ქართული ღვინის თავგადასავალი შვეიცარიაში

ეს გახლავთ ამბავი იმისა, თუ როგორ ჩაიტანა ქართველმა მეღვინემ შვეიცარიაში თავდაპირველად ბიოდინამიკური ღვინო, შემდეგ უკვე ქართული სამზარეულო და ნაციონალური მუსიკა, შუაგულ ვევეში როგორ ააფრიალა ქართული დროშა და როგორ აალაპარაკა შვეიცარიელები ქართულად, თანაც ძალიან “მარტივი” სიტყვებით - ხინკალი, ხიხვი, ხაჭაპური...

შეიძლება ითქვას, შვეიცარიაში ქართულმა პროექტმა გაამართლა. არადა ქვეყანაში თამასა იმდენად მაღალია, რომ ძალიან რთულია, შენი მოხვეული ხინკლისა და ტარხუნიანი ხაჭაპურის საჭმელად რიგები დადგეს. ღვინოზე ხომ აღარაფერს ვამბობ. უფრო სწორად, ვამბობ, ოღონდ ცოტა შორიდან დავიწყებ.

2019 წელი შვეიცარიისთვის, ისევე როგორც ქართველი მეღვინის, გიორგი ალადაშვილისთვის, განსაკუთრებულია. შვეიცარიისთვის იმიტომ, რომ წელს ზეიმის დიდი მიზეზი მიეცათ, რადგან ე.წ. “მევენახეთა საძმომ”, რომელიც აგერ უკვე მესამე საუკუნეა, “მევენახეთა ფესტივალის” ანუ “Fête des Vignerons”-ის ორგანიზატორია, გადაწყვიტა, ღონისძიება სწორედ 2019 წელს, ტრადიციულად ქალაქ ვევეში ჩატარებულიყო. წინა ფესტივალსა და ამჟამინდელს შორის ინტერვალი 20 წელი გამოვიდა, ზოგადად კი დადგენილია, რომ “მევენახეთა ფესტივალი” საუკუნეში მაქსიმუმ ხუთჯერ შეიძლება ჩატარდეს. სხვათა შორის, ეს არის პირველი შვეიცარიული ცოცხალი ტრადიცია, რომელიც 2016 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. სანახაობა მოლოდინს აჭარბებს. ეს ხომ მხოლოდ ფესტივალი არ არის, არამედ მევენახეებისთვის - დიდი პატივი, ხოლო სხვებისთვის დაუსრულებელი ზეიმის საბაბია. ღონისძიება მეგაშოუთი გაიხსნა და დღესასწაული მთელ 4 საათს გაგრძელდა. “Fête des Vignerons”-ი ალბათ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იშვიათი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ხალხის ფულით ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. დიახ, 100 000 000 შვეიცარიული ფრანკი სპონსორებისა და ორგანიზატორების ჯიბიდან შეგროვდა და შეიქმნა სანახაობა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა.

ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რა შუაშია ამ ყოველივესთან გიორგი ალადაშვილი. ქართველმა მეღვინემ ძალიან დიდი წვალებისა და შრომის შედეგად პირველ რიგში მოიპოვა შვეიცარიელებისა და სხვა პოტენციური მომხმარებლების ნდობა და ეტაპობრივად არა მარტო ქართული ღვინო გააცნო და შეაყვარა, არამედ უფრო დიდი გეგმების კვალდაკვალ “მეღვინეთა ფესტივალის” პარალელურად “ქართული კუთხე” გახსნა ვევეს შუაგულში, შვეიცარიელი მეგობრის ეზოში. გამოიფინა დროშა, ეზო მოირთო ქართული ელემენტებით, გახურდა თონე, აშიშხინდა მწვადი და ქართულმა ტრადიციამ ვევეს წიაღში საინტერესოდ დაიწყო გაღვივება. საქმე ის არის, რომ ქართველი მეღვინისთვის, ისევე როგორც მისი შვეიცარიელი პარტნიორებისთვის, პრინციპულად და კომერციულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ “მევენახეთა ფესტივალის” პარალელურად მოწყობილიყო “ქართული კუთხე”, რადგან ქალაქი ამ პერიოდში სავსეა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ადამიანებით და ამავდროულად ფესტივალის მიმდინარეობის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღვინოსა და მეღვინეების ისტორიებს, რაც გიორგი ალადაშვილისთვის ქართული ღვინის წარმოჩენის კიდევ ერთი ხელსაყრელი საშუალება იყო.

აწ უკვე გამოცდილმა მეღვინემ მიწის ბიოდინამიკური დამუშავება წლების წინ სწორედ შვეიცარიაში ისწავლა და საქართველოში მევენახეობის დაწყების მომენტიდან ზემოთ აღნიშნული მისი ბიზნესსაქმიანობის უპირატესობად აქცია, რადგან, როგორც თავად ამბობს, ერთი მხრივ ძველი ქართული ტრადიცია აღადგინა, ხოლო მეორე მხრივ შვეიცარიის ბაზარზე საკუთარი ბიზნესის უფრო დიდი და სწრაფი წარმატებისთვის რთული, მაგრამ მოგებიანი და კონკურენტუნარიანი ნიში აირჩია. ეტაპობრივად გიორგი ალადაშვილი ახალგაზრდა მევენახეთა რამდენიმე გაერთიანების წევრი გახდა, მათ შორის გამორჩეული იყო და არის Renaissance des Appellations-ი საფრანგეთში, რომელსაც ნიკოლა ჟოლი ხელმძღვანელობს და ეს გაერთიანება მხოლოდ იმ მევენახეთა ჯგუფს მოიცავს, რომლებსაც ბიოდინამიკური მეურნეობა აქვთ. გიორგი ფიქრობს, რომ უმთავრესი ფაქტორი, რის გამოც მისმა ღვინომ წარმატება ნახა შვეიცარიაში, სწორედ ბიოდინამიკურობაა, რადგან, როგორც ამბობს, შვეიცარიაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიურობას და ასეა ღვინის შემთხვევაშიც.

ნიკოლამ, იზაბელმა და პატრიკმა გიორგი ალადაშვილის შვილივით გამოზრდილი და ქართულ აკვანში დარწეული ღვინო ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ შეამჩნიეს, შეიყვარეს და მისი პოპულარიზაცია მთელი შვეიცარიის მასშტაბით განიზრახეს. დამეთანხმებით, რთულია შეამჩნიო, გამოარჩიო და მით უმეტეს დააფასო ნებისმიერი ახალი, შენთვის უცხო ღვინო, როდესაც შენი ქვეყნის ბაზარი ისედაც სავსეა შვეიცარიული, ფრანგული და იტალიური ხარისხიანი ღვინოებით. ქართული ხიხვის, ქისის, რქაწითელისა და მწვანის შემთხვევაში, საბედნიეროდ, ყველაფერი საპირისპიროდ და სასიკეთოდ მოხდა. კარგ მთქმელს რომ კარგი გამგონი სჭირდება, ცხადია, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი კარგი მთქმელი იყო. “რუისპირის ბიოდინამიკური მეურნეობის” დამფუძნებელმა გიორგი ალადაშვილმა თავისი ღვინის ბოთლებით სავსე ჩანთით შვეიცარიის ქალაქების ღვინის მაღაზიების შემოვლა დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო. თავად გვიყვება, თუ როგორ სტკიოდა მთელი სხეული დიდი ჩანთის ტარების გამო და როგორ არც ერთხელ არ დანებებულა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სჯეროდა ქართული ღვინის პოტენციალის, ისევე როგორც საკუთარი თავის. საბედნიეროდ, გვერდს შვეიცარიელი დედობილ- მამობილი, ნიკოლა და იზაბელი უმაგრებდნენ. ისინი აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს როგორც გიორგი, ისე ქართული ღვინო და ინვესტიცია ჩადეს მათ ზრდაში. ქართული ღვინის პირველი მარანი შვეიცარიაში სწორედ მათი დახმარებით გაიხსნა.

“ეს ხალხი იყო, ის ვინც მოისმინა ერთი უბრალო და ჩვეულებრივი ქართველი ბიჭის ისტორია და მიზნები, ისტორია კი იმაში მდგომარეობდა, რომ მე მქონდა მცირედი განათლება მიღებული შვეიცარიაში და ვაპირებდი დაბრუნებას საქართველოში, რათა ძველი ტრადიციული მეთოდებით ღვინის წარმოება აღმედგინა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მეწარმოებინა. მათი კონტრიბუცია უმნიშვნელოვანესია, ზოგმა 500, ზოგმა კი 1000 ფრანკი გაიღო ამ მარნის მშენებლობისთვის. ჯამში 40 000 ფრანკი მოგროვდა. მე მათი ვალი თანხობრივად არ მქონია, არამედ ღვინის ბოთლებით უნდა გავსწორებულიყავით. ასე დავიწყე ჩემი ღვინის შვეიცარიაში შემოტანა”, - ამბობს ქართველი მეღვინე.

დღეს “რუისპირის ბიოდინამიკური მეურნეობის” ღვინო ლოზანის ორ მაღაზიაში, ასევე ჟენევაში, ბერნში, ივერდონსა და ბაზელში იყიდება, არის კიდევ რამდენიმე ე.წ. ღვინის ბარი, სადაც გიორგი ალადაშვილის ღვინო ასევე შედის სარეალიზაციოდ. გიორგი გვიყვება, რომ მის პროდუქციაზე მოთხოვნა გაორმაგებული და ზოგი მაღაზიის შემთხვევაში გასამმაგებულიც კი არის. რაც შეეხება მოლოდინს, იმედოვნებს, რომ “მევენახეთა ფესტივალის” მიმდინარეობის განმავლობაში ქართული ღვინო შვეიცარიაში უფრო პოპულარული გახდება. თუნდაც ის რამხელა საქმეა, რომ ქუჩაზე, რომელზეც ამ კვირების განმავლობაში ათასობით ადამიანი გაივლის, საქართველოს დროშა იფრიალებს.

“გამოდის, რომ წელს შვეიცარიაში ჩემი ღვინის 2600 ბოთლი გაიყიდა. უკვე ამოიწურა ხიხვისა და  ქისის მარაგი, დარჩენილი გვაქვს რქაწითელი, მწვანე და საფერავი და ბოლო, 600 ბოთლს სწორედ ამ სახეობებს გამოვგზავნი. ასეთ მოთხოვნასაც ნამდვილად არ ველოდი. ბიზნესი მზარდია წლიდან წლამდე და ეს დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის”, - გვიყვება გიორგი ალადაშვილი.

ქართველი მეღვინე მიიჩნევს, რომ მევენახეობაში თავისი თავი ამოწურა და ახლა სხვა გამოწვევების წინაშე დგას. უნდა, რომ შვეიცარიაში ქართველი მევენახეების ჯგუფი ჩამოიყვანოს, რათა მათ ვენახში მუშაობის აქ მიღებული გამოცდილება შემდეგ საქართველოში სხვა მევენახეებს გაუზიარონ და ასე ავიდეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე ქართული მევენახეობა. ამ ამბიციური, თუმცა განხორციელებადი გეგმის შესრულებამდე ჯერ “ქართული კუთხეა” მისახედი, ფესტივალი ხომ 11 აგვისტომდე გრძელდება.

“ერთი უცხოელიც რომ დაინტერესდეს და ჩამოვიდეს საქართველოში “ქართული კუთხის” დამსახურებით, უკვე დიდი საქმეა და მე კმაყოფილი ვიქნები, თუმცა მე ამაზე არ გავჩერდები, რადგან კიდევ ბევრი გეგმა მაქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და ვიცი, რომ განვახორციელებ. რასაც მიზნად ვისახავ, ყოველთვის ვაღწევ ხოლმე”, – დასძენს გიორგი ალადაშვილი.

რამდენიმეთვიანი სამზადისისა და შრომის შედეგი დღეს ასეთია: ქართული ქვევრის ღვინითა და “ქართული კუთხით” უკვე დაინტერესდა შვეიცარიული მედია და მომზადდა საინტერესო რეპორტაჟი, ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელ რიცხვს, ანუ დღეში 25-30-ს მნიშვნელოვნად აჭარბებს და შვეიცარიულ მაღაზიებში “რუისპირის ბიოდინამიკური მეურნეობის” ღვინოს უკვე სტაბილური მომხმარებელი გაუჩნდა. და როგორც უკვე გავიგეთ, გიორგი ალადაშვილი გაჩერებას არ აპირებს.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული

შესასრულებელი მისია

საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული

საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული

წინა სტატია

რამდენით გაძვირდა სურსათი ბოლო 7 წელიწადში - დეტალური ჩამონათვალი
03 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტამდე გაზარდა
04 სექტემბერი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა