ჩვენ ისევ დავუბრუნდით ეპიდემიების ხანას

"ახლა იწყება წიფის გვირაბი,

თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?“

გალაკტიონ ტაბიძე

მარადიული დაბრუნების მითზე ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები საუბრობდნენ. სამყაროში არაფერია უნიკალური, არაფერი არ ხდება მხოლოდ ერთხელ. ყველაფერი მეორდება და ეს განმეორება არის მარადიული დაბრუნება.

თითქოს გვეგონა, რომ XXI საუკუნეში კაცობრიობამ დაძლია ინფექციური, გადამდები დაავადებები, ეპიდემიები და პანდემიები და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, უმთავრესი ძალისხმევა მიმართული იქნებოდა არაგადამდები დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნეები) წინააღმდეგ.

თანამედროვე  მსოფლიო ისევ დაუბრუნდა იმ ეპიდემიოლოგიურ პერიოდს, რომელშიც იმყოფებოდა XVIII-XIX საუკუნემდე. ამ პერიოდში, რომელსაც მეცნიერები პირველი ეპიდემიოლოგიური გარდამავალ პერიოდს უწოდებენ აღინიშნებოდა ინფექციური დაავადებების გავრცელება. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სათანადო კვების ნაკლებობა, ცუდი სანიტარიული პირობები, სასმელი წყლის დაბინძურება ხელს უწყობდნენ ინფექციური და პარაზიტული დაავადებების ეპიდემიებს (როგორიცაა შავი ჭირი, ტიფი, გრიპი, პნევმონია, დიარეა, ყვავილი, ტუბერკულოზი).

დაახლოებით 200 წლის წინ, 1800-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო მეორე ეპიდემიოლოგიური გარდამავალი პერიოდი, როდესაც ინდუსტრიალიზაციის და ურბანიზაციის შედეგად გაიზარდა საზოგადოებრივი სიმდიდრე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სანიტარიული პირობები (მაგ, სუფთა წყლის მიწოდება და ეფექტური კანალიზაციის სისტემები) და ცხოვრების სტანდარტები (განსაკუთრებით, საკვების ხელმისაწვდომობა).

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში გატარებული ღონისძიებების და მედიცინის დარგში მიღწევების გამო  დასრულდა პანდემიების პერიოდი, შემცირდა ინფექციური და პარაზიტული დაავადებების შედეგად გარდაცვალების რისკი და გაიზარდა ქრონიკული (გულის დაავადებების, კიბოს) დაავადებების შედეგად გარდაცვალების რისკი. ისტორიულად, ამ ეტაპზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით 50 წელს.

1900-იანი წლების შუა წლებიდან მკვეთრად შემცირდა ინფექციური დაავადებების შედეგად გარდაცვალება, საგრძნობლად გაიზარდა ქრონიკული, არაგადამდები დაავადებები. ამ ცვლილებების შედეგად, გაიზარდა ხანდაზმულთა რაოდენობა. სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით 70 წელს ან მეტს. მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ სიკვდილიანობის შემცირების შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობამ მიაღწია თავის ბიოლოგიურ ზღვარს.

1960-იან წლებიდან სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა როგორც შუახნის, ასევე ხანდაზმულ ადამიანებში. ამ პერიოდიდან ქრონიკული დაავადებებისგან გარდაცვალების რისკი უფრო ხანდაზმულ ასაკში შეინიშნება. ეს ცვლილებები განაპირობა როგორც ქცევითი რისკის ფაქტორების (მაგ., თამბაქოს მოხმარების შემცირება და არტერიული წნევის კონტროლის გაუმჯობესება) შემცირებამ, ასევე  სამედიცინო ტექნოლოგიურმა მიღწევებმა.

ზოგი მკვლევარი ცალკე გამოყოფს სიმსუქნის და დაბალი ფიზიკური აქტივობის ეპიდემიურ პერიოდს. მონაცემების მიხედვით, აშშ-ში მოზრდილთა ორი მესამედი, ჭარბწონიანია. ჭარბი წონა განიხილება როგორც მაღალი რისკ-ფაქტორი გულის დაავადებების, ინსულტის, ჰიპერტენზიის, დიაბეტის, კიბოს, ძილის აპნოეს, ასთმის და სხვა ქრონიკული მდგომარეობების განვითარებაში.

თანამედროვე პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობის აქტუალური საკითხებია: გაგრძელდება თუ არა სიცოცხლის გახანგრძლივების პროცესი? ჯანმრთელი ცხოვრების წესი რამდენად შეუშლის დაბერების პროცესს? გაიზრდება თუ არა სხვა დაავადებებისგან გარდაცვალება? გაგრძელდება თუ არა გარკვეული დაავადებების ეპიდ-აფეთქებები  (მაგ, შიდსი, ან ტუბერკულოზი)? შეიძლება გარკვევით ითქვას, რომ მოსალოდნელია ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.  დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, აშშ-ის 65 და მეტი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 2030 წელს გაიზრდება 71.0 მლნ-მდე (1960 წელს იგი შეადგენდა მხოლოდ 16.7 მილიონს, ხოლო 2000 წელს 35 მლნ-ს).

განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით განვითარებად ქვეყნებში მაღალია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა (ყოველი ათი ბავშვიდან ერთზე მეტი იღუპება ცხოვრების პირველ წელს). სერიოზულ პრობლემად რჩება მოზრდილთა ჯანმრთელობაც. ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 55 წელზე ნაკლებია.

XXI საუკუნეში ისევ გაიზარდა ინფექციური დაავადებების როლი. ინფექციური დაავადებების გავრცელების ზრდა უკავშირდება გლობალიზაციას, ადამიანთა მიგრაციას, მოგზაურობის გაიოლებას. ამ პერიოდს მეცნიერები უწოდებენ მესამე ეპიდემიოლოგიურ გარდამავალ პერიოდს. 

თანამედროვე დროს ინფექციური დაავადებები, მათ შორის ტუბერკულოზი, სიფილისი, გონორეა, ბაქტერიული პნევმონია სულ უფრო მდგრადი გახდა ანტიბიოტიკების მიმართ (ანტიბიოტიკებმა თავის დროზე წარმატებით დაამარცხეს აღნიშნული დაავადებები).

1965 წელს ითვლებოდა რომ მალარია აღმოფხვრადი დაავადებაა. თუმცა, დღეისათვის მალარიით დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა წელიწადში 200 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 600,000-ს. დიფტერია (ბაქტერია იწვევს ზედა რესპირატორული გზების დაავადებებს) ძალიან იშვიათია აშშ-ში, თუმცა, რუსეთში დიფთერიით წელიწადში ინფიცირდება ათასობით ადამიანი. მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ინფიცირებულია ტუბერკულოზით, რომელთაგან დაახლოებით 9 მილიონს ყოველწლიურად უვითარდება აქტიური ტუბერკულოზი და დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი იღუპება მისგან. ითვლებოდა, რომ აშშ-ში ტუბერკულოზი თითქმის აღმოიფხვრა, თუმცა, მისი როლი ისევ გაიზარდა.

ინფექციური დაავადებები წარმოადგენენ გლობალურ პრობლემას. მსოფლიოში ინფექციური დაავადებების შედეგად სიკვდილიანობა შეადგენს დაახლოებით ერთი მესამედს, ანუ ისევ რჩება გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე მთავარ მიზეზად. გარდა ამისა, ინფექციური დაავადებები ხდება მზარდი საფრთხე განვითარებული ქვეყნებისთვისაც. მაგ. აშშ-ში ისინი წარმოადგენენ სიკვდილიანობის მესამე წამყვან მიზეზს.

ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ ბევრი ოდესღაც წარმატებული ანტიბიოტიკი დღეისათვის ეფექტური აღარ არის. ზოგიერთი ინფექციური დაავადება მდგრადი გახდა ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, მსოფლიოში 440,000 ადამიანს ჰქონდა ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული  ფორმა, რაც ნიშნავს, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ მედიკამენტებს არ შეუძლიათ დაამარცხონ გამომწვევი ვირუსი და 2008 წელს, მათგან მესამედი გარდაიცვალა. მეტიცილინის მიმართ მდგრადი ოქროსფერი სტაფილოკოკი უკვე დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს საავადმყოფოებისათვის (ყოველწლიურად აშშ-ში 125,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება საავადმყოფოში). ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ მეტიცილინის მიმართ მდგრადი ოქროსფერი სტაფილოკოკის შემთხვევათა რაოდენობა საავადმყოფოებში უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა.

გლობალიზაცია, ადამიანთა მიგრაცია, მოგზაურობის გაიოლება გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გლობალიზებულ სამყაროში მოსახლეობის ჯანმრთელობის მიმართ წარმოქმნილი გამოწვევები ეროვნულ საზღვრებს სცდება. ამ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ტრანსნაციონალური ქმედებები და გადაწყვეტილებები.

დაავადებათა გლობალური გავრცელების საფრთხის საპასუხოდ ჯანმრთელობის 22-ე მსოფლიო ასამბლეამ 1969 წელს დაამტკიცა ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები. იგი წარმოადგენს იმ იურიდიულ ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინონ ქვეყნებმა საერთაშორისო დაავადების საფრთხეზე. მისი მიზანია დაავადების საერთაშორისო გავრცელების თავიდან აცილება, დაცვა და კონტროლი. ამ რეგულაციების საფუძველზე ქვეყნები ვალდებული არიან შეიმუშაონ მუდმივმოქმედი სისტემა, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გამოავლენს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაციას მიაწვდის ინფექციური დაავადებების ისეთი ეპიდემიური აფეთქების შესახებ, რომელიც შესაძლოა ქვეყნის საზღვრებს მიღმა გავრცელდეს. ქვეყნები ვალდებულნი არიან, შესაბამისი მტკიცებულების მოპოვებიდან 24 საათის განმავლობაში მოახდინონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმირება იმ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის არსებობის შესახებ, რომელმაც შესაძლოა დაავადების საერთაშორისო გავრცელება გამოიწვიოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა უპირატესად საზოგადოებრივი სიკეთეა, ვიდრე კერძო, ინდივიდუალური სერვისი, ინფექციური დაავადებების ეპიდემიების ხანა მოითხოვს ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებების როლის ზრდას.

რთულ ეპიდემიოლოგიურ ხანაში შევედით, რომელიც ძირეულად შეცვლის სამყაროს წესრიგს, ეკონომიკას, განათლების და ჯანდაცვის სისტემებს, ადამიანურ ურთიერთობებს. თუმცა, თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების პერიოდში ყველაფერი დაძლევადია, მთავარია ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დროულად გათავისება და მიღება, ამას გვასწავლის ისტორია.

წინა სტატია

კორონავირუსის პანდემიის დროს რესტორნების კრიზისი გარდაუვალია, მსოფლიოში კვების დაწესებულებები ან დისტანციურ მუშაობაზე გადადის, ან იკეტება
14 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ბლოგი ბიზნესისა და სამართლის საჭირბოროტო საკითხებზე ანუ ის რაც ბიზნესს აწუხებს
16 მარტი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker