კერძო სექტორის ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში

საქართველოს პარლამენტს მუდმივად უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც პირდაპირ აისახება კერძო სექტორის საქმიანობაზე. მხოლოდ გასული ორი წლის განმავლობაში შეიქმნა უამრავი რეგულაცია, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ბიზნესის საქმიანობას. მაგალითად: შეიცვალა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ბევრი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობის ფუნდამენტია; განხორციელდა საპენსიო რეფორმა, რომელიც ეხება ყველა დასაქმებულს, დამსაქმებელსა და არა მხოლოდ მათ; ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის რეგულაციები; ამოქმედდა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც ეხება ყველა ადამიანს და განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ბიზნესის გარკვეულ სეგმენტზე; გამოცხადდა აკრძალვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის რეალიზაციის კუთხით, რაც პირდაპირ ეხება უცხოური ინვესტიციების შემო   დინებას ქვეყანაში; შეიქმნა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა; ასევე, შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელმაც უნდა დაგვიცვას გამოძიების პროცესში გადაცდომებისგან; მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი გარემოს დამკვიდრებისთვის, მათ შორის – კერძო სექტორში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და ყოველი მიღებული ცვლილება პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს კერძო სექტორზე.

ამდენად, სახელმწიფოს უწევს მრავალი სუბიექტის ინტერესის დაბალანსება, მით უმეტეს, რომ მათ ხშირად აქვთ საპირისპირო მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა, აქვთ განსხვავებული ინტერესი და სხვადასხვა შედეგის მოლოდინი. ამ გარემოში ყოველთვის შესაფასებელია, თუ რომელი გადაწყვეტილებაა სწორი, ამიტომ სამართლიანად მიიჩნევა, რომ სწორი არის ის, რაც სწორი პროცესის შედეგად მიიღწევა და არის მაქსიმალურად ბევრი განსხვავებული აზრის შეჯერების შედეგი.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, არა მხოლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები, არამედ ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოისმინოს ყველა დაინტერესებული მხარის აზრი, განიხილოს ყველა შესაძლო ვერსია, შეაფასოს პოტენციური შედეგები და რისკები და მხოლოდ ამის  შემდგომ გადადგას ნაბიჯი. ამასთან, სახელმწიფოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან აქტორებს უნდა უტოვებდეს განცდას, რომ ისინი სამართლიანია.

საქართველოს რეალობაში სულ უფრო იზრდება პარლამენტის როლი. როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, საქართველო ასრულებს საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო დემოკრატიად გარდაქმნის პროცესს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში სულ უფრო დიდი დატვირთვა ექნება პარლამენტს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს.

პარლამენტის მანდატში შედის არა მხოლოდ კანონების შექმნა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი და წარსულში უგულებელყოფილი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, ისევე როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

პარლამენტის საზედამხედველო მანდატი ნიშნავს იმას, რომ სწორედ საკანონმდებლო ორგანო, როგორც ხალხის უშუალო და პირდაპირი წარმომადგენელი, არა მარტო ქმნის თამაშის წესებს, არამედ აკონტროლებს მათ შესრულებას. აკვირდება, თუ როგორ ფუნქციონირებს მთავრობა, რამდენად ეფექტიანია მისი მუშაობა და თუ უკმაყოფილოა შედეგით, საკმაოდ მკაცრი ფორმებით რეაგირებს.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის დამკვიდრებას ხელს უწყობს  საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობა“ – გლობალური მოძრაობა, რომელიც ეხმარება ქვეყნებს დახურული პროცესების გახსნასა და გადაწყვეტილებების მიღებაში არა დახურულ კარს მიღმა, არამედ იმ ადამიანებთან ერთად და იმ ადამიანების აზრის გათვალისწინებით, ვისაც ეს ცვლილებები ეხება.

საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა, განსაკუთრებით საპარლამენტო ღია მმართველობის კუთხით, რასაც ადასტურებს 2015 წელს ღია მმართველობის პარტნიორთა ჩემპიონობის ჯილდოს მიღება და მოგვიანებით, ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევა.

საქმიანობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის პარლამენტში ბოლო პერიოდში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები. დღეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ კანონ-პროექტებთან დაკავშირებით; შემუშავდა საქართველოს პარლამენტის მობილური აპლიკაცია და საჯარო ინფორმაციის მოდული, სადაც ინფორმაცია მარტივად დასამუშავებელ ფორმატშია მოცემული; ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ელექტრონული წესით მოთხოვნა, თუმცა კონკრეტულად ბიზნესორგანიზაციების კიდევ უფრო აქტიური ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ელექტრონული მმართველობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ან უკვე არსებული მექანიზმების დახვეწა ახალი ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ბევრ დაინტერესებულ პირს მაინც უჭირს ნავიგაცია იმ ზღვა ინფორმაციის ნაკადში, რაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იყრის თავს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე და ყველა ინფორმაცია – ხელმისაწვდომი, მრავალი ორგანიზაცია თუ ადამიანი მაინც ვერ ახერხებს მათთვის მარტივი და ხელსაყრელი ფორმით საჭირო ინფორმაციის დროულად მიღებას და თავისი აზრის მკაფიოდ დაფიქსირებას.

წლების განმავლობაში პროცესები იმდაგვარად განვითარდა, რომ სამოქალაქო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბევრად უფრო გახსნილი და გამჭვირვალე ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ვიდრე ბევრ სხვა სუბიექტთან – ბიზნეს-ორგანიზაციების ჩათვლით. ვითვალისწინებთ, რომ ბევრი გადაწყვეტილება, რომელთაც საქართველოს პარლამენტი იღებს, დიდ გავლენას ახდენს სხვადა-სხვა ბიზნესკომპანიის საქმიანობაზე. ამასთან, მთლიანად სექტორი იმდენად მგრძნობიარეა ამგვარი ცვლილებების მიმართ, რომ არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება, არამედ ზოგიერთი იდეის გაჟღერებაც კი შესაძლოა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს.

ამდენად, აუცილებელია, შევქმნათ პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის უკეთესი მექანიზმები და ამისათვის საუკეთესო ფორმატად წარმოგვიდგენია ღია პარლამენტის საბჭოს საქმიანობის გაფართოება.

ეს იდეა ეკუთვნის ამერიკის სავაჭრო პალატას (AmCham), რომელიც საბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და რომელმაც კარგად დაგვანახვა ამგვარი თანამშრომლობის მზარდი აუცილებლობა.

ახლახან, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით, პარლამენტმა აიღო ვალდებულება, შექმნას მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც დაინტერესებულ ბიზნესორგანიზაციებს მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ მათთვის საინტერესო რა საკითხზე მუშაობს პარლამენტი; მისცეს მათ შესაძლებლობა, მეტად ჩაერთონ როგორც კონკრეტული კანონპროექტების განხილვაში, ასევე, უფრო ფართო გაგებით, მთლიანად საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში; დაეხმარონ პარლამენტს სხვადასხვა სფეროში წარმოქმნილი პრობლემების დანახვაში, გამოვლენასა და მოგვარებაში.

ჩვენს უახლოეს დღის წესრიგში დგას შემდეგი მექანიზმების შექმნა:

• პარლამენტის ვებგვერდზე დაინტერესებული პირების საერთო რეესტრი, სადაც დარეგისტრირება შეეძლებათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს;

• პარლამენტში ბიზნესის სექტორთან ყოველწლიური შეხვედრების გამართვა;

• კერძო სექტორის საპარლამენტო პროცესში ჩართულობის ინსტიტუციონალიზება.

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და ორმხრივი ინტერესისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის შემთხვევაში, ბევრად შორს შეიძლება წასვლა საერთო მიზნის მისაღწევად.

პარლამენტის ღია მმართველობის საბჭო ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამ პროცესის ლოკომოტივად შეიძლება იქცეს. ეს ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას, მოვისმინოთ, რა სჭირდება კერძო სექტორს იმისთვის, რომ უფრო მარტივად შეძლოს ნავიგაცია ინფორმაციის იმ უდიდეს ნაკადში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ბრუნავს და რით შეგვიძლია ავაშენოთ თანამშრომლობის ხიდები, რაც პარლამენტს დაეხმარება წარმართოს სწორი პოლიტიკა, ხოლო კერძო სექტორს – მანამდე დააფიქსიროს პოზიცია, ვიდრე გადაწყვეტილება მიიღება და არა პოსტფაქტუმ.

ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს, შემოგვიერთდნენ ამ პროცესში, რათა ერთმანეთს კარგი მმართველობის პრინციპების გაფართოებაში დავეხმაროთ.

ჩვენ გირჩევთ

სწრაფად მზარდი ეკონომიკების ათეული

პორშე "ჩაინიკის" თვალით

სწრაფად მზარდი ეკონომიკების ათეული

სწრაფად მზარდი ეკონომიკების ათეული

წინა სტატია

Cryptocurrency: An Overview of Its History
08 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

რამდენად ფასობს საქართველოს ნაკრები?
09 ნოემბერი, 2018
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა