ამერიკული იმპიჩმენტის წინასაშობაო ტოქსიკოზი

“გადააყენენ”! “ვერაფერიც ვერ გადააყენენ”! “კი არ გადააყენენ, არამედ იმპიჩმენტი გამოუცხადენ”! საოცარი ხალხი ვართ ქართველები! ერთხელ ერთმა ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა, პროფესიით დიპლომატმა, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე რომ დაინახა, როგორ “მოკურცხლა” ოფიციალური მილოცვების და ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ პრაქტიკულად მთელმა მამრობითმა წარმომადგენლობამ (მე გზაში გადამიჭირა, თორემ, ვაღიარებ, მოწინავე ვიყავი “მომკურცხვლელებში” და გულში ბრაზილიის ჰიმნს ვღიღინებდი) ბრაზილია-ნიდერლანდების საფეხბურთო მატჩის საყურებლად, გამაშეშა და მკითხა: ერთი გამაგებინე თუ ძმა ხარ, რა ფენომენია, რომ არც ბრაზილიასთან და არც ნიდერლანდებთან არანაირი ისტორიული, გეოგრაფიული (ნეტამც) თუ რაიმე სხვაგვარიული ოდნავი ბმაც კი არ გაქვთ და სად გარბიხართ, რო გარბიხართ? ვინატრე, ნეტა დიდი აკა მორჩილაძე იყოს ახლა ჩემს გვერდით და ის აგიხსნიდა უმხატვრულესად და უმაგრესად, რატომ გიჟდება ჩემი ძმა და მეგობარი მიხეილი კვირაში რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე წერს მის პირწიგნაკზე “ნოი ვოლიამო კუესტა ვიტორია!!!”-ს! მე ნაკლებად, რაჭული სიდინჯით, მაგრამ დავსჭექებ ხოლმე ასევე “ჰალა მადრიდ”-ს! არადა რომ გითხრათ, ამას გაიძახოდნენ ჩემი უმაგრესი ბაბუები თქო,  ხომ არ დამიჯერებთ? რა თქმა უნდა, არა! ალბათ, მაინც არის ჩვენში რაღაც გლობალური, კოსმოპოლიტური (სამწუხაროდ, არა დიდი ვაჟას მიხედვით)!

ასეა და კიდევ უფრო მეტად გლობალურ პოლიტიკასთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან და უფრო კონკრეტულად აშშ-ს პრეზიდენტთან მიმართებაშიც! ნეტა ისიც ისეთივე ყურადღებით (მიახლოებულით მაინც) ადევნებდეს ჩვენს ამბებს თვალყურს, როგორც ჩვენ - მისას. ნეტავ იცოდეს, რომ მასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ყველა სხვა წვრილმანზე (აღარაფერს ვამბობ ფილმებზე, მუსიკაზე, დემნა გვასალიაზე და ბალენსიაგებზე) ფაქტიურად ორად ვართ დაყოფილი ერი ბანაკებად; თან ისე რა ბანაკებად კი არა; ან თუნდაც დიდგორს, ვატერლოს და აუსტერლიცს რომ შეეფერება ღირსეული საბრძოლო მზადყოფნა, ეგეთებად; არა, აი უცხოპლანეტელი მომხვდურები და ტირანოზავრები რომ ის-ის არის ერთმანეთს უნდა ეკვეთონ, ეგეთი სცენა იშლება სოციალურ ქსელში (ცუკერბერგს მიეცა ჩვენი ცოდვა), როდესაც საქმე ეხება დონალდ ტრამპის რუჯს, პირველი ლედის მელანიას ჩაცმულობას, პირველი ქალიშვილის ივანკას ინიციატივებსა და მაგ ინიციატივებში ნინო ზამბახას ძია დონალდის გვერდით გამოჩენას. მოვიშველიებ ისევ ჩემს ძმას, გურული ჩაის დიდ ქომაგს და შემოქმედ მიხეილს (მოგვიტევეთ იმ ეპოქაში დაბადებულებს და ჩვენ ჩვენს ძმობას, მოფერებით, წინა ღამით მომზადებული, მაცივარში ჩაციებული ვინიგრეტის გაზიარებაზე, ანუ თანამედროვე ენით “შეარ”-ზე აღმოცენებულ მრავალწლიან ერთგულ ურთიერთობას ვუწოდებთ და ვლოცავთ) და მოგახსენებთ, რომ ყოველი ჩვენი შეხვედრის დროს აუცილებლად წარიმართება საერთაშორისო ჰამბების მიმოხილვა და აუცილებლად მოიცავს ცალკე თავს დონალდ ტრამპის საქმიანობისა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული სიახლეების შესახებ! ორიოდ, მართლაც ორიოდ ჭიქა ქართული შესანიშნავი, საუკეთესო ღვინის თანხლებით, აღმოხდება ხოლმე ჭეშმარიტ გურულ მიხეილს გულწრფელად: “მე ძმაო ტრამპის ფანი ვარ!!” და მივდგებით მისი ტვიტების, ისე გამონათქვამების, გადაწყვეტილებების, ოჯახის წევრების და სხვა წვრილმანების მიმოხილვებს! ნეტა ცალი თვალით შეახედა თქო (შეახედა და არა მოასმენინა J) ჩვენზე იმ დალოცვილ კაცს, ვიტყვით მსჯელობის ბოლოს!    

ჰოდა, ამ საშინაო კოშმარების და სიგიჟის ფონზეც კი, ბუნებრივია, რომ არავის გამორჩენია, ღამეც გვითენებია და აშშ-ს კონგრესში 5-საათიანი ცხარე საიმპიჩმენტო დებატებისთვის თვალიც მიგვიდევნებია! “დონალდ ტრამპი “დაიმპიჩირებულია” - ამცნო მსოფლიო საზოგადოებას აშშ-ს ქვედა პალატის სპიკერმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ. ასევე გავრცელდა მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებით “ქვისხეთვინგ” ამბავი: “აშშ-ს ისტორიაში დონალდ ტრამპი მესამე პრეზიდენტია, რომლის მიმართაც განხორციელდა იმპიჩმენტი”. რა თქმა უნდა, მიუკერძოებელი!!! საინფორმაციო საშუალებები აქვე აღნიშნავენ, რომ ეს არ არის გადაყენება და რომ ეს არ არის თეთრი სახლიდან “გამოსახლების” სასამართლო დადგენილება (ჩვენ სწორედ ამაზე ვხოცავთ უკვე ერთმანეთს; გეგონება, სადაცაა უნდა მივიდეს სააღსრულებოდან იქაური ნიკანორი და გააცნოს დადგენილება)! ძააალიან მაღალი ალბათობით, ეს არ მოხდება, ისევე, როგორც არ მომხდარა აბრაამ ლინკოლნის პრეზიდენტობის დროს ვიცედ მყოფი და მისი მკვლელობის შემდეგ გაპრეზიდენტებულ ენდრიუ ჯონსონთან და ყველასთვის კარგად ცნობილ ბილ კლინტონთან მიმართებაში! თავად დონალდ ტრამპმა, რა თქმა უნდა, მიჩიგანში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე “ჩადო მიწაში” დემოკრატების ეს გადაწყვეტილება, მას გადატრიალების მცდელობა და დემოკრატიის წინააღმდეგ ამხედრება უწოდა და კატეგორიულად მოთხოვა ნენსი პელოსის საიმპიჩმენტო პროცედურების დაუყოვნებლივ აღსრულება, ანუ სენატში გასამართ სასამართლო მოსმენაზე იმპიჩმენტის მუხლების და დემოკრატის ბრალმდებელი კანონმდებლების წარგზავნა. ეს მოთხოვნა კიდევ უფრო კატეგორიული გახდა მას შემდეგ, რაც კონგრესის სპიკერმა თავი შეიკავა ამ პროცედურების დაუყოვნებლივ აღსრულებისგან და ტაქტიკად გაჯანჯლება აირჩია. ამას ძალიან მძაფრი რეაქცია მოყვა სენატის რესპუბლიკელი ლიდერის მიჩ მაკკონელისგან, რომელმაც დემოკრატების მიერ წარმოებულ საიმპიჩმენტო კამპანიას საშიში “ტოქსიკური პრეცედენტი” უწოდა.

რამ გაამწარა ეს ღვაწლმოსილი და ღრმად პატივცემული ბატონები და ქალბატონები წინასაშობაოდ? რა დროს ტოქსიკოზი და პროცედურებია? ახლა ხომ მისი აღმატებულება წინასაშობაო შოპინგების და “ჯინგლბელსების” დროა?! გადაივლის ახალი წლები, გამოილევა ინდაურის მარაგები და თქვენია ბურთიც და მოედანიც!

არა ბატონო! ნურას უკაცრავად! როდესაც საქმე საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება, ყველა დღეს და ყველა საათს თავისი დატვირთვა და, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ფასი აქვს. თანაც, როგორც აღმოჩნდა, აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, ვიდრე საიმპიჩმენტო მუხლები და ე.წ. იმპიჩმენტის მენეჯერების კანდიდატურები არ იქნება წარგზავნილი სენატში, სამართლებრივად არავის აქვს უფლება, დაიქუხოს “პრეზიდნეტი იმპიჩირებულია”! რატომ არ შობა მასე ქალბატონი პელოსი? იმიტომ რომ ცდილობს რაც შეიძლება მეტად გაწელოს პროცესი და მეტი ზიანი მიაყენოს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო სრბოლაში. შესაბამისად, ჩქარობს დონალდ ტრამპიც. მას ერთი სული აქვს, რომ რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე სენატმა “გაამართლოს” იგი (ისევე, როგორც მოხდა წინა ორ შემთხვევაში) და კიდევ უფრო მეტად განიმტკიცოს პოზიციები აშშ-ს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის საქმეში. სხვათაშორის, როდესაც ბოლო ბოლო პროცედურები წარიმართება სენატში, დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომლის მიმართ განხორციელდა იმპიჩმენტი კონგრესში და ის მეორე ვადით იყრის კენჭს.

არის კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი დეტალიც. ბილ კლინტონის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, რომელსაც იმპიჩმენტის შემდეგ მალევე საქმიანობის მოწონების სარეკორდო, 73%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, ბირჟებზე ინდექსები კი რეკორდს რეკორდზე ხსნიან, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დონალდ ტრამპი ამ ყველაფრიდან კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული და წელში გამართული გამოვიდეს და განაგრძოს ტრიუმფალური სვლა მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის მიზნისკენ. ნეტავ ჩემი ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-ვერდზე წამაკითხა ის, რასაც ვნახულობ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურად გავრცელებულ მიღწევათა ჩამონათვალში: 4 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი გაპრეზიდენტებიდან (1 იყოს და სამშობლოში იყოს), სარეკორდო, 4.2% ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში (არ დამიწყოთ ახლა, ჩვენ მაგაზე მეტი გვაქვსო), 400 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მხოლოდ წარმოებაში, გარღვევა სავაჭრო მოლაპარაკებებში ჩინეთთან და ისტორიული შეთანხმება კანადასა და მექსიკასთან და ა.შ. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უშუალოდ წინასაარჩევნოდ აშშ-შიც და ყველგან, როგორც წესი, აქვთ ხოლმე შემონახული “ჯოკრები”, რთულად წარმომიდგენია, ვინ და რა შეაჩერებს დონალდ ტრამპს! ვინ გავა მასთან ფინალში? ჩემი უსაზღვრო პატივისცემა ბატონ ჯო ბაიდენს, რომელმაც დემოკრატებიდანაც და რესპუბლიკელებიდანაც ერთ-ერთმა ყველაზე კარგად იცის საქართველოს ავან-ჩავანი; თუ მისი კონკურენტი თანაპარტიელები, მემარცხენე ახალგაზრდობაში პოპულარული ბერნი სანდერსი და ელიზაბეთ უორენი, ახალგაზრდა მზარდი პოპულარულობის მქონე პეტ ბუთიჯეიჯი ან და კიდევ კამპანიაში ახლად შემოგელვებული, მსოფლიოს უმდიდრესთა ათეულში შემავალი კაცი მოხერხება მაიკლ ბლუმბერგი? რია ვიცი, რია ვიცი. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ იქნება ოცი ოცი, ყველასათვის გასაოცი!

ვულოცავ ქრისტეშობას მათ, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს! მშვიდობა და სიყვარული არ მოგიშალოთ!

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა BMW
20 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა ფეისბუქი
24 დეკემბერი, 2019
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker