდან წარმატება გადამდებია, აუცილებელია ბიზნესის წარმატების ისტორიები საზოგადოებაში მაქსიმალურად ფართოდ გავრცელდეს და სწორედ ამის უზრუნველყოფას ემსახურება თავად ყოველწლიური დაჯილდოების იდეაც. 

წინა სტატია

სტოკჰოლმი - ყველაზე "ქულ" დედაქალაქი
24 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

რეფინანსირების განაკვეთი
27 ივნისი, 2016
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა