2019: რაც შევუკვეთეთ...

თითქოს წლის დასაწყისში არაფერი დაგვიკლია, თითქოს არც არაფერი გამოგვრჩენია, მაგრამ რაც შევუკვეთეთ, იმასთან შედარებით აშკარად უფრო ცხელი, უფრო დაძაბული და უფრო დრამატული წელი მივიღეთ. ასეა, ბოლომდე ვერასდროს ვერაფერს განსჭვრეტ, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში.

მივყვეთ რიგრიგობით. 2018-ში დაწყებული “ბირთვული ფლირტი” აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის გაღვივდა და თითქოს გაიფურჩქნა კიდეც 2019-ის პირველ ნახევარში, მაგრამ ცხოვრებაშიც ასეა და დიდ პოლიტიკაშიც: ძნელია, როდესაც სიყვარული ცალმხრივია. მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა და სკეპტიციზმისა, რა არ გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა, რომ კიმ ჩენ ინის გული მოეგო. ჰანოის სამიტიც ჩაიშალა, მაგრამ არ დაიხია უკან და ივნისში მთლად ჩრდილოეთ კორეაში ჩაადგა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ეს კიმ ჩენ ინი კიდევ დიდი გაფუჭებული ბოვში გამოდგა. ფუფუნებაში გაზრდილი, თანაც მამას გავლენიანი მეგობრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, აშკარად ფეხების ბაკუნით ცდილობს დონალდ ტრამპის და აშშ-ს მოკავშირე სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერების დაშანტაჟებას. ეგ თამაში აშკარად წაგებისთვისაა განწირული, მაგრამ. საბოლოო ჯამში, ზარალდება გლობალური უსაფრთხოება. შესაძლოა, მომავალ წელს ონავარა დიქტატორს კიდევ ჰქონდეს ერთი შანსი, ვინაიდან აშშ-ს პრეზიდენტობისთვის სრბოლაში დონალდ ტრამპს აუცილებლად დაჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი შედეგის დადება. სულაც არ არის სავალდებულო, რომ ეს იყოს მაინცდამაინც ჩრდილოეთ კორეა. მსოფლიოში იმდენი ცხელი წერტილია და იმდენი მოსაგვარებელი პრობლემაა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თუ არ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს, საკუთარ თავს დააბრალოს.

ერთ-ერთი ასეთი ცხელი წერტილი მსოფლიო რუკაზე და ჩრდილოეთ კორეაზე არანაკლებ ბირთვული ირანია და მასთან ერთად მთელი სპარსეთის ყურე. ბევრისთვის, განსაკუთრებით უშუალოდ ირანში, ძალიან მძიმე წელი გამოდგა. ტანკერების დატყვევება, შეიარაღებული ძალების სრულ მზადყოფნაში მოყვანა, სპეც. დანიშნულების რაზმებით დესანტის დემონსტრირება და ლამის შუბლებით დაჯახება, აშშ-ს მხრიდან ახალი სანქციების შემოღება, ირანის მიერ ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევა და ურანის გამდიდრების პროგრამის განახლება, ერთი მეორეზე უფრო მძაფრი და რადიკალური განცხადებების კეთება - მოკლედ ყველაფერი იყო გასულ წელს, მაგრამ წლის ბოლოს ირანში დაწყებული მორიგი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა და საკუთარი მოქალაქეების, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სისხლში ჩახრჩობა, ყველაზე მძიმე სანახავი იყო. და მაინც, ამ ყველაფრის ფონზე ირანთან მიმართებაში გამოვლენილი მედიატორული ძალისხმევა იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მხრიდან ნამდვილად დასაფასებელია. ამავე თემაში აქტიურობით ცდილობს საკუთარი პოზიციების განმტკიცებას გლობალურ არენაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მცდელობები იყო და სავარაუდოდ მომავალ წელსაც გაგრძელდება, რომ აშშ-ს და ირანის პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტი, იქნება ეს სატელეფონო საუბარი თუ საერთაშორისო ღონისძიებებზე პირისპირ შეხვედრა შედგეს. ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ორივესთვის მომგებიანი იქნება. აშშ-ს პრეზიდენტის ამოცანების შესახებ მოგახსენეთ, ხოლო ირანი, ამერიკული სანქციების გამო, პრაქტიკულად ეკონომიკური კოლაფსის პირას არის და სანქციების მოხსნა/შემსუბუქება სასაიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ აქაც ზემოხსენებული უფროსი მეგობრები - ჩინეთი და რუსეთი ყველა კანონიერი თუ არც ისე მაინცდამაინც მართლზომიერი მეთოდებით ცდილობენ შეუმსუბუქონ ირანს ამერიკული სანქციების წნეხი, რასაც ვერ ახერხებს ამ დრომდე ვერც ევროკავშირი და ვერც მისი მოქმედი თუ აწ უკვე ყოფილი წევრები.

დიახ, მთელი წლის განმავლობაში განვითარებული დრამა ბრექსიტის ირგვლივ საბოლოო ჯამში დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრის, ფრიად კოლორიტული და ამასთან ძალიან დახელოვნებული პოლიტიკოსის ბორის ჯონსონის გამარჯვებითა და ბრექსიტის, ანუ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებით დასრულდა. პირველი დიდი ამბავი, რაც იანვარში მოხდება, სწორედ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა იქნება.

ამ თემას, ერთადერთი, რამაც შესაძლოა დაასწროს, იანვრის პირველ კვირეებში აშშ-ს სენატში საიმპიჩმენტო პროცედურების წარმართვა იქნება. პოლიტიკამ და საპრეზიდენტო სრბოლამ არც ახალი წელი იცის, არც შობის დღესასწაული და არც არდადაგები. ხომ ვიცოდით, რომ რობერტ მალერის გამოძიებას დასკვნა უნდა დაედო. იყო ერთი მითქმა-მოთქმა, რას დაასკვნიდა მაღალი ავტორიტეტის და ნდობის მქონე რობერტ მალერის გამოძიება. დასკვნები იყო, ვრცელიც და შემოკლებული ვარიანტებიც, მაგრამ არაფერი ისეთი. სამაგიეროდ, ჩვენს მეგობარ უკრაინას ჯერ კიდევ მთელი სიგრძე სიგანით არ ჰქონდა გათვითცნობიერებული კომედიური ჟანრის მსახიობის ვლადიმერ ზელენსკის პრეიზდენტად არჩევა, რომ ეგრევე სკანდალში გაეხვა; თან როგორში და თან არა მის გამო. ერთი სატელეფონო საუბარი მასთან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რიგით მესამეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, იმპიჩმენტად დაუჯდა. ყველაფერს ვერ განჭვრეტ კაცი, მაგრამ ყველაფერი რომ არ უნდა ილაპარაკო, ცხადია. ჰოდა, ახლა ეს ამბავი, ანუ საიმპიჩმენტო პროცედურები სენატის გზაზეა, უფრო ზუსტად კი გზაში გაჭედილი. აშშ-ს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევისთვის მებრძოლი დონალდ ტრამპის გუნდი სენატში პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის დაკითხვას ითხოვს. ახლა უკვე ჯო ბაიდენია უარზე, რომ გამოიკითხოს. პოლიტიკურად, შეიძლება ასეც ჯობდეს მისთვის. ასეა თუ ისე, აშშ-ს პრეზიდენტობისთვის ბრძოლის თემა მთელი 2020-ს განმავლობაში ყველგან ცენტრალური თემა იქნება, უთოსაც რომ ჩართავთ ჩემო ძვირფასო მკითხველო, იქაც იქნება.

მიტინგები, დემონსტრაციები, აქციები და მათი დარბევები მთელს დუნიაზე არაერთხელ გვინახავს და სამწუხაროდ კიდევ ბევრჯერაც მოგვიწევს. ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოთ აფრიკა ამ მიმართულებითაც არ ჩამორჩებოდნენ 2019-ში არავის. ევროპელებმაც არ დააკლეს - ყვითელმა ჟილეტებმა საპროტესტო მუხლი მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს და წლის ბოლოს საპენსიო რეფორმის განხორციელების შედეგად ახალი სტიმულიც და მუხტიც მიიღეს. პრაღაში პრემიერ მინისტრ ანდრეა ბაბიშის წინააღმდეგ, მალტაში ჟურნალისტის მკვლეოლობის გამო პრემიერის წინააღმდეგ, იტალიაში ულტრა მემარჯვენეების წინააღმდეგ - ერთი სიტყვით, ევროპელებიც ტრენდულები აღმოჩნდნენ, ჩვენი ნაძვის ხის არ იყოს. არახალი იყო ეს საქმე ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვისაც. სხვადასხვა მიზეზებით ჩილეში, არგენტინასა და ბოლივიაში ერთი მეორეზე რადიკალური საპროტესტო გამოსვლები იყო. ბოლივიის უზურპატორი პრეზიდენტის ევო მორალესისთვის პროტესტი და სამხედროების ხალხის გვერდში დგომა საბედისწერო გამოდგა. კიდეც გადადგა და კიდეც გაიქცა. ეგრე მოუვა ყველას, ვისაც სახელმწიფოს მიტაცების ბოროტი ზრახვები შეიპყრობს.

აღტაცება, თანაგრძნობა და ღია თუ ფარული მხარდაჭერა - ყველაფერი ეს ჰონგ კონგელებს ეკუთვნით. უზრუნველყოფილი, კეთილდღეობისა თუ ბიზნესის კეთების ყველანაირ მსოფლიო რეიტინგების პირველებში მყოფი ჰონგ კონგელები გამოვიდნენ უსამართლობის წინააღმდეგ. გამოვიდნენ, დადგნენ და ახლაც ბოლომდე დგანან. რაც თავდაპირველად მოითხოვეს, მიიღეს - კანონპროექტი ჩინეთში ექსტრადირების შესახებ ოფიციალურად გაწვეულია, მაგრამ ძალის გადამეტებისთვის დასასჯელი ჯერ კიდევ დაუსჯელია. რა რჯის ჰონგ კონგელებს? ამაზე ჩემს ერთ-ერთ ბლოგში მოგახსენეთ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: სხვისი უფლების, საკუთარი უფლებების და სამართლიანობისთვის ასეთი მებრძოლი ხალხი ყოველთვის ყველაფერს  საუკეთესოს მიაღწევს.

ჩვენი უშუალო სამეზობლო ხომ საერთოდ “ფართო კადრით” იყო მთელი წლის განმავლობაში. თურქეთის პრეზიდენტმა რაც შეუკვეთა რუსეთში, ის ჩამოუვიდა. ეხვეწენ, დაემუქრნენ, ისეც უთხრენ, ასეც უთხრენ, მაგრამ თავისი გაიტანა - ს-400-ები თურქეთშია; თურქეთი ნატო-შია; ნატო კი, ერთად თუ ცალ-ცალაკე, საგონებელშია. არა, კომაში არ გეგონოთ, უბრალოდ საგონებელშია. ს-400 რომ საერთო ნატო-ს თავდაცვის სისტემაში ვერ ჩაერთვება, ცხადია. აი როგორ იქნება ნატო-ს და რუსეთის სისტემების თანაარსებობა ერთ სივრცეში, ეს საკმაოდ სერიოზული ფიქრის და მსჯელობის საგანია. თურქეთის პრეზიდენტმა ახლო სამეზობლოშიც (სირია) და რეგიონშიც (ლიბია) სამხედრო კამპანიები წამოიწყო. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები ნამდვილად აქვს, საერთაშორისო ასპარეზზე მეზობელი და მეგობარი თურქეთი მაინც მაგარ ჯანზეა და სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალაა.

არ მინდა ამ წინასაახალწლოდ, ისედაც დაზაფრული წლის მერე, კიდევ უარყოფითი ემოციებით დატვირთვა, ამიტომ მხოლოდ ერთს ვიტყვი: რუსეთის ხელისუფლების თავზე ნამდვილად სახარებას კითხულობდნენ და მაგათ სისტემას მხოლოდ სამარე გამოასწორებს.

კარგი ამბებიც იყო. ჩრდილოეთ მაკედონია უკვე პრაქტიკულად ნატო-ს წევრია. დიდი ხნის სჯა-ბაასისა და მითქმა მოთქმის შემდეგ სახელზეც შეთანხმდნენ და ნატო-სკენ მიმავალი გზაც თითქმის დასრულდა. ცოტა ევროკავშირის გზაზე გაუფუჭეს ხასიათი ჩრდილოეთ მაკედონიელებს და ბალკანეთის სხვა ქვეყნებსაც, კონკრეტულად საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაგრამ ეგ არაფერი - შემოტრიალდება ეგ ამბავი და გაწევრების ოფიციალური მოლაპარაკებებც დაიწყება.

მთელი მსოფლიო წლის ბოლოს ფინეთის მინისტრთა კაბინეტმა და მისმა ახალმა მეთაურმა, 34 წლის სანა მარინმა აალაპარაკა. მოკლედ, თქვენ მამაკაცებმა, ლაპლანდიას, ირმებს და საჩუქრების დარიგებას მიხედეთ და ჩვენ საქვეყნო საქმეებს მოვუვლითო. მინისტრების 19 პორტფელიდან რომ 12 ქალის ხელში იქნება, პარლამენტში რომ 47% ქალი იქნება, თანაც ადრეულ 30-იანებში, აი მაშინ გავცემ რიტორიკულ კითხვას ოპტიმისტურ პასუხს: გვეშველება! აუცილებლად გვეშველება!  

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მშვიდობა თქვენ, სიხარული და ბედნიერება!

წინა სტატია

2020 წლის გასტრონომიული ტრენდები
28 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

გენერალ სოლეიმანის აღარავინ ეძებს
06 იანვარი, 2020
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker