მწვანე ფოლადი

როცა მისმა პარტნიორმა სასტუმროს ნომერში სული განუტევა, მსოფლიო მასშტაბის მოხეტიალე ფინანსისტი, დევიდ სტიკლერი რურალურ არკანზასში, ფოლადის ქარხნის სტარტაპის საჭეთმპყრობლად მოგვევლინა. დღეს ის ქვეყანაში საუკეთესო პატარა, მაღალტექნოლოგიურ, დიდი ვალის მქონე ფოლადის მწარმოებელს თაოსნობს.

1,1000 აკრის მიწაზე, რომელიც ერთ დროს მდინარე მისისიპის ნაპირებზე გაშენებულ სოიას მინდვრებს წარმოადგენდა, ვრცელ ლურჯ ანგრებს ნახავთ. შიგნით ჯართით (ძველი მანქანებისა და მაცივრების ნარჩენებით) სავსე ავზებია მოთავსებული, რომლებიც ღუმელთან თავის რიგს ელიან. სირენების გამყინავი ხმა ყურთასმენის წამღებ გრუხუნს აპობს, ნაპერწკლები კი თვალისმომჭრელად დაფრინავენ გაბრდღვიალებული არხიდან წამოსული ყვითელი ალის კვალდაკვალ.

მთელ ამ მოქმედებას საკონტროლო ოთახიდან ერთადერთი ოპერატორი მეთვალყურეობს. მის წინ ათი-თორმეტი LCD მონიტორია, რომლებზეც ბრტყლად დაგლინული ფოლადის 1.76 მილიონი კვადრატული ფუტის ქარხანაში არსებული თითქმის ყველა აღჭურვილობის ყველა ნაწილის სენსორებიდან მიღებული ათასობით მონაცემი გრაფიკულად არის გამოსახული. ერთ-ერთი ეკრანი პოლუციის ოპტიკურ სპექტრომეტრს იყენებს, რათა გამდნარი ფოლადის შემადგენლობა რეალურ დროში გააანალიზოს და ნაერთში ისეთი ლითონის შენადნობთა ოდენობა განსაზღვროს, როგორიც სპილენძია. წითელი ეკრანი აჩვენებს, რომ ღუმელი (რომელიც, მაქსიმუმ, 60 ფუტის მოშორებით მდებარეობს) 2,951 ფარენგეიტზე მუშაობს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არკანზასის შტატის ქალაქ ოსეოლაში (მოსახლეობა: 6,764), რომელიც ოდესღაც ბლუზის ლეგენდარული გიტარისტის, ალბერტ კინგის სახლი იყო, დღეს კი Big River Steel-ის – პლანეტაზე ფოლადის წარმოების მომავლის – სათავო ოფისია. მინიქარხანამ, რომელიც დღეში 4,500 ტონა ბრტყლად დაგლინულ ფოლადს აწარმოებს ან კი 1.65 მილიონ ტონას წელიწადში, მოღვაწეობა სულ რაღაც 31 თვის წინ დაიწყო, რაც შემდეგის დამსახურებაა: ლამის $1 მილიარდის ტოლფასი მაღალშემოსავლიანი სესხის, Koch Industries-ის სააქციო კაპიტალის ულუფის, არკანზასის მასწავლებელთა საპენსიო ფონდის, კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა TPG Capital-ისა და არცთუ ცნობილი საინვესტიციო ბანკირის, დევიდ სტიკლერის, დაუღალავი ოპერაციული ენთუზიაზმის.

“საკუთარ თავს ტექნოლოგიურ კომპანიად მივიჩნევთ, რომელიც, ისე დაემთხვა, რომ ფოლადს აწარმოებს,” – ამბობს სტიკლერი და მეტი ეფექტისთვის მაგიდას მუშტს ურტყამს.

მართალია, ჩრდილო კაროლინაში დაფუძნებულ Nucor-თან შედარებით პაწაწინაა, Big River-ი იოლად შეგვიძლია, ტექნოლოგიურად ყველაზე წინ წასულ და ყველაზე სწრაფად მზარდ ფოლადის მწარმოებლად ჩავთვალოთ ჩრდილო ამერიკაში. 513 თანამშრომლით აღჭურვილის ფულადი ბრუნვა თითო თანამშრომელზე უშველებელ $557,000-ს შეადგენს, მაშინ როცა ინტეგრირებული მწარმოებლისთვის, U.S. Steel-ისთვის, ეს მაჩვენებელი მხოლოდ $61,000-ს უდრის. მეორე ყველაზე ეფექტიანი მინიქარხნის, მეტოქე Steel Dynamics-ის შემთხვევაში, იგივე მაჩვენებელი $253,000-ს უტოლდება. Big River-ს მხოლოდ ერთი საათი სჭირდება 35 ტონა ცხელი დაგლინული ფოლადის საწარმოებლად, მაშინ როცა ინტეგრირებული ფოლადის მწარმოებლები დღეებს ხარჯავენ.

ბონუსების ჩათვლით, Big River-ის წარმოებაში მომუშავე რიგითმა თანამშრომელმა შარშან $129,000 გამოიმუშავა – 3.5-ჯერ მეტი, ვიდრე არკანზასის მისისიპის ოლქის ოჯახის შემოსავლის მედიანური მაჩვენებელია. Big River-ს უკვე საკმარისი დაფინანსებაც აქვს მოპოვებული, რომ საკუთარი მწარმოებლურობა 3.3 მილიონ ტონამდე გაზარდოს 2020-ის ბოლოსთვის.

ზემოთ ხსენებულ საკონტროლო ოთახში მონიტორი ციმციმებს: ავტომატურ რეკომენდაციას იძლევა ოპერაციული პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებით. “საბოლოო ჯამში, ოპერატორებს არაფერი ექნებათ გასაკეთებელი. მანქანები თავად მოერგებიან ცვლილებებს”, – ამბობს 58 წლის სტიკლერი და აღნიშნავს, რომ სენსორებიდან მიღებული ინფორმაცია მონაცემთა ცენტრს გადაეცემა, სადაც Noodle.ai-სა და Dell-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის სისტემა პროგნოსტიკულ ალგორითმებს ამუშავებს. სტიკლერი თავის ქარხანას თვითმავალ მანქანას ადარებს: “Google-ისა და Apple-ის მანქანები... რაც უფრო მეტს დადიან, მით უფრო მეტს სწავლობენ. რაც უფრო ბევრს მუშაობს ქარხანა, მით უფრო ბევრს სწავლობს ისიც”.

სტიკლერის გარდაქმნა ბანკირიდან ფოლადის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაგეგმილი არ ყოფილა. ამ კლივლენდის მკვიდრმა და ყოფილმა ბუღალტერმა ცხოვრების 15 წელიწადი საინვესტიციო ბანკირად გაატარა და, მეტწილად, დიდი ფოლადის დაფინანსებაზე მუშაობდა, მათ შორის, $385-მილიონიან Bain & Co.-ზე, რომელიც ინდიანის Steel Dynamics-ის ჩასაშვებად იქნა გამოყენებული.

1990-იანების შუა პერიოდში სტიკლერმა მომავალი ცოლი, რებეკა ლი გაიცნო – ჯანსაღი ცხოვრების კონსულტანტი, სიცოცხლით სავსე ჩინელი ქალი, რომელიც მეგობარს ჰავაიში უძრავ ქონებას ათვალიერებინებდა. ლი სტიკლერს აზიური კავშირების დამყარებაში დაეხმარა და უკვე 1998-ში ტაილანდში ქარხნის ასაშენებლად ამ უკანასკნელს $560 მილიონი ჰქონდა მოზიდული. სტიკლერი Nucor-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ კორენტის, ყურადღების მოპოვებასაც ცდილობდა, რომელმაც 1999-ში მას Birmingham Steel-ის რესტრუქტურიზება დააფინანსებინა. 2003-ში კორენტიმ, სტიკლერმა და ლიმ Global Principal Partners-ი ჩამოაყალიბეს – ფოლადზე ფოკუსირებული სავაჭრო ბანკი.

მომდევნო ათწლეულში ფირმამ დაახლოებით $6 მილიარდი მოიზიდა არაერთი პროექტისათვის, დაწყებული ჩინეთში Tangshan Steel-ის ქარხნის მოდერნიზებით, დამთავრებული SeverCorr-ით – მისისიპიში მდებარე ქარხნით, რომელიც 2008-ში რუსულმა ფოლადის გიგანტმა შეისყიდა. ქარხნის ოპერაციები კორენტის ებარა, სტიკლერი და ლი კი, ხელშეკრულებების მომპოვებელთა რანგში, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდნენ და ინარჩუნებდნენ ბინებს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, პეკინსა და ტაილანდში. 2013-ისთვის კორენტიმ და სტიკლერმა გადაწყვიტეს, რომ მათი მომდევნო პროექტი აშშ-ში დაფუძნებული თანამედროვე მინიელექტროქარხანა უნდა ყოფილიყო.

“ერთგვარი რევოლუცია იწყებოდა”, – ამბობს სტიკლერი და აღნიშნავს, როგორ სწრაფად კარგავდნენ აშშ-ის მწარმოებლები გლობალურ საბაზრო წილს.

არკანზასისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისგან სტიმულისა და დაფინანსების მიღების შემდეგ სტიკლერმა არჩევანი ოსეოლაზე გააკეთა – მემფისის ჩრდილოეთით დაახლოებით 50 მილის სავალზე მდებარე პატარა ქალაქზე, რომელიც ქვემოთ, მდინარის დინების მიმათულებითაა განთავსებული ლითონის ჯართის მასიური ქარხნებიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც ჩიკაგოა, ესაზღვრება Burlington Northern-ის რკინიგზას და მთავარ სატვირთო გზებთან, I-40-სა და I-55-თან, არის ახლო. Entergy-მ ამ ქალაქს ყველაზე დაბალი შესაძლო ენერგოტარიფები შესთავაზა 2026-ის ჩათვლით.

ასე იყო თუ ისე, ქარხნის მშენებლობიდან 13 თვეში, 2015-ის აგვისტოში, Big River-ის აღმასრულებელი დირექტორი კორენტი, ჩიკაგოში Navistar-ის საბჭოს შეკრებაზე ჩასული, ძილში გარდაიცვალა. “ჩემი გეგმა Big River Steel-ის აღმასრულებელი დირექტორობა არ ყოფილა, – ამბობს სტიკლერი. – ჯონი სამშაბათს გარდაიცვალა. იმავე კვირის პარასკევს უკვე სრული რეორგანიზება მოვახდინეთ”.

კორენტის ერთ-ერთი სტრატეგია, რითაც სტიკლერი ამაყობს, Big River-ის Wall Street-ისებრი ბონუსებია. ქარხნის თანამშრომელთა უმრავლესობის სამიზნე ბონუსები წარმოებისა მათი ხელფასების 150%-ს შეადგენს, ამდენად, ტექნიკოსი, რომელიც საათში ფიქსირებულად $18-ს იღებს, შესაძლოა, შინ, სულ ცოტა, საათში $45-ით დაბრუნდეს. “ისეთი კვირებიც გვქონია, როცა ხალხი 180%-ის, 200%-ის ან, სულაც, 210%-ის ბონუსებს იღებს”, – ამბობს სტიკლერი.

Big River-ის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მისი LEED (Leadership in Energy and Environmental Design – “ლიდერი ენერგიისა და ეკოლოგიის დიზაინში”) სერტიფიკატია. “როგორც წესი, ეს საუნივერსიტეტო და სახელმწიფო შენობებისთვისაა, – ამბობს სტიკლერი. – ბევრს მიაჩნდა, რომ გიჟები ვიყავით, მისთვის კვალიფიცირებას რომ არ ვცდიდით”. სტიკლერი თვლის, რომ ეს სერტიფიკატი მნიშვნელოვანი იქნება, ვინც უნდა იყოს მყიდველი, Chrysler-ი, Volkswagen-ი თუ Walmart-ი. “ხალხი ჩვენს ფოლადში მეტს მხოლოდ იმიტომ კი არ გადაიხდის, რომ მას LEED-ის მიერ სერტიფიცირებულ ქარხანაში ვამზადებთ, არამედ იმიტომ, რომ სხვა ყველა პირობაც სათანადოა: ფასი, სერვისი, ხარისხი და ა.შ., ჩვენ ეს გვესმის”, – ამბობს სტიკლერი.

ტრამპის 25%-იანმა ტარიფმა ფოლადზე და დეფიციტით გამოწვეულმა შიშმა შარშან ძლიერი აფეთქება გამოიწვია და ფასებიც ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულზე აისროლა, რამაც Big River-ს საშუალება მისცა, $1.4-მილიარდიან შემოსავალზე გასულიყო.

“ტარიფებთან მწყრალად ვარ, – შენიშნავს სტიკლერი. – ტრამპი შიდა ფოლადის ინდუსტრიას სწორ გზაზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ გადარჩენისა და წარმატებისთვის ჩვენ ტარიფები არ გვჭირდება”.

თუ Big River-ის მომავალს რაიმე დიდი კითხვის ნიშანი ახლავს, ეს ალბათ მხოლოდ მის უნარს უკავშირდება, $1.5-მილიარდიანი ვალის პირობებში წარმატებას მიაღწიოს. მაისში, ამ ფოლადის სტარტაპმა, გაფართოების დასაფინანსებლად, Arkansas Development Finance Authority დაითანხმა და მას თავისი სახელი $487 მილიონად ასესხა 30-წლიანი, ე.წ. უვარგისი მუნიციპალური ობლიგაციების სახით. Moody’s-ის თანახმად, ობლიგაციები კომპანიის სესხისა და საკუთარი კაპიტალის მიმართების კოეფიციენტს 6.8-ჯერ გაზრდის, რაც საკმაოდ სარისკოა, პროცენტის დაფარვის კოეფიციენტს კი ერთზე ან ნაკლებზე ჩამოიყვანს.

გლობალური წარმოების ზრდამ ბრტყლად დაგლინულ ფოლადში ნამატი შექმნა, ფასები კი 2019-ში 25%-ითაა დაცემული. მაგრამ სტიკლერს ეს მაინცდამაინც არ აწუხებს. ის მორიგი $500-მილიონიანი სასესხო/სააქციო დაფინანსებისთვის ემზადება, რაც Big River-ს საშუალებას მისცემს, სპეციალიზებული ფოლადი დაამზადოს, ჰიბრიდულ და ელექტრომანქანებს რომ სჭირდებათ. ამ გამოცდილმა ხელშეკრულებათა დამდებმა იცის, რომ დიდი ალბათობით შეძლებს Big River-ის გადაყიდვას – დიდი მოგების სანაცვლოდ და კარგა ხნით ადრე, სანამ ვალების გადახდის ვადები ამოიწურება.

მეტიც, გასულ ზაფხულს, გავრცელებული ცნობებით, Nucor-მა $3 მილიარდი შესთავაზა Big River-ში სტიკლერს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელშეკრულებაზე უარი თქვა. ლის დახმარებით, Big River-ი მთელი მსოფლიოდან ჩასული ათეულობით კომპანიის აღმასრულებლებისთვის ტურებს მასპინძლობს. “ჩვენ პატენტებსა და IP-ს როდი ვართ ამოფარებულები”, – ამაყად ამბობს სტიკლერი.

სტუმართა ერთ ასეთ ღირსშესანიშნავ წყებას აღმასრულებელთა გუნდი, მათ შორის, თავმჯდომარეც, წარმოადგენდა მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლიდან – სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ჩინური Shanghai Bao Steel-იდან, რომელიც წლიურად დაახლოებით 45 მილიონ ტონას აწარმოებს. “დევიდს უთხრეს, ფოლადის სტივ ჯობსი ხარო”, – ამბობს თვალებაკიაფებული ლი.

ჩვენ გირჩევთ

10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ყველაზე დიდი წილი უჭირავს

ლეგალიზებული კანაფი

10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ყველაზე დიდი წილი უჭირავს

10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ყველაზე დიდი წილი უჭირავს

წინა სტატია

WEF: ტურიზმის კონკურენტუნარიანობით საქართველო მსოფლიოში 68-ე ადგილზეა
11 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ‘სწყურია’ პოლიტიკური ალტერნატივა
12 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა