შესასრულებელი მისია

საუბარი ბიზნესზე “საქართველოს ბანკის” გენერალურ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან.


არჩილ გაჩეჩილაძე “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2019 წლის იანვარში დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობამდე მას არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში. მათ შორის, იყო კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორი და ამავდროულად 2017-2018 წლებში იგი “GWP-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. არჩილ გაჩეჩილაძეს “საქართველოს ბანკთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. 2016-2017 წლებში იგი “საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გახლდათ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით; 2015-2016 წლებში არჩილი “BGEO ჯგუფის” ფინანსური დირექტორი იყო; 2009-2015 წლებში კი “საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა საინვესტიციო მენეჯმენტისა და კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით. უფრო ადრე, 2000-2008 წლებში, არჩილი დასაქმებული გახლდათ სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners-ი, EBRD-ი, KPMG Barents-ი და World Bank-ი. არჩილ გაჩეჩილაძე კორნელის უნივერსიტეტის (Ithaca, NY), Johnson Graduate School of Management-ის კურსდამთავრებულია MBA ხარისხით. ის ასევე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.

“საქართველოს ბანკში” ინტერვიუზე მისულს, მარწმუნებს, რომ არა აქვს ამბიცია, ქვეყნისთვის სისტემურ ბანკს საკუთარი ხელწერა დაატყოს, გამუდმებით ხაზს უსვამს გუნდური მუშაობის პრინციპს და სისტემის კიდევ უფრო გამართვის აუცილებლობას. “არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, არჩილ გაჩეჩილაძე იქნება აქ თუ სხვა, ბანკი უნდა იყოს ეფექტიანი”, − ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი და აქვე დასძენს, რომ ამ მიმართულებით მისი ბანკი წინ დიდი ნაბიჯებით მიდის.

თუმცა ჩემი (სუბიექტური) შთაბეჭდილება ასეთია: მას აქვს გამოკვეთილი ხელწერა და ამ ხელწერას ძალიან თანამედროვე და ორი ყველაზე საჭირო სიტყვა ჰქვია − ინოვაცია და თანამიმდევრული ხედვა.

სექტემბრიდან არჩილ გაჩეჩილაძე და “საქართველოს ბანკი” ახალი, უფრო სწორად, განახლებული მისიის შესახებ განაცხადებს. “ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომ მათ პოტენციალს მაქსიმალურად მიღწიონ”, – ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი.

საზოგადოებრივი აზრის თითქმის ყველა კვლევაში, რაც ბოლო პერიოდში ჩატარებულა, ერთი ტენდენცია არის სრულიად ცალსახა და მას არც ეჭვქვეშ აყენებს ვინმე და არც კამათობს – ეს სიღარიბისა და უმუშევრობის გამოწვევაა. “სიღარიბე დღეს ჩვენი ყველაზე ძლიერი მტერია”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

ამას რიცხვებიც აჩვენებს: ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 20% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მაღალი შემოსავლებით არც ის ადამიანები გამოირჩევიან, რომლებიც დასაქმებული არიან და საქართველოს ბიუჯეტში გადასახადს იხდიან. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი მხოლოდ 1.13 მილიონ ადამიანს აქვს, მათი 16%-ის – ანუ 191 ათასი ადამიანის – ანაზღაურება, საშუალოდ, თვეში 100 ლარზე ნაკლებია. მოკრძალებულია მათი რაოდენობა, ვისაც 5 000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი აქვს და ისინი მოსახლეობის 0.57%-ს შეადგენენ. წელიწადში 100 000 ლარზე (თვეში 8 333 ლარი) მეტი შემოსავალი კი მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად 1.69 მილიონი ადამიანი მიიჩნევა, რეგისტრირებული, ანუ დადასტურებული შემოსავლები მხოლოდ 1.13 მილიონს აქვს.

საკმაოდ მკაცრი დასკვნა ის არის, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს. თუ საქართველოს მაჩვენებელს შევადარებთ განვითარებული ქვეყნის ანალოგიურ სტატისტიკას, დავინახავთ, რომ იქ ყველაზე დიდი საშემოსავლო ჯგუფი არა უღარიბესი, არამედ საშუალო ფენაა. შემოსავლების ასეთი განაწილება უფრო მეტად განვითარებადი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მოსახლეობას დიდად არ სჯერა, რომ საქართველოში ხალხი წარმატებას საკუთარი შრომითა და ცოდნით აღწევს – უფრო სარწმუნო ვერსიებია ნაცნობობა და იღბალი. “უიმედობა არის ჩვენი მეორე ყველაზე ვერაგი მტერი”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

ჯერ ყველა დეტალს არ გვიმხელს, თუმცა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სამი ძირითადი მიმართულება გამოკვეთილი აქვს და ზუსტად იცის, რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს იმისთვის, რომ “საქართველოს ბანკმა” საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში.

ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლებაა: “ვცდილობთ, ისეთი ტიპის პროგრამები დავაფინანსოთ, რის მასშტაბირებაც შესაძლებელი იქნება. ეს ვრცელდება არა მხოლოდ სტუდენტებზე – სკოლის მოსწავლეებზეც. ისეთი ციფრული რესურსების შექმნა გვინდა, რაც გაზრდის ამ ადამიანების თვალსაწიერს, უნარებს, ცოდნას და მისცემს მათ შესაძლებლობას, პირველ რიგში, თავად დაინახონ საკუთარი პოტენციალი”;

მეორე თემაა დასაქმება: “აქ მთავარი საფიქრალი გვაქვს, როგორ და რანაირად შევუწყოთ ხელი ადამიანებს, რომ მათ საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდეთ და ამის შემდეგ უკვე საჭირო რესურსებზე ჰქონდეთ წვდომა, რომ დამსაქმებლამდე გზა მათთვის გამარტივდეს და შემოკლდეს”

და მესამე მიმართულება - ეს ბიზნესის მხარდაჭერაა: “აქ არ იგულისხმება მხოლოდ საკრედიტო მიმართულებით დახმარება. ეს არის პროფესიონალური რჩევა, ტრენინგი თუ სხვა საჭირო მხარდაჭერა იმისთვის, რომ ბიზნესმა შემდეგი ნაბიჯი გადადგას”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

“საქართველოს ბანკის” გენერალურ დირექტორს სჯერა, რომ თუ მისი ბანკი ამ მისიას ეფექტიანად განახორცილებს, მაშინ საქართველო უფრო მალე მიაღწევს იმ პოტენციალს ან უფრო ახლოს მივა იმ პოტენციალთან, რომელსაც დღეს შეიძლება სრულად არ იყენებდეს. “სიღარიბეს უნდა ვებრძოლოთ არა მხოლოდ თანხის გაცემით, არამედ, პირველ რიგში, შესაძლებლობების გაჩენით. ინკლუზიურობა ჩემთვის მხოლოდ ამას ნიშნავს – თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. სხვა ყველაფერი – გადანაწილება, მდიდრების მეტად დაბეგვრა და ა.შ. − კონტრპროდუქტიული ნაბიჯებია”, – ასეთია “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მემარჯვენე ხედვა.

21-ე საუკუნეში თანაბარი შესაძლებლობები ინოვაციაზე წვდომის გარეშე წარმოუდგენელია და არც გადაჭარბება იქნება, თუ ვიტყვით − განსაკუთრებით, საბანკო სფეროში. საბანკო სფერო ინტერნეტამდე და ინტერნეტის შემდეგ ორი განსხვავებული სამყაროა და ბანკი, რომელიც ამ განსხვავებას თვალს არ უსწორებს და მხარს არ უბამს, კონკურენციაში განწირულია.

ამიტომაც არჩილ გაჩეჩილაძის კიდევ ერთი საკვანძო სიტყვა ჩვენი ინტერვიუს განმავლობაში მისიის შემდეგ, უდავოდ, ინოვაციაა.

ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ განვითარებულია. ამის მთავარ მიზეზად კი კონკურენციას ასახელებს. “მუდმივი კონკურენცია ბადებს ინოვაციებს, − ამის მტკიცედ სჯერა არჩილ გაჩეჩილაძეს. - “ფუნდამენტი, თუ რატომ განვითარდა საქართველოში საბანკო სექტორი ასე სწრაფად, იყო კონკურენცია და ის ინოვაციები, რომლებიც პირველმა ამ ბაზარზე “საქართველოს ბანკმა” დანერგა. ჩვენი მთავარი კონკურენტი არ იქნებოდა ის, რომ არა “საქართველოს ბანკი” და პირიქით”.

Forbes Georgia-ს რეიტინგიც აჩვენებს, რომ ბაზარზე რეალურად ორი ყველაზე მსხვილი და განვითარებული ბანკია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ნიშებში კონკურენცია არ არის - მაგალითად, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში, სადაც ერთდროულად რამდენიმე წარმატებული მოთამაშეა ან საცალო მომსახურებაში, სადაც გამოკვეთილად მესამე მსხვილი ბანკია ბევრი ფილიალით. “კონკურენცია ნამდვილად მძაფრია, თუმცა ჩვენ ვახერხებთ, რომ ინოვაციებისა და მომსახურების გაუმჯობესების ხარჯზე გავაძლიეროთ მომხმარებლის ერთგულება”, − ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

ინოვაცია, თუკი მას პირველწყაროდან მიღებულ ინფორმაციასთან დააკავშირებ, როგორც წესი, ძალიან ძლიერ იარაღად იქცევა ხოლმე. “არ არის აუცილებელი, ყოველთვის ველოსიპედი გამოვიგონოთ”, − ეს არის “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მთავარი მიდგომა, როცა საქმე განვითარებისკენ სწრაფი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

მართლაც, გლობალურადაც რომ შევხედოთ, მსხვილი განვითარებული ბანკები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. დღეს მათ წინაშე რამდენიმე საერთო ამოცანაა, რაც ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის დაჩქარებამ მოიტანა და ამ მიზნების მიღწევისთვის არა აქვს მნიშვნელობა ფიზიკურ ადგილს – საქართველო იქნება ეს, ამერიკა თუ ევროპა – განვითარებასა და თანამედროვე ტალღის დაჭერას ერთი საერთო ტრაექტორია აქვს.

ერთი მთავარი გამოწვევა, რაც გლობალურად ბანკების წინაშე დგას, ეს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სერვისის, გარემოს შექმნაა. ახალი მსოფლიოს დაკვეთა ასეთია: საბანკო სერვისები მაქსიმალურად უნდა მოერგოს მომხმარებლის დატვირთულ გრაფიკს და არა – პირიქით. სათქმელად ბევრად უფრო ადვილი ჩანს, ვიდრე ამ მიზნის საქმედ ქცევაა. ბანკმა დიდი სიზუსტით უნდა შეისწავლოს, რისი მიღწევა სურს მომხმარებელს და შემდეგ ამ პერსპექტივას მოარგოს ის სერვისები, რაც მომხმარებელს თან მიზნის მიღწევაში დაეხმარება, თანაც, მის დროს დაზოგავს. სინამდვილეში, მოსახერხებელი სერვისი მხოლოდ ფრთიანი ფრაზა კი არა, წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი მეთანხმება, რომ საბანკო სფერო საგრძნობლად იცვლება. “აქამდე თუ ადამიანი იპოვიდა ბინას, მერე ეძებდა იპოთეკის სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებს, მერე ორი-სამი კვირა ელოდებოდა პასუხს სესხის დამტკიცების შესახებ... დღეს ჩვენგან მომხმარებელი ბევრად უკეთეს სერვისს ელოდება”, “ინფორმაციის დამუშავება და ამ მონაცემების ინტეგრირება სხვადასხვა ტიპის საბროკერო კომპანიებთან გაცილებით გაამარტივებს ამ პროცესს, რადგან მომხმარებლისთვის ავტომატურად ისეთი ბინები გახდება ხელმისაწვდომი, რომელთა ყიდვაც მას შეუძლია. საქმის 80% ციფრულად უნდა გაკეთდეს, რომ მხოლოდ ხელის ჩამორთმევა იყოს დარჩენილი”.

რაც შეეხება სხვა, შედარებით უფრო მცირე გადაწყვეტილებებს, “საქართველოს ბანკის” გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის ტრანზაქცია შეიძლება 3-10 წუთში სრულად დაიფაროს. “ეს არის ის ინოვაციები, რომლებიც იგეგმება, ინერგება და ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად წინ ვართ ჩვენს კონკურენტებზე, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

მეორე გამოწვევა, რომელიც გლობალურად მსხვილი წამყვანი ბანკების წინაშე დგება, სერვისების რელევანტურობას ეხება, რაც მომხმარებელთან კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა: თანამედროვე რეალობა ბანკისგან მოითხოვს მომხმარებელთან არა უბრალოდ კომუნიკაციას, არამედ პერსონალიზებულ და მისი კონტექსტის შესაბამის, რელევანტურ კომუნიკაციას. მომხმარებლები მოელიან, რომ ბანკი მათ, როგორც ინდივიდუალურ მომხმარებელს, ისე აღიქვამს, იცის მათი კონკრეტული საჭიროებების შესახებ და შეუძლია ისიც ივარაუდოს, მომავალში რა შეიძლება დასჭირდეთ. ეს საკმაოდ რთული მიზანია, რადგან, პრაქტიკულად, საბანკო საქმის რეალურ დროში წარმოებას მოითხოვს, თან ისე, რომ ძირითად, მეტწილად ავტომატიზებულ, საბანკო სერვისებშიც შეიტანოს პერსონალიზებული, მიზანმიმართული რჩევის კომპონენტი, როცა ეს მომხმარებელს სჭირდება. “

საქართველოს ბანკს” 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად, არჩილ გაჩეჩილაძემ ამ ამოცანას ტექნოლოგიური გადაწყვეტა მოუძებნა – Medallia. ეს მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას მართავს. 15-ზე მეტი გლობალური ოფისი აქვს, მათ შორის, ლონდონში, პარიზში, სიდნეისა და ნიუ- იორკში; 500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის, PayPal-ი, IBM-ი, Airbnb-ი, Best Western-ი და ა.შ. – სექტორებიც და მომხმარებლებიც მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია.

“საქართველოდან პირველები ვიქნებით”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე, − “ამან ჯამში უნდა გამოიწვიოს მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო მეტად ზრდა”.

ამავე თემასთან მჭიდრო კავშირშია შემდეგი გამოწვევა, რაც გლობალურად მსხვილი და წარმატებული ბანკების წინაშე იჩენს თავს – ეს ეფექტიანი უკუკავშირის უზრუნველყოფაა, რაც მოკლე დროში ვერ მოხდება, თუკი თანამშრომლებს არ მიუწვდებათ ხელი უახლეს და ყველაზე რელევანტურ მონაცემებსა და ინფორმაციაზე იმისთვის, რომ სწრაფად და გასაგებად უპასუხონ მომხმარებელს.

ამ გამოწვევის ეფექტიანად დაძლევა, თანაც, მისიის განახლების პირობებში, არჩილ გაჩეჩილაძისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისიის შესრულებას ის წარმატებასთან ათანაბრებს. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, წარმატებაც დეტალურად აქვს გააზრებული: “საქართველოს ბანკი” უნდა იყოს გამართული სისტემა, სამსახურში მოსვლა უხაროდეს ყველა თანამშრომელს და თან, გრძნობდეს, რომ ამ ბანკში მუშაობით ის ქმნის უკეთეს საქართველოს; ბანკთან თანამშრომლობა უნდა უხაროდეს თითოეულ მომხმარებელს და მასზე აქ შექმნილი დადებითი აურა ვრცელდებოდეს. ამით ბიზნესიც სწორ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული და აქციონერებიც კმაყოფილები დარჩებიან

იმისთვის, რომ ამ ყველაფერს მივაღწიოთ, ჩვენს მომხმარებლებამდე სრულად უნდა მივიტანოთ ჩვენი მისია. ამისათვის კი საჭიროა, რომ ყველა თანამშრომლამდე მივიტანოთ ამ მისიის სულისკვეთება და ემოცია”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე. ამ მიზნის მისაღწევადაც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ფართოდ აპრობირებული ციფრული პლატფორმის დანერგვის გზა აირჩია. ეს Workplace-ია – როგორც არჩილ გაჩეჩილაძე უწოდებს, “ფაქტობრივად, შიდა Facebook-ი თანამშრომლებისთვის”.

ასეც არის: Workplace-ი ახალი თაობის ტექნოლოგიებსა და მარტივ ოპერაციებს იყენებს იმისთვის, რომ ნებისმიერი ზომის, ტიპის, დარგის კომპანიებში საერთოდ შეცვალოს კომუნიკაციის ხარისხი და კულტურა. ამ რამდენიმე დღის წინ არჩილ გაჩეჩილაძემ პრეზენტაცია ისე გამართა, რომ დარბაზში მსხდომი დამსწრე უფრო ნაკლები იყო, ვიდრე პირდაპირი ჩართვის მაყურებელი და კომენტარებით აქტიურ ინტერაქციაში მყოფი. “ნელ-ნელა ეჩვევა ხალხი ამ მიდგომის გამოყენებას კორპორაციულ გარემოში”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

ერთია, რომ გაუმჯობესებული კომუნიკაციისთვის ბევრი შიდა პროცესი შეიძლება გახდეს შესაცვლელი, როგორც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა; მაგრამ არა მხოლოდ სისტემამ უნდა განიცადოს ადაპტაცია – თანამშრომლებმაც. “საქართველოს ბანკის” თანამშრომელს სწრაფი ადაპტაციისა და მუდმივი თვითგანვითარების უნარი გამოარჩევს. “კადრის არჩევისას კანდიდატის ცვლილებებისადმი მზადყოფნას ვაქცევთ ყურადღებას. ეს ცოტა რთულია”, – ამბობს არჩილი და იქვე განმარტავს: “როცა ჩვენ ახალკურსდამთავრებულს სამსახურში ვიყვანთ, იმ ცოდნის, რომელიც მას იმ მომენტში აქვს, ათ წელიწადში აღარ იქნება რელევანტური. მნიშვნელოვანია ცვლილებებისადმი მზაობა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვსწავლობთ”.

რაც თავად ისწავლა, პირველ რიგში, ის არის, რომ მთავარია გუნდი. ერთი ადამიანი არ ცვლის რეალობას. ლიდერმა შეიძლება დიდი როლი ითამაშოს გუნდის ფორმირებაში, თუმცა მხოლოდ გუნდი განსაზღვრავს, რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის ორგანიზაცია და თვითონ ლიდერიც”, − ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

მეოთხე, მთავარი და მუდმივი, ამოცანა, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველა ბანკის წინაშე დგას, ეს სანდოობის გაზრდაა: საფინანსო ინდუსტრია სულ უფრო მეტად ფრაგმენტირებული ხდება. ბევრი მიმართულებით ბანკის კონკურენტად 21-ე საუკუნეში შეიძლება განვიხილოთ Facebook-ი, Apple-ი, PayPal-ი – ამდენად, ბანკებისთვის სანდოობა ის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური მახასიათებელია, რომელიც გამოარჩევს ფინანსური სექტორის სხვა მოთამაშეებისგან.

“საქართველოს ბანკზე” ამ თვალსაზრისით ძირითადი რიცხვები უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა, რომელიც შეიძლება მე ვიპოვო ამ ბანკის სანდოობის აღსაწერად. ამიტომ ისევ რიცხვებს მოვიშველიებ.

“საქართველოს ბანკს” მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.3%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 34.6%) და მომხმარებელთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.9%) მიხედვით, ბაზრის ერთი მესამედი უკავია.

ის საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო მომსახურების ფართო სპექტრს. 2012 წლის თებერვალში “საქართველოს ბანკის” ჰოლდინგური კომპანიის − Bank of Georgia Holdings plc-ს (LSE: BGEO) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმსეგმენტში განთავსდა. 2012 წლის ივნისიდან BGEO ასევე შედის FTSE 250 და FTSE All Share ინდექსებში.

თუმცა როცა კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე გადის, მაშინ არა მხოლოდ მისი სანდოობა იზომება, არამედ იმ ქვეყნისაც, რომელსაც ის წარმოადგენს. არჩილ გაჩეჩილაძე ამით განსაკუთრებით ამაყობს: “2006 წლიდან მოყოლებული, როცა ჩვენ ამ ქვეყანაში კაპიტალში პირველი 100 მილიონი დოლარი მოვიზიდეთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ საქართველოს წარვადგენთ ინვესტორების წინაშე და ვარწმუნებთ მათ, რომ საქართველოში ინვესტირება ღირს და ის ნამდვილად არის საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა... ჩვენი როლია, დადებითი იმპულსი შევქმნათ იმ მოცემულობაში, რომელიც გვაქვს. ყოველთვის მეტი გვინდა, ამიტომ ჩვენც ვმოქმედებთ და ვეხმარებით ადამიანებს და ამით მთელ საქართველოს − მიაღწიონ საკუთარ პოტენციალს”.

ბლიცი “საქართველოს ბანკის” გენერალურ დირექტორთან

ბოლო პერიოდის წარმატებული რეფორმა

ჩვენ პირდაპირ არ შეგვხებია ეს რეფორმა, მოგების გადასახადით სრულად ვიბეგრებით, თუმცა ესტონური მოდელის დანერგვამ ჩვენს მომხმარებლებს, ძირითადად, საშუალო და მსხვილი ზომის კორპორაციებს, მეტი თანხა დაუტოვა იმისთვის, რომ მათ გააფართოონ ბიზნესი, რაც ჯამურად შიდა ინვესტიციების ზრდაში ითარგმნება და დიდი იმპულსია როგორც ჩვენთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის.

ნაღდი ფულის ზრდის ტენდენციის გავლენა

რაც უფრო ნაკლები იქნება მიმოქცევაში ნაღდი ფული, მით უფრო დაჩქარდება საბანკო მომსახურების გაციფრულება, რაც დაზოგავს დროს, ფულსა და ენერგიას.

კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივა

კაპიტალის ბაზრის განვითარება ეკონომიკის ჯამური განვითარების გარეშე ძალიან რთული წარმოსადგენია. ჩვენი ეკონომიკა რეგიონს თუ შევხედავთ პატარაა. რთულია იმის წარმოდგენა, რომ საფონდო ბირჟა ბევრად უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა, თუმცა საპენსიო რეფორმა გარკვეულ დადებით იმპულსს შექმნის ამ მიმართულებით.

საბანკო სფეროს წარმატებისა და ზრდის მთავარი გასაღები

დღეს უკვე მგონია, რომ საბანკო სფერო ისეთ სიმწიფეს აღწევს, რომ მისი განვითარება, ზრდა და წარმატება პირდაპირ 100%-ით დაუკავშირდება საქართველოს ეკონომიკის ზრდას. 

ბიზნესის ზრდის მთავარი გამოწვევა

სასამართლო და ბიუროკრატია − ასე ვიტყოდი. ვისურვებდი, რომ სასამართლო სისტემა უფრო ეფექტიანი იყოს. ამ შემთხვევაში ბევრად უფრო დაჩქარდებოდა იმ პრობლემების გადალახვა, რასაც შეიძლება აწყდებოდეს ჩვენი კორპორაციული კლიენტურა და ჩვენც, ცხადია, ეს ძალიან გაგვიადვილებდა უფრო სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებას. დიდი პოტენციალი არსებობს, რომ საქართველო დიდი ნაბიჯებით განვითარდეს, ოღონდ ამას შეძლებს მხოლოდ გამართული სასამართლო სისტემისა და გამართული და ეფექტიანი ბიუროკრატიის პირობებში.

ლარიზაციის პოლიტიკა

ლარიზაციის ფუნდამენტი უნდა იყოს დანაზოგები ლარში. აქ უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური პოლიტიკა, რომლითაც იმართება ეს ქვეყანა. ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ გაუმჯობესების პოტენციალი არსებობს, რაც უფრო გაიზრდება რწმენა საქართველოს ეკონომიკაში, შესაბამისად გაიზრდება ლარიზაციაც.

საბანკო რეგულაციები

ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოღებულმა რეგულაციებმა, რომელიც მიმართული იყო დედოლარიზაციის წასახალისებლად და სამომხმარებლო სესხების სწრაფი ზრდის შესამცირებლად, გარკვეულწილად შეამცირა ბანკების აქტიურობა, თუმცა, ასევე, შეამცირა ეკონომიკის რისკები კრიზისულ პერიოდში. მთავარია, სწორი ბალანსის დაცვა ეკონომიკის ზრდასა და რისკიანობას შორის.

ბანკი: მტერი თუ მხარდამჭერი

კონსტრუქციული კრიტიკა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად საბანკო სექტორის კრიტიკა კონსტრუქციულობის ფარგლებს სცილდება. მგონია, რომ ჯამურად აგრესიის დონე ბანკების მიმართ შემცირებულია. მოლოდინი არც გვაქვს, რომ ყველას მოვეწონებით, მაგრამ ნამდვილად გვინდა, ხალხს დავანახოთ, რომ მათი დღევანდელი მოცემულობა, თუკი მათ ეს სურთ, შეცვლადია და ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ იმის განსაზღვრაში, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს. ამ გზის დანახვაში, თუ სწორი როლი ვითამაშეთ, მგონია, რომ ბანკების მიმართ დამოკიდებულებაც კიდევ უფრო უკეთესისკენ შემობრუნდება. ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ადამიანებს, მიაღწიონ საკუთარ პოტენციალს.

ჩვენ გირჩევთ

სახლი, რომელიც ბინაზე მეტია

საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული

სახლი, რომელიც ბინაზე მეტია

სახლი, რომელიც ბინაზე მეტია

წინა სტატია

Galaxy Note10|10+ ის გაყიდვები დაიწყო
02 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინა
03 სექტემბერი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა