ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

სერია პირველი: შრომის უსაფრთხოება?!

პროლოგი

ზოგადად, ქართველებს გვიყვარს საბუთი, დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ხშირად ეს საბუთი გვინდა და გვჭირია მის უკან მდგომი მოცემულობის გარეშე. ასეა ყველაგან, განათლებაში, მშენებლობაში, მედიცინაში... მოკლედ, ყველგან.

ამბავი №1 - სერტიფიცირება ჩვენი არსებობისა

“გაკეთილშობილებას” გადარჩენილი მშრომელების უფლებები რომ საქართველოში უკეთ დაგვეცვა, 2010 წელს მივიღეთ ახალი ორგანული კანონი შრომის კოდექსი. შემდეგ, ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით გავაუმჯობესეთ დასაქმებულთა უფლებები და მავანთა თქმით მივიღეთ კიდეც “სოციალისტების” შრომის კოდექსი. ქართულ სინამდვილეში კი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე ისევ იხოცებოდნენ მუშები... ერთ დღესაც ჩვეულებისამებრ გადიოდნენ სახლიდან და აღარ ბრუნდებოდნენ... გადავწყვიტეთ სლოგანად გვექცია “შრომის უსაფრთხოება”, მიზნად დაგვესახა და დავისახეთ. რა არის ის მიზანი, რომლის მიღწევაც არ გვირგვინდება საბუთით?! 2019 წლის პირველ ნახევარში ისტერიულად დაიძრა შრომის უსაფრთხოების პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭების ტალღა. მეორე ნახევარში ამას მოჰყვა მსმენელთა რიგები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად. რატომ? იმიტომ რომ ბიზნესს სავალდებულო (კანონის) წესით სჭირდება სულ მცირე ერთი სერტიფირებული შრომის სპეცილისტი... და ბოლოს, დაიქოქა სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტი.

სინამდვილე?.. უცვლელი?!

ამბავი №2 - დემონტაჟში მყოფი სამშენებლო სამუშაოების შეჩერება

იყო ამბავი ერთი ასე... ერთ სუსხიან დღეს ერთ ჩვეულებრივ სამშენებლო ობიექტზე გაცხარებულ მუშაობას “დაეცა” შრომის ინსპექტორი... შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეცილისტი ადგილზე გახლავთ... ობიქტი წესრიგში აქვს... გულიანად მიჰყვება ინსპექტორს გვერდით... ინსპექტორი ამოწმებს ობიექტს, აქნევს თავს აქეთ-იქით... ჰმმ... “კრიტიკული შეუსაბამობა” - ამბობს ამოოხვრით და წერს ოქმს, აჩერებს ერთ მონაკვეთზე სამშენებლო და მეორე მონაკვეთზე ხარაჩოს დაშლის სამუშაოებს. ხარაჩო ნახევრად დაშლილია... მწუხრზე ძლიერდება ქარი, ნახევრად დაშლილი ხარაჩო ნაწილებად იშლება და ეფინება ობიექტს... კიდევ კარგი, რომ ობიექტს მაღალი ღობე აკრავს...

ამბავი №3 - თავგზააბნეული იურისტები

ჩვენი სამშენებლო კანონმდებლობა ყოველთვის იყო თავსატეხი. არც არავის უცდია მისი ამოხსნა, დალაგება. მათ შორისაა, 2012 წლის ვარდობისთვის პირმშო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, 2018 წლის თიბათვის მიწურულის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და ბოლოს, 2019 წლის სურწყუნისის შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი. ამას ემატება არაერთი დადგენილება და რეგლამენტი. აღნიშვნის ღირსია, რომ ამ მნიშვნელოვანი სფეროს კანონმდებლობას ესაზღვრება ისეთი მნიშვნელობის დოკუმენტი, როგორიცაა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.  შედეგად, გვაქვს ნორმათა არაერთი კონკურენცია, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემა (?!), პარალელური თუ არაპარალელური წარმოებები, ოქმები, სანქციები, გასაჩივრების მექანიზმები ზემდგომში თუ სასამართლოში, სამუშაოების შეჩერებით და შეჩერების გარეშე, ა.შ. ალბათ იკითხავთ, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთი-ერთი პირობა ნათელი და განჭვრეტადი კანონი და გასაჩივრების გზა არ არისო?! რას ვიზამთ, ბედი იურისტებისთვის მიგვინდია... იურისტებს კი თავსატეხმა თავგზა ისე აუბნია და დაჰკარგა თავის წიაღში როგორც უღრან ტყეში ალქაჯის სალუკმე ჰენზელი და გრეტელი...

სამშენებლო მოედანზე შრომის ინსპექტორის ოქმი, მითითებით და სამუშოების შეჩერებით საბოოლოოდ ხომ იურისტების ბედია... ჰოდა, ჩვენც იმათში... სწორედ ამიტომ, ქვემოთ გაგიზიარებთ მცირე გზამკვლევს, თუ საით წახვიდეთ როცა სამშენებლო და შრომის უსაფრთხოების ლაბირინთის წინ აღმოჩნდებით.

ამბავი №4 - ანუ ეპილოგი “უდიპლომო ხარაჩო”

მავანნი გვაუწყებენ ახალ “ტრენდს”... მალე გვეყოლება “აკრედიტებული” ორგანიზაციები, რომლებიც მიანიჭებენ ხარაჩოს “სერტიფიკატს” Х სტანდარტით... ხარაჩოს პატრონები ჩადგებიან “ხარაჩოს სერტიფიკაცის” რიგში... მერე ავალთ ამ ხარაჩოზე და დაველოდებით როგორ შეიცვლება ქართული სინამდვილე…

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა “ფოლკსვაგენი“?
14 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

“მიუნხენ უბერ ალეს”!!!
17 თებერვალი, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker