ახალი მილიარდერი ოჯახი - მიბაძვის თამაში

სათამაშოების ბიზნესში გიგანტი კომპანიები ბატონობენ. Zuru-მ იქ გზა თვითგაბერვადი ბუშტებითა და იაფი იმიტაციებით გაიკაფა. 

ნიკ მოუბრეი შინიდან მუშაობს - კოუტსვილში (ახალი ზელანდია) მდებარე 12-საძინებლიანი სახლიდან. ეს ადრე კიბერ-რენეგატის, კიმ დოტკომის სამფლობელო იყო და სწორედ აქ დააპატიმრა დოტკომი მძიმედ შეიარაღებულმა პოლიციამ 2012-ში. 34 წლის მოუბრეი უფრო მშვიდ ცხოვრებას ეწევა. გაზაფხულის მზე მის ვენახს (წელიწადში 2,000 ბოთლზე რომაა პასუხისმგებელი) ანათებს და აბრჭყვიალებს, თავად კი გვიხსნის, რა აძლევს ამგვარი ცხოვრების საშუალებას: ”დამნაშავე” სწრაფად მზარდი სათამაშოების კომპანია Zuru-ა, რომელსაც თავის დედმამიშვილებთან, 38 წლის მეტსა და 36 წლის ანასთან, ერთად მართავს.  

”ჩემი ფილოსოფია დაბალანსებულ ზრდაში მდგომარეობს”, - ამბობს მოუბრეი და 48,000 კვადრატული ფუტის სახლ-კარის ბიბლიოთეკაში დააბიჯებს - სახლ-კარისა, რომელიც ბაღ-ლაბირინთებითა და შიდა აუზით იწონებს თავს. 

Zuru, რომელიც მოუბრეიებმა 2003-ში დააარსეს, ისეთი იაფი სათამაშოების დამზადებაში სპეციალიზდება, როგორიცაა, მაგალითად, Bunch O Balloons-ი - გაჯეტი, რომლითაც 100 წყლის ბუშტის გაბერვა 60 წამში არის შესაძლებელი. კომპანია ჰონკონგშია დაფუძნებული, სადაც მეტი და ანა ცხოვრობენ და რომელიც Zuru-ს დაბალ გადასახდებთან აძლევს წვდომას. ხარჯების დამატებით დასაზოგად, ოჯახი აქტიურად აბანდებს ავტომატიზებაში. 

დღეს Zuru თავის სათამაშოებს 120 ქვეყანაში ყიდის და $300 მილიონს აკეთებს წლიური გაყიდვების სახით. კომპანიას ვალი არა აქვს და არც გარეშე დაფინანსებისთვის მიუმართავს ოდესმე, მხოლოდ საწყისი $20,000 ისესხეს ინჟინერი და მასწავლებელი დედ-მამისაგან. მთელი ბიზნესი ტრიოს საკუთრებაა – ბიზნესი, რომელიც $1 მილიარდზე მეტი ღირს. ”როგორც ახალზელანდიელები, საკმაოდ თავმდაბალი ხალხი ვართ. მაგრამ უდავოდ გასაოცარი გზა გავიარეთ”, - ამბობს ანა, რომელიც აღმასრულებელ დირექტორად მსახურობს (ნიკი და მეტი თანააღმასრულებელი დირექტორები არიან).   

Zuru სამოყვარულო პროექტის სახით დაიწყო. როცა მეტი 12-ის იყო, საჰაერო ბუშტის მოდელის დიზაინი შექმნა. ნიკთან ერთად ამ აღჭურვილობას კარდაკარ ყიდდა, ხოლო 2003-ში, როცა ნიკი 18-ის იყო, ჩინეთში გაემგზავრნენ, რათა ჰობი ნამდვილ ბიზნესად ექციათ.  

”პირველ ღამეს ბუჩქებში გვეძინა, ჰონკონგის აეროპორტთან”, - იხსენებს ნიკი. შემდეგ ქალაქ შანტოუს რვასართულიან შენობაში, თვეში $20-ად, ოთახი დაიქირავეს. ანა ძმებს ერთ წელიწადში შეუერთდა. 

მოუბრეიებმა არსებული პროდუქტების, მაგალითად, შვეულმფრენის ფორმის ბუმერანგის, დისტრიბუცია დაიწყეს. ცოტა ხანში საკუთარი სათამაშოების, Bunch O Balloons-ის წარმოებასაც შეუდგნენ, და ბაზარზე დამკვიდრებული ისეთი ბრენდების მიბაძვასაც მიჰყვეს ხელი, როგორიცაა Nerf-ის სათამაშო იარაღები.    

დროთა განმავლობაში მოუბრეიებმა გზა ყველა მსხვილ ამერიკულ მაღაზიაში გაიკაფეს, მათ შორის, Walmart-ში, Target-სა და CVS-ში. ”ფაქტობრივად, არსებული რესურსებით გავედით ფონს, - ამბობს ნიკი, - ეს კი დიდი იშვიათობაა”.

ჩვენ გირჩევთ

წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

Tbilisi Hills Golf & Residences - ქალაქი სიმწვანეში

წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

წინა სტატია

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს
25 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

კანიეს მეორედ მოსვლა
26 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა