ახალი ათასწლეულის წარმომადგენელი წინა ათასწლეულიდან

კარენ კარნიოლ-ტამბურს ეგონა, მშობლების მსგავსად, ისიც პროფესორი გახდებოდა. მაგრამ 33 წლის ასაკში ის კვლევის ხელმძღვანელია მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰეჯ-ფონდში.

აგვისტოში კარენ კარნიოლ-ტამბურმა გაგვაფრთხილა, რომ აშშ-ის სააქციო ბაზარზე არსებული მაღალი ფასები გადაჭარბებული ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა და ამ ბაზარს მოწყვლადს ხდიდა აქციათა იმგვარი სწრაფი და მოცულობითი გაყიდვებისადმი, ოქტომბერში რომ დაფიქსირდა. მართალია, კარნიოლ-ტამბური დარწმუნებული იყო, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტორებს მეტ ფინანსურ რისკებზე მოუწევდათ წასვლა ჩინური ბაზრების კონტექსტში, ოქტომბრის ბოლოსთვის, მოკლევადიან პერსპექტივაში ის არ იყო იმედიანად ჩინეთთან დაკავშირებით. “ის დროა, ფინანსურ აქტივებზე ვინერვიულოთ”, – ამბობს კარენი.

ორდინარული ინვესტორებისგან განსხვავებით, კარნიოლ-ტამბურს მეტი შეუძლია, ვიდრე პანიკაში ჩავარდნაა. მსოფლიოში უმსხვილესი, $160 მილიარდის აქტივების მქონე ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates-ის საინვესტიციო კვლევის ხელმძღვანელის რანგში, ის 150-კაციან ოპერაციას მართავს, რომელიც, პოლ უოლკერის სიტყვებით, “უფრო რელევანტურ სტატისტიკასა და ანალიზს [აკეთებს], ვიდრე ფედერალური რეზერვი”.

ვესტპორტში (კონექტიკუტი), თავის პატარა, სპარტანულ კაბინეტში მოკალათებული, კარნიოლ-ტამბური 11-17-ზე ფურცელს შლის და აფრიალებს. “ერთადერთი ქაღალდი, რაც მუდამ თან მაქვს, ჩემი მიმდინარე პროექტების ნუსხაა”, – ამბობს ის. რა გასაკვირია, რომ ფურცელზე დატანილ დაახლოებით 25 პუნქტს არ გვიმხელს, მაგრამ მათი მასშტაბის შესახებ მინიშნებას იძლევა. ერთი მათგანი იმ გლობალურ გავლენებზეა ფოკუსირებული, რასაც განვითარებადი ბაზრები განიცდიან; მეორე ინფლაციის პროგნოზირების საკითხებს მოიცავს. მაშინ, როცა ზოგი კომპონენტი ფირმის მიმდინარე საინვესტიციო პოზიციებზე ზემოქმედებას გულისხმობს, ზოგი გრძელვადიანი საინვესტიციო თემების უკეთ ათვისებას ისახავს მიზნად.

ყველა პროექტი წლის ბოლოსთვის ვერ დასრულდება. “ჩვენი მიზანია, 70%-დან 75%-მდე შევასრულოთ, ვინაიდან თუ 100%-ია შენი ამოცანა, ე.ი. საკმარისად ამბიციური არ ხარ”, – განმარტავს კარნიოლ-ტამბური. ეს კომენტარი იმ მომთხოვნ კულტურაში ჩაგვახედებს, რომელშიც კარნიოლ-ტამბური გაიფურჩქნა და სულ რაღაც 21 წლისა, 2017-ში, კვლევის დირექტორად დაწინაურდა. ამ დაწინაურებამ ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალპროფილიან ქალად (და ახალი ათასწლეულის წარმომადგენლად) აქცია Wall Street-ზე.

Bridgewater-ის საინვესტიციო პროფესიონალთა მესამედის ხელმძღვანელობის გარდა, კარნიოლ-ტამბური გახლავთ ერთ-ერთი იმ დაახლოებით ათიოდე ადამიანიდან, ვინც Bridgewater-ის საიდუმლო საინვესტიციო პროცესის თაობაზე სრულად არის ინფორმირებული. ის კვლევის შედეგებს პირდაპირ ფირმის მილიარდერ დამფუძნებელს, რეი დალიოს მოახსენებს, ისევე როგორც ორ საინვესტიციო თანადირექტორს.

“კარენი გასაოცრად ცნობისმოყვარეა და ჩვენი მისიისა და ინტელექტის ერთგული, – ამბობს დალიო. – ცოდნას მტვერსასრუტივით იწოვს”.

არადა, როგორც თავად კარნიოლ-ტამბური ჰყვება, როცა 17 წლისამ Princeton-ში დაიწყო სწავლა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ნიშნავდა აქციები. ჰოლოკოსტს გადარჩენილთა შვილიშვილი და პროფესორების შვილი (დედა ფსიქოლოგიის პროფესორია, მამა კი ავიასივრცის ინჟინერიის), ისრაელში დაიბადა და დროის უმეტესი ნაწილი ზღვისპირა ქალაქ ნეთანიაში გაატარა, ორწლიანი სტუმრობით აშშ-ში. კომპიუტერული მეცნიერება და ფიზიკა უდავოდ მისი ძლიერი მხარე იყო, თუმცა Princeton-ის Woodrow Wilson-ის სკოლაში საერთაშორისო და საზოგადოებრივი საქმეების შესასწავლად ჩააბარა, რაც ზაფხულის ბანაკ Seeds of Peace-ს უკავშირდება, სადაც, 14 წლის ასაკში, პალესტინელი ახალგაზრდები გაიცნო (დღეს ის Seeds-ის საბჭოშია და Atlantic Council-ში Millennium Fellow-დ მსახურობს). და ფინანსური კარიერა? არავითარ შემთხვევაში. “ბიზნესის გამყიდველი ხალხის შესახებ სტერეოტიპი მქონდა, – ამბობს ის. – მეგონა, ჩემი მშობლებივით, პროფესორი გავხდებოდი”.

მაგრამ Princeton-ში კარნიოლ-ტამბურს ფულის სამყაროს უფრო დამაინტრიგებელი მხარე გააცნეს. ეს მისი თეზისის უფროსმა მრჩეველმა, დენიელ კანემანმა გააკეთა – ისრაელელ-ამერიკელმა ფსიქოლოგმა, რომელსაც ქცევით ეკონომიკაში დაწერილი ინოვაციური ნაშრომისთვის ნობელის პრემია მიეღო. 2006-ში, სწავლის დამთავრების შემდეგ, კარნიოლ-ტამბურმა Bridgewater-ში დაიწყო მუშაობა, სადაც მისი რამდენიმე მეგობარი უკვე მუშაობდა, თუმცა ფიქრობდა, რომ იქ მხოლოდ ორ წელს გაატარებდა და მერე მაგისტრატურაში ჩააბარებდა.

კარნიოლ-ტამბურის პირველი დავალება ობლიგაციათა კვლევა გახლდათ Bridgewater-ის სტაჟიან საინვესტიციო თანადირექტორთან, რობერტ პრინსთან ერთად. ამ უკანასკნელის თქმით, ის მალევე მოიხიბლა კარნიოლ-ტამბურის უნარით, “წერტილები ერთმანეთთან შეეკავშირებინა” ისეთი თემების კონტექსტში, რაზეც ბევრი არაფერი იცოდა. მალევე, თავად კარნიოლ-ტამბურიც მოიხიბლა Bridgewater-ის მძლავრი ინტელექტითა და ბაზრების მყისიერებით. “ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ინტელექტუალურად ცნობისმოყვარე ადამიანებმა, რომელთაც, პირდაპირი მნიშვნელობით, სურდათ, გაეგოთ, როგორ მუშაობს ესა თუ ის საკითხი, – ამბობს ის. – გავლენის შეგრძნება საოცრად მასიური იყო და ძალიან მომწონდა ის ფაქტი, რომ თუ რაიმე კარგი იდეა მოგივიდოდა, მისი შემოწმებაც შეგეძლო – მტკიცებულებათა დემონსტრირება ბაზრის გამოყენებით შეგეძლო”.

2008-ში დალიომ პირადად შეარჩია იმხანად 23 წლის კარნიოლ-ტამბური და მისი კიდევ ერთ კოლეგა, რათა ერთობლივად ემუშავათ მის იდეებზე ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით. დაახლოებით იმავე დროს, მას “იდეათა გენერატორის” სახელიც მიენიჭა და უფლება, საკუთარი კვლევისთვის თავადვე ეხელმძღვანელა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა Bridgewater-მა ამხელა პასუხისმგებლობა ასეთ ახალგაზრდას ჩააბარა. მისმა კვლევებმა რისკის პრემიუმებსა და ფასდაკლებათა ტარიფებზე Bridgewater-ი 2015 წელს თავის Optimal Portfolio-მდე მიიყვანა – ჰეჯ-ფონდამდე, რომელიც $23 მილიარდს განკარგავს.

პრინსს კარნიოლ-ტამბურისთვის ნათქვამი აქვს, რომ, მისი აზრით, ეს უკანასკნელი მას, ერთ დღესაც, ჩაანაცვლებს. “ის ახლა იწყებს, – ამბობს პრინსი. – ძალიან ჭკვიანია, კარგი ღირებულებები აქვს და მომხიბლავი პიროვნული თვისებები. ამ სამის ერთობლიობა კი უნიკალურ პიროვნებას ქმნის”. დალიოც აქებს კარნიოლ-ტამბურის უნარს, “სხვებთან კარგად ითანამშრომლოს”, რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია, თუ Bridgewater-ის დაუფარავად აგრესიულ კორპორაციულ კულტურას მივიღებთ მხედველობაში. დალიომ ფირმა საკუთარი “პრინციპების” ირგვლივ ააშენა, რომლებიც რადიკალურ გამჭვირვალობასა და უთანხმოებების გამომზეურებას წაახალისებს, როგორც კარგი გადაწყვეტილების მიღების ერთგვარ საუკეთესო საშუალებას. ეს მიდგომა კი, სუპერჭკვიანი, ამბიციური და მაღალანზღაურებადი თანამშრომლების მიმართ გამოყენებული, კონფრონტაციულ სამუშაო გარემოს ქმნის.

“ბრუტალურად გულწრფელ კულტურაში კარენი კეთილშობილებით გამოირჩევა, – განმარტავს Bridgewater-ის ყოფილი თანამშრომელი. – იმას კი არ ვამ ბობ, რომ თავად არ არის ბრუტალურად გულწრფელი, არამედ მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ სუფთა მოტივები აქვს და სხვებისა და ფირმის მიმართ გულგრილი არ არის”.

კარნიოლ-ტამბური, თავის მხრივ, Bridgewater-ს იდეების, და არა ეგოების, შეჯახების ადგილად ხედავს. “მქონია ისეთი მომენტი, რომ, აი, ღამის 10 საათზე რეის უნდა დავურეკო და ვუთხრა, რომ მისი იდეა ჩემთვის გაუგებარია, – ამბობს ის. – აზროვნების მრავალფეროვნება დასაფასებელია”.

Bridgewater-ი, მსოფლიო მასშტაბით, 150 ბაზარზე ვაჭრობს, თანაც, ნაირგვარი აქტივებით, მათ შორის, აქციებით. მაგრამ ყველაზე კარგად ძალიან ლიკვიდურ ბაზრებში სახელმწიფო ობლიგაციებით ვაჭრობითა და ვალის გაზრდით არის ცნობილი, ისევე როგორც ამ ობლიგაციების შესატყვისი ვალუტებითა და ფართო მოხმარების საქონლით ვაჭრობით. ის წმინდა წყლის რაოდენობრივი სავაჭრო ფირმა არ გახლავთ; სანაცვლოდ, ის ეკონომიკურ თუ სხვა სიგნალებს ეძებს, მათ ფუნდამენტურ საფუძვლებს აანალიზებს და მერე ამ კვლევას სავაჭრო ალგორითმებად აქცევს.

ამ მიდგომამ, ბოლო დროს, შერეული შედეგები გამოიღო. Bridgewater-ის მთავარი ჰეჯ-ფონდი, Pure Alpha, საგრძნობლად შენელებული იყო აშშ-ის საფონდო ბაზარზე 2017-ში, მიუხედავად იმისა, რომ ჩაშვების დღიდან – 1991-დან – ბაზრის დამჯაბნავი 11.7%-იანი უკუგება აქვს ნაწარმოები. ოქტომბრის ბოლოსაკენ Pure Alpha-ს უკუგებამ 6% შეადგინა და Standard & Poor’s 500-ს აჯობა.

Bridgewater-ის სხვა თანამშრომლების მსგავსად, კარნიოლ-ტამბურიც სამგანზომილებიანი ლაპარაკისკენ (და აზროვნებისკენ) არის მიდრეკილი. ის კუბს ხატავს დაფაზე, რომელიც ერთადერთი ნივთია, მდინარე სოგატაკს გადამყურე მისი კაბინეტის კედელზე რომ კიდია. ეს კუბი, მისი თქმით, მთელ იმ ცოდნას წარმოადგენს, Bridgewater-მა რომ დააგროვა თავისი 43-წლიანი ისტორიის მანძილზე – ცოდნა, რომელიც ფირმის სერვერებზე არსებობს. კუბში მოქცეული კოორდინატები, კარნიოლ-ტამბურის თანახმად, ის სივრცეებია, სადაც სხვადასხვა საინვესტიციო იდეა, მათ შორის, აქტივები, ქვეყნები თუ სულაც კონცეფციები შეიძლება, განლაგდეს. მისი სამუშაო კუბის მეტი მონაცემითა და ცოდნით გამდიდრებაში მდგომარეობს.

ყოველ ექვს თვეში ერთხელ Bridgewater-ის საინვესტიციო პროფესიონალები ბრეინსტორმინგის სესიებს მართავენ, რათა მომდევნო კვლევითი თემების იდენტიფიცირება და პრიორიტიზება მოახდინონ. ეს დემოკრატიული პროცესია... გარკვეულწილად. ისინი ამ თემებს კენჭს უყრიან, თუმცა ყველაზე მეტი წონა მაინც ყველაზე “უხუცესთა” ხმებს ენიჭება. კარნიოლ-ტამბური თავის სიას ჩაივლის და ყოველ პროექტს სათანადო ხალხით აკომპლექტებს, ვიდრე ყველა ანალიტიკოსს არ დაასაქმებს.

ყურადღების დიდი ნაწილი დღეს ჩინეთს ეთმობა. კარნიოლ-ტამბურის აზრით, აზიამ, ზოგადად, და ჩინეთმა, კონკრეტულად, მომავალში უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საინვესტიციო პორტფოლიოებში. ჩინეთი თავის ქვეყნის ფარგლებში არსებულ სააქციო და ობლიგაციათა ბაზრების კარს თანდათან უხსნის უცხოელ ინვესტორებს, ხოლო მისი ეკონომიკის ზომისა და მნიშვნელობის მიუხედავად, კარნიოლ-ტამბურის თქმით, გლობალურ ინვესტორთა უმრავლესობა მაინც არ ანიჭებს ამ ქვეყანას სათანადო წონას. აღნიშნავს, რომ ჩინეთის მიმზიდველობას დღეს ისიც ემატება, რომ ის ერთადერთი მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამარტივებს. მაგრამ წელს ჩინეთის სააქციო ბაზარი დარტყმის ქვეშ მოექცა. ამასთან, ჩინური ეკონომიკის შენელებული ზრდა და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიები ინვესტირებას ართულებს. ამდენად, მოკლევადიან პერსპექტივაში, კარნიოლ-ტამბური ჩინურ აქციებს ოპტიმისტურად არ უყურებს.

ჩინეთის გარდა, Bridgewater-ის კვლევით, ფოკუსში საერთაშორისო ბაზრებია მოქცეული. კარნიოლ-ტამბურის აზრით, თავდაუზოგავი გლობალური სავაჭრო ომის პერსპექტივები შემცირდა, რაც კანადასა და მექსიკასთან აშშ-ის სავაჭრო გარიგებების დამსახურებაა. ის ხაზს უსვამს, რომ შედარებით პატარა ქვეყნების ობლიგაციათა ბაზრები დღეს უფრო ლიკვიდურია, ვიდრე სულ რაღაც ხუთი წლის წინ იყო, რაც, მაგალითად, ბრაზილიურ ობლიგაციათა ბაზარს უფრო მიმზიდველს ხდის ვაჭრობისთვის. ერთ-ერთი კვლევითი პროექტი განვითარებული ბაზრების დიდ მოთამაშეებზეა კონცენტრირებული, რომლებმაც სულ ახლახან მოაგროვეს განვითარებადი ბაზრების მსხვილი ჰოლდინგები, და აანალიზებს იმ მიზეზებს, რამაც შეიძლება, მათი ყიდვა ან გაყიდვა გამოიწვიოს.

უცხოური ბაზრების შეფასების დროსაც კი, კარნიოლ-ტამბურს ცალი თვალი მაინც აშშ-ზე უჭირავს. “ეს ქვეყანა, – შენიშნავს ის, – ეპიცენტრია ცენტრალური ბანკების დიდი ნაბიჯისა, აღმოფხვრან ის ლიკვიდურობა, რითაც ათი წელია, თავიანთი ეკონომიკები აქვთ გაჟღენთილი”. ეს ფულადი შეზღუდვები რეზონანსს პოულობს გლობალურ აქტივებში და მსგავსი შეზღუდვებისადმი ყველაზე მგრძნობიარე რეგიონებს უტყამს, მათ შორის, აშშ-ს მიღმა არსებულ ქვეყნებს, მაგალითად, თურქეთს, სადაც ბანკები აშშ დოლარების იმედად არიან.

აშშ-ის პერსპექტივებზე რას იტყვის? კარნიოლ-ტამბური ვარაუდობს, რომ ტრამპის საგადასახადო შემცირებით გამოწვეული ფისკალური სტიმული გაუფერულდება მონეტარული პოლიტიკის შეზღუდვათა გაგრძელების კვალდაკვალ. აგვისტოში მან Bridgewater-ის კლიენტები გააფრთხილა, რომ აშშ-ის აქტივები (მეტადრე – აქციები), რომლებიც ფინანსური კრიზისის შემდეგ უფრო მალე წამოდგნენ ფეხზე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, გადაჭარბებული ფასებისა და ოპტიმიზმისთვის – შესაბამისად, მოწყვლადობისთვის – იყო განწირული. ეს მოწყვლადობა, მის თანახმად, ცოტათი, ოქტომბრის სწრაფი და მოცულობითი გაყიდვების დროს გამომჟღავნდა.

“თუ ეს ტრენდი გაგრძელდა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ აშშ შეძლებს, უფრო ეფექტიანი იყოს მომდევნო მრავალი წლის, ათწლეულების განმავლობაში, – ამბობს კარნიოლ-ტამბური. – ევროპული საპროცენტო განაკვეთები, წესით, ვერ დაარტყამს აშშ-სას მომდევნო 10-15 წლის მანძილზე. აშშ-ის აქციები, წესით, შეინარჩუნებს უფრო მაღალ მოგებიანობას 10-15 წელიწადის განმავლობაში. თუმცა ვუყურებ ამ ყველაფერს და ვამბობ, რომ საკმაოდ მოწყვლადია”. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ასეთ ჭარბ ეფექტიანობას უწინასწარმეტყველებენ, პატარა შენელებას – ვთქვათ, გადასახადის შემცირების ეფექტთა გაუფერულებას – შეიძლება, დიდი გავლენა აღმოაჩნდეს. “ამგვარი კორექციის მიმართ მოწყვლადი ხარ, – ამბობს კარნიოლ-ტამბური. – ფინანსური ბაზრები, ზოგადად, რისკს სწორედ ამ ცვლილების გამო შეიცავს – ცვლილებებისა, რომლებიც გაიოლებული გარემოდან ფულად შეზღუდვებზე გადასვლას უკავშირდება”.

ჩვენ გირჩევთ

Spark - ბიზნესის აქსელერატორი

საქართველოში საწვავის უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი გახდა

Spark - ბიზნესის აქსელერატორი

Spark - ბიზნესის აქსელერატორი

წინა სტატია

Как меняется и сколько составляет средняя заработная плата в странах мира и Грузии
14 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

სიღარიბე VS ჭარბვალიანობა
15 იანვარი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა