100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს

2018 წელს საქართველოში ოფიციალური ხელფასების სახით 13,4 მილიარდი ლარი გაიცა, რაც 1,13 მილიონ ადამიანზე განაწილდა. ეს თანხა დოლარებში $4,9 მილიარდს შეადგენს და დაახლოებით იმდენივეა, რასაც Facebook-ი საკუთარი თანამშრომლების ანაზღაურებაზე ხარჯავს.

თუ თქვენი წლიური ხელფასი 100,000 ლარს აჭარბებს, ესე იგი თქვენ ქვეყნის ყველაზე შემოსავლიანთა ტოპ 1%-ის წევრი ხართ. საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამაზე უფრო დიდი წლიური ხელფასი 2018 წელს სულ 7,821 ადამიანმა აიღო, მათი ხელფასის საშუალო მოცულობა კი 285,000 ლარს, ანუ თვეში 23,750 ლარს შეადგენდა.

ეს თანხა დოლარებში $99,000-ს, თვეში კი $8,250 დოლარს უდრის.

შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანი, რომელიც შემოსავლებით საქართველოს ტოპ 1%-ს მიეკუთვნება, ანალოგიური ხელფასის პირობებში არა ტოპ 1%-ის, არამედ ტოპ 20%-ის წევრი იქნებოდა. ყველაზე შემოსავლიანი 1%-ის მისაღწევად კი ამერიკაში წლიურად მინიმუმ $450,000-ის ხელფასია აუცილებელი (თვეში $37,500).

საქართველოში კი ტოპ 5%-ში შესასვლელად წლიურად 40,000 ლარზე მაღალი ხელფასის ქონაა საჭირო.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შემოსავალი არა ოფიციალური საშუალო ხელფასის გარშემო არის კონცენტრირებული, არამედ ძირითადად თავმოყრილია გრაფიკის მარცხენა კიდეში, სადაც უკიდურესად დაბალი შემოსავლებია.

ეს სტატისტიკა კიდევ ერთ რამეზე მეტყველებს - ეს ქვეყანაში რეალური საშუალო ფენის არარსებობაა. „საშუალო ფენა”, მისი შედარებით ფართო განმარტების მიხედვით, არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მოქცეულია ყველაზე ღარიბ 20%-სა და ყველაზე მდიდარ 20%-ს შორის. ეს პირობითად უნდა იყოს მოსახლეობის დაახლოებით 40%, რომლის შემოსავალიც არის საშუალო. თავად ამ ფენის დახასიათებიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ჯგუფი, რომელიც არ არის მოწყვლადი, არ უნდა სჭირდებოდეს სახელმწიფო სოციალური შემწეობა, უნდა ჰქონდეს გარკვეული დანაზოგი, ხოლო მისი ხარჯები არ უნდა იყოს მუდმივად სეკვესტრირებული.

საქართველოს შემთხვევაში კი ასეთი ერთიანი და ჰომოგენური ჯგუფი არ არსებობს. ის ნაწილი, საშუალო ფენას რომ უნდა წარმოადგენდეს, უმეტესად თავმოყრილია ისეთი შემოსავლების ჯგუფებში, რომლებიც ახლოს არიან უღარიბეს 20%-თან.

ამის დანახვა ოფიციალური „საშუალო ხელფასითაც” არის შესაძლებელი. საქსტატის ცნობით, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1124 ლარია. ეს რიცხვი მოსახლეობის რეალური შემოსავლებისგან აცდენილია, რადგანაც ის მხოლოდ ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს.

საშუალო არითმეტიკულის მეთოდით დათვლილი საშუალო ხელფასი იმ შემთხვევაში იქნებოდა არსებული სურათის ამსახველი, თუ მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს მართლაც ექნებოდა დაახლოებით 1124 ლარის ხელფასი.

თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მოსახლეობის თითქმის ⅔-ის შემოსავალი საშუალო ხელფასზე ნაკლებია. მონაცემთა ბაზებში, სადაც საშუალო არითმეტიკული საკმაოდ აცდენილია რიცხვების იმ პოპულაციისგან, რომლითაც ეს ბაზა ძირითადად არის დაკომპლექტებული, „საშუალო” მაჩვენებელს, საშუალო არითმეტიკულთან შედარებით ამ ბაზის მათემატიკური მედიანა აჩვენებს. საქართველოში გაცემული ხელფასების მედიანა 2018 წლის მდგომარეობით, დაახლოებით 600 ლარია.

რაც შეეხება საშუალო ფენას და იმ შინაარსს, რასაც ეს ტერმინი დასავლურ ქვეყნებში ატარებს, ამ ტერმინის მსყიდველობითი გაგებით, ის საქართველოში არა საშუალოს, არამედ შემოსავლების ზედა ჯგუფებს უფრო მიესადაგება.

შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მონაცემები კიდევ ერთი რამის შესახებ მეტყველებს - ეს არაფორმალური დასაქმებაა.

სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.69 მილიონი ადამიანი. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით კი გასულ წელს ხელფასი 1.13 მილიონ ადამიანს ჰქონდა. შესაბამისად, ნახევარი მილიონი ადამიანი, ოფიციალურად დასაქმებულად რომ ითვლება, რეალურად ცხოვრობს ისე, რომ წლის განმავლობაში ოფიციალურად არც ერთი თეთრის შემოსავალი არა აქვს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ქვეყანაში არაფორმალური სექტორის მასშტაბები კვლავ დიდია.

ეკონომიკაში თვითდასაქმების ასეთი მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკის ერთ- ერთი მთავარი სისტემური გამოწვევაა.

თვითდასაქმებულებს შორის დაახლოებით 80% სოფლად მცხოვრები შრომისუნარიანი მოსახლეობაა, მათ სტატისტიკა დასაქმებულებად მხოლოდ იმიტომ აღრიცხავს, რომ ისინი საკუთარ ნაკვეთებში მოსავლის მიღების მიზნით მუშაობენ. მათ შესაძლოა ნატურის (მოყვანილი პროდუქციის) გარდა არანაირი ფინანსური შემოსავალი არ ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მაინც დასაქმებულებად ითვლებიან.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში არაფორმალური სექტორის შემცირება დაბალი ტემპით ხდება. 2009-2012 წლებში მათი რაოდენობა, ვისაც შემოსავალი 760 ათასიდან აქვს, 1.1 მილიონამდე გაიზარდა, 2012-2018 წლებში კი რეგისტრირებული შემოსავლების მქონე პირთა რაოდენობა მცირდებოდა. მაგალითად, 2015 წელს ოფიციალური ხელფასის საფუძველზე დასაქმებულთა რაოდენობა 20 ათასით დაეცა, 2018 წელს კი შემცირებამ 55 ათასი შეადგინა.

როგორ შეიცვალა მოსახლეობის შემოსავლები 2009-2018 წლებში

2009 წლიდან დღემდე მოსახლეობის შემოსავლების გადანაწილებაში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გაზრდილია მათი რაოდენობა, ვინც დეკლარირებულ შემოსავალს იღებს. ამავდროულად ჩანს, რომ ყველაზე დაბალი შემოსავლების ჯგუფიდან მოსახლეობის გადანაცვლება მოხდა შედარებით მაღალ (600-800 ლარის) საშემოსავლო ჯგუფებში. ასეთივე წანაცვლება შეიმჩნევა უფრო მაღალ საშემოსავლო ჯგუფებშიც. ამ ზრდის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ფაქტი, რომ ლეგალურ სამუშაო ბაზარს ახალი მონაწილეები საკმაოდ დაბალი ტემპით უერთდებიან.

ჩვენ გირჩევთ

აწარმოე ჰოლივუდი საქართველოში

აწარმოე ჰოლივუდი საქართველოში

აწარმოე ჰოლივუდი საქართველოში

აწარმოე ჰოლივუდი საქართველოში

წინა სტატია

აწარმოე ჰოლივუდი საქართველოში
21 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც გაუფასურდა
22 აგვისტო, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა