ან აკლია, ან არა

და მაინც, რა მოხდა და რატომ გახდა აქტუალური 2008 წლის ტრანზაქცია, რომელმაც ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო?

თუმცა, არის თუ არა ტოლობის ნიშანი TBC BANK-სა და მამუკა ხაზარაძეს შორის? დიახ, ცალსახად არის. აღქმით, ასოცირებით, გამორჩევით ეს სინონიმებია. მაგრამ მამუკა ხაზარაძის FORBES-სთვის მიცემული ბოლო ინტერვიუც გამახსენდა, სადაც ელენე კვანჭილაშვილთან საუბარისას ის დაჟინებით აქცენტირებს ეპილოგში: “მე არ ვარ ბანკირი, მე ანტრეპრენიორი ვარ”.

ყდაც ასეთი გამოვიდა.

“ანტრეპრენიორი”.

ამავე ინტერვიუში ხაზარაძე წერს თავისუფლებაზეც, რომ წარმოუდგენელია ბიზნესმენი თავისუფლების გარეშე. დღეს მამუკა ხაზარაძეს სჭირდება თავისუფლება, ეს თავისუფლება მას შეზღუდული აქვს მისივე შექმნილი ბანკიდან გამომდინარე. ასევე, აქ პირდაპირი კორელაციაა, რომ ხაზარაძის ფაქტორი მნიშვნელოვანია ბანკის განვითარებისთვის საქართველოს და საერთაშორისო კლიენტების თვალში, თუმცა ხაზარაძესა და მის გუნდს 25 წლის განმავლობაში ეს ბანკი იმისთვის არ შეუქმნიათ ნულიდან, რომ ის გახდეს საჯილდაო ქვა.

მე პირადად ამ ეტაპზე გამოვრიცხავ მამუკა ხაზარაძის რაიმე სახის პოლიტიკურ აქტივობას – ზედმეტად ბევრი ვალდებულება და ბიზნესპროცესია ამოქოქილი, რომ ხაზარაძემ ეს ყველაფერი მოახერხოს. თან, პოლიტიკა და ბიზნესი ჯამში, მმართველობის თვალსაზრისით მძიმედ სრულდება. დასრულების სიმძიმის ფორმებიც და ვადებიც, ცხადია, პირობითია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ ამ უმძიმეს 2008 წელს, როცა პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების შეცდომების კასკადი იყო, გამორჩეულად მუშაობდა ლადო გურგენიძის მთავრობა და ეროვნული ბანკი გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით, და ვისაც არ უნდა მოჰკითხოთ იმ პერიოდის ბანკირებიდან, ყველა დაგიდასტურებთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა, რომელიც ფაქტობრივად ჩამოშლის პირას იყო, სრულად გადარჩა მხოლოდ გამორჩეული და 24-საათიანი უმაღლესი ხარისხის კოორდინაციის ხარჯზე სახელმწიფო, მარეგულირებელ და ბიზნეს სუბიექტებს შორის და, ცხადია, სრულიად ფასდაუდებელია ის ფინანსური დახმარება, რომელიც საქართველომ 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ მიიღო. ეს იყო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, გადარჩენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი უახლესი ისტორიიდან.

და მაინც, რასთან გვაქვს საქმე? 2008 წლის პერიოდი, რომელიც დასახელებული გამოძიების მიერ იწვევს ერთადერთ ასოციაციას, და ეს არის რუსეთ- საქართველოს ომი და მისი როგორც წინარე, ასევე თანამდევი მოვლენები, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობამ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ყოფნა- არყოფნის ზღვარზე გაიარა. რატომ არ ასახელებენ ხაზარაძე და მისი გუნდი ამ პერიოდს, როდესაც მრავალი, მათ შორის კანონგარეშე გადაწყვეტილებების მიღება უწევდათ სახელმწიფო და ბიზნესსტრუქტურებს? და საერთოდ, რამდენად სწორია დუმილი იმ ფონზე, როცა ეს საკითხი და მისი განხილვა დიდი ალბათობით მალე არ დასრულდება, რაც ცალსახად TBC ჯგუფისთვის უფრო დამაზარალებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვისთვის.

დაზარალდა თუ არა ვინმე ამ ტრანზაქციით? დიდი ალბათობით, ტრანზაქციით “დაზარალებული” არ ჩანს.

ამ ისტორიაში, სამწუხაროდ, არ არის მორალი. და ეს ისტორია ვერ გამოდგება ჭკუის სასწავლებლად ვერავისთვის, რადგან აქ გასაკვირი იყო ერთადერთი, რომ ახალი 2019 წლის გარიჟრაჟზე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო მოქმედება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესის მიმართულებითაც. ორივეგან საკმაოდ მძიმეწონოსნები იქნა შერჩეული. ცხადია, ტოლობის ნიშანი მათ შორის გამორიცხულია, ანუ ეკა ბესელია ქართულ პოლიტიკაში ცალსახად არ არის მამუკა ხაზარაძე ქართულ ბიზნესში, სადაც ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი საქართველოს ბიზნესის ერთ- ერთი გამორჩეული სახეა, რაც თითქმის ყველა ფორმაციისა და პოლიტიკური რეჟიმების მიერ იქნა დადასტურებული, იქნებოდა ეს პრეზიდენტი შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქუთაისში მამუკა ხაზარაძე დაჯილდოებულიც კი ჰყავს ორდენით (რა ჯილდო იყო, არ მახსოვს. ეს მე კი არა, მგონი ჯილდოს მიმღებს და გადამცემსაც “უჭირთ” გასახსენებლად) და ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უპირობო მხარდაჭერა გამოეცხადა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება ინდულგენცია რომ არ გახლდათ, ეს თავიდანვე ნათელი იყო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვინც  ხაზარაძეს იცნობს, დაადასტურებს, რომ ის დღესაც იმავე სიტყვებს გაიმეორებდა, მისთვის ამ საკმაოდ მძიმე და რთულ პერიოდში.

მოსაზრებები და ვერსიები კი იცოცხლეთ, იმდენი მოვისმინე ამ თემაზე, დაწყებული იმით, რომ ეს კონფლიქტი დადგმულია და ემსახურება ხაზარაძის ლიდერობით ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას, რაც იდეაში დეფიციტშია ქართულ პოლიტიკურ ველზე. ასევე, ივანიშვილი ცდილობს, ინიცირება გაუკეთოს პროცესებს, რომლებიც ქართულ პოლიტიკასა და ბიზნესში ახალი ლიდერების მოსვლას შეუწყობს ხელს – მე ასეთი მოსაზრებაც მოვისმინე. იცით, ორთავე ვერსიას ეყოლება მიმდევრები, და არცთუ ცოტა და იმის ფონზე, რომ ე.წ. “შუაშისტების” რიცხვი საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

არის თუ არა თემა ანაკლიის პორტი, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდი ისეთი ენთუზიაზმით შეენთნენ და მოჰკიდეს ხელი, როგორც ეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მიწების აუქციონისას მოხდა, სადაც მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ორკესტრირებული ებრაელი მილიონერი ოფერ ნიმროდი და თავად ხაზარაძე იყვნენ კონკურენტები. ვისაც არ გახსოვთ, გეტყვით, რომ ისრაელელ ბიზნესმენს ისე ჰქონდა ლისის ტბის მიწების ინტერესი, როგორც ბაბუაჩემს, რომელიც მშვიდად განისვენებს ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოზე. თუმცა, ჟორა ისაკაძისგან განსხვავებით, ვერავინ შეიტანდა ეჭვს, რომ ოფერ ნიმროდის არ ჰქონდა ფული და, რაც მთავარია, კავშირები სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომელთან ვასვასით ლისის ტბის მიწების ფასი იმ დონემდე გაიზარდა, რომ კვადრატულით ნიუ- იორკის მეხუთე ავენიუს ფასებს მიუახლოვდა. ხაზარაძემ არნახული ფასით აჯობა ოფერ ნიმროდის ოფერს, აუქციონის ბოლოს ქართული დროშაც ააფრიალა, თუმცა …. თუმცა ეს “10 წლიანი დაძველების” ტრანზაქცია ხომ არ არის კავშირში იმ პერიოდთან, როცა TBC ჯგუფს მოუწია კორექტირებული, მაგრამ მაინც ძალზე დიდი თანხის გადახდა ამ აუქციონის შედეგად მიღებულ მიწის ნაკვეთში? იქნებ, აქ არის ფაუნის თავი დამარხული?.. შეიძლება, ალბათ, მაგრამ ეს სხვა სერიაში. და ეს სერია აუცილებლად იქნება.

დაბოლოს – რა გამოსავალი აქვს მამუკა ხაზარაძეს? დიახ, ხაზარაძეს, და არა TBC ბანკს ან მათი ჯგუფის სხვა პროექტებს? პრეტენზია უკვე სრულად პერსონიფიცირებულია და მათ შორის, საქართველოს მთავრობის წევრების მიერაც.

ამისთვის კიდევ ერთი ისტორია უნდა გაგიზიაროთ უახლესი წარსულიდან: კომპანია MAGTI-ს მთავარი აქციონერი გიორგი ჯოხთაბერიძე სრულიად მიუღებელი ფორმებით და უფრო უსუსური ბრალდებებით იყო დატუსაღებული. საქმიანებს ბევრს გემახსოვრებათ, რომ მეუღლის ციხიდან დასახსნელად, ოჯახის წევრებისა და მანანა შევარდნაძის მხრიდან მოხდა აქციების გადაფორმება სხვა აქციონერზე, რითაც შევარდნაძეების ოჯახმა ბიუჯეტის სპეცფონდში მოთხოვნილი თანხა შეიტანა. ცხადია, ჯოხთაბერიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა, თუმცა სულ თვალწინ მიდგას კადრები ციხიდან გამოსული, არა, გამოსული არ არის სწორი შესატყვისი, ციხიდან გამოგდებული ჯოხთაბერიძისა, რომელსაც ციხის კარს ცხვირწინ უხურავენ და გია გამეტებითაბრახუნებს რკინის ალაყაფის შემზარავ კარზე: გამაგებინეთ, ან რისთვის მიჭერთ, ან რატომ მათავისუფლებთო... გავა რამდენიმე თვე და გიორგი ჯოხთაბერიძე იბრუნებს “მაგთის” საკონტროლო პაკეტს და დღეს ეს კომპანია ბაზრის ლიდერია და 1 მლრდ დოლარზე მეტი ღირს.

რატომ მოვყევი ეს ისტორია? ხაზარაძეს და მის პარტნიორებს, ცხადია, არავინ დაიჭერს. ამის მიზეზი ბევრია, როგორც თავად პრეტენზია პროკურატურისგან, სადაც არ ჩანს არც დაზარალებული და არც სისხლის სამართლის დევნის ობიექტი, ასევე ბევრი სხვა, შიდა თუ გარე ფაქტორი. “ფულის გათეთრების” საქმე და მისი ინკრიმინირება თუ გაგრძელდა (და სავარაუდოდ, ეს მავნებლობა საჯარო იქნება) მამუკა ხაზარაძე ბანკიდან უნდა წავიდეს, ეს სჭირდება მის თავისუფლებას და მოქმედებას, რათა დროულად დაამტკიცოს თავისი სიმართლე და შემდეგ დაუბრუნდეს მის შვილობილ TBC BANK-ში ძველ სტატუს კვოს, როგორც აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ეს სჭირდება მის თავისუფლებას. და ამის მაგალითი ზემოთ არის მოყვანილი.

ეს იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკა.

ეს იქნება ყველაზე დიდი თავისუფლება.

ის უნდა წავიდეს, რომ დაბრუნდეს.

ჩვენ გირჩევთ

რომელ ადგილზეა საქართველო კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში?

ქვეყნები ყველაზე მეტი უმუშევარი ახალგაზრდით

რომელ ადგილზეა საქართველო კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში?

რომელ ადგილზეა საქართველო კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში?

წინა სტატია

Forbes Georgia. 2019 წლის თებერვლის ნომერი
01 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების ხარჯი იზრდება
01 თებერვალი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა