ამერიკული დოლარის აღზევება მსოფლიო ვირუსის კრიზისის ფონზე

ძლიერი დოლარი მნიშვნელოვან თავსატკივარს წარმოადგენს დღევანდელი მსოფლიოსთვის, რომელიც აქტიურად ებრძვის კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს გამოწვევას - ახალ კორონავირუსს. ზემოთქმული მოსაზრება განსაკუთრებით შეესაბამება განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ერთდროულად ორი გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ.

ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკული დოლარის  განსაკუთრებული გამყარების ერთ-ერთ მიზეზს ინვესტორების ქცევა წარმოადგენს, რომლებსაც მასიურად გააქვთ ინვესტიციები განვითარებადი ქვეყნებიდან და ზრდიან მოთხოვნას აშშ დოლარზე. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ეკონომიკის წახალისების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნების უმეტესობამ (მაგალითად: თურქეთმა, სამხრეთ კორეამ, ჩილემ და სხვა) წლის დასაწყისშივე შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები. საბოლოო ჯამში, ამერიკულ ვალუტაზე გლობალურად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიუხედავად, ამერიკული დოლარი გამყარებას განაგრძობს.

აშშ დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი სხვა ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ ამერიკული ვალუტის მდგომარეობას გვიჩვენებს, გასული კვირის განმავლობაში სამი პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში აღინიშნება ინდექსის კლება.

          

წყარო: investing.com 

დღეს ამერიკული ვალუტა, როგორც არასდროს, უფრო ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. მისი გამყარება კი დამატებით რისკებს უქმნის ბიზნესებს და მთავრობებს და ზრდის ვალის მომსახურების ხარჯებს. განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების დილემა დღეს ასეთია - თუ ისინი შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს, არსებული ვირუსის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი კრიზისის უარყოფითი გავლენის შესასუსტებლად, მაშინ ეროვნული ვალუტების კიდევ უფრო გაუფასურების რისკის წინაშე დადგებიან. აღნიშნული პრობლემა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს არ ეხება, ავსტრალიური დოლარი 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე გაუფასურდა, 5 პროცენტით გაუფასურდა ბრიტანული სტერლინგი, 10 პროცენტით ნორვეგიული კრონა.

სხვა ქვეყნების მსგავსად გაუფასურდა ლარიც, 2020 წლის დასაწყისთან შედარებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ 20 პროცენტს მიაღწია. ეროვნული ვალუტის კურსის მოკლევადიანი რყევების (სწრაფი გაუფასურების მიმართულებით) თავიდან ასაცილებლად საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ახორციელებს აშშ დოლარით ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე, რასაც გარკვეული შედეგები მოაქვს.

          

2020 წლის დასაწყისიდან აშშ დოლარის გამყარების მეორე მიზეზს ისიც წარმოადგენდა, რომ თებერვალში ვირუსის გავრცელების მასშტაბი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იყო მნიშვნელოვანი და ეკონომიკური მაჩვენებლებიც გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე ევროპასა და აზიაში. რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ სიტუაციაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელების ტემპს თუ დავაკვირდებით, იგი ბევრად გაზრდილია და აუცილებლად უარყოფითად აისახება ამერიკული დოლარის აღზევების პროცესზე. უფრო მეტიც, მოკლევადიან პერიოდში თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვირუსთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწია, ეს ფაქტი საპროცენტო განაკვეთების და ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან ერთად, უარყოფითად აისახება ინვესტორების გადაწყვეტილებებზე, რაც ამერიკულ დოლარს შეასუსტებს.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა პოლონეთი?
24 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა "ჰაინეკენი“?
27 მარტი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker