მშვიდობა შენდა, ავღანეთო!

პანდემიამ შთანთქა ყველაფერი. ვიზიტები, სამიტები, ვარჯიშები (საერთაშორისო სამხედრო) და არჩევნები - ყველაფერი დაიქვემდებარა. თუმცა, არის თემები და არიან ადამიანები, ვინც პანდემიის მიღმაც მნიშვნელოვან საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე ზრუნავენ. აქვე ვიტყვი: ამა თუ იმ კუთხით ეს თემებიც და კონკრეტული ადამიანების ძალისხმევაც გლობალური ეპიდემიის საერთაშორისო თუ საშინაო პოლიტიკაზე ზემოქმედების ჭრილში უნდა განვიხილოთ. თუ რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ. დღევანდელ ბლოგში საუბარი, როგორც სათაურიდან მიხვდით, ავღანეთს ეხება.

ზუსტად 1 თვის და 1 დღის წინ, 29 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში, ზალმაი ჰალილზადმა ყატარში სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა მოძრაობა თალიბანთან. მას შემდეგ თითქოს არც ისე ბევრი დრო გავიდა ერთის მხრივ, და თითქოს მთელი საუკუნე გავიდა კორონავირუსის გადამკიდე.

მალევე, თალიბანის მოძრაობის წევრებმა თავდასხმა განახორციელეს ავღანეთის შეიარაღებულ ძალებზე, რაზეც ამერიკელებმა მხოლოდ განცხადებით უპასუხეს. თუმცა, კიდევ ცოტა ხანში თალიბანმა ისევ გაიმეორა შეტევა, რასაც აშშ-ს მხრიდან უკვე გამაფრთხილებელი საჰაერო თავდასხმა მოყვა. მიუხედავად ამ მცირემასშტაბიანი შეტაკებებისა თუ თალიბების მხრიდან რეგიონებში განხორციელებული ტერორისტული აქტებისა, აშშ-ს წარმომადგენლები აშკარად თავშეკავებით გამოირჩევიან და დონალდ ტრამპის მიერ დასახული მიზნის - თავდაპირველად შემცირებისა და შემდგომ სრულად გაყვანის ამოცანის განხორციელებისკენ ისწრაფვიან.

ამერიკელების მიზანდასახულობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მაშინ, როდესაც ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დაიხურა, გაჩერდა და ეპიდემიასთან ბრძოლაზე გადაერთო, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო კი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. არცთუ ისე სასიამოვნო გამოდგა ეს ვიზიტი, არც ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანისთვის და არც მისი მთავარი კონკურენტის, აბდულა აბდულასთვის, რომელმაც ფაქტიურად ორხელისუფლებიანობა დააწესა (ორი ინაუგურაცია, ორი მთავრობა და ა.შ.). როდესაც გამოიკვეთა, რომ კონკურენტებს შორის შეხების წერტილების მოძიების პერსპექტივები არცთუ ისე დიდი იყო, მაიკ პომპეომ ჯერ ქაბულში, შემდეგ კი გზად შინისკენ ყატარის დედაქალაქ, დოჰაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ავღანეთისთვის 1 მლრდ დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ. მან აქვე დასძინა, რომ თუ მხარეები შეძლებენ მოლაპარაკებას და “ინკლუზიური“ მთავრობის ჩამოყალიბებას, დახმარების აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდება, ხოლო კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მაიკ პომპეომ დამატებით კიდევ 1 მლრდ დოლარის დახმარების პროგრამების შეჩერებაზეც მიანიშნა.

არ მიკვირს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გაცხარება, ვინაიდან როდესაც აშშ-ს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები, დონალდ ტრამპის მთელი ადმინისტრაცია მობილიზებული იყო მასტიმულირებელი ეკონომიკური პაკეტის შეთანხმების მიღწევაზე, ხოლო თავად, მაიკ პომპეო ცდილობდა ერთი პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელ ავღანელ პოლიტიკოსებს შორის შეთანხმების მიღწევას, ქაბულიდან უშედეგოდ წამოსვლა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის კურთხევით, აუცილებლად სანქციებით დასრულდებოდა.

მიუხედავად ამ წინააღმდეგობრივი ვითარებისა, მაინც იმედისმომცემად გამოიყურებოდა სიახლეები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის ტყვეების გაცვლის თაობაზე ვირტუალურად წარმოებული მოლაპარაკებებიდან.

როგორც ჩანს, დახმარების შეწყვეტის საფრთხემ  გარკვეული “ეფექტი“ მაინც იქონია. მოქმედმა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ჯერ განაცხადა, რომ შეეცდება სახელმწიფო მდივანთან გასაუბრებას და მის გადარწმუნებას. შემდეგ ამ განცხადებას მოყვა 21 კაციანი სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრაც (რასაც აჭიანურებდა აშრაფ ღანი), რომელმაც არსებული გეგმის თანახმად, 100 დღეში უნდა დაასრულოს მოლაპარაკებები თალიბებთან. სახელმწიფო მდივანმა კი მოუწონა ავღანეთის პრეზიდენტს მომლაპარაკებელთა შემადგენლობის გამოცხადება, თუმცა აქვე დასძინა, რომ მას იმედი აქვს, ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი ოპონენტი პოლიტიკოსებიც ასეთივე წარმატებით შეძლებენ ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით “თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას”.

ამასობაში, ახლა უკვე თალიბანი გაჯიუტდა და განაცხადა, რომ ამ შემადგენლობის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად არ დაჯდება, ვინაიდან ის არ მოიცავს მთელ სპექტრს.

ამასობაში, ისლამურმა სახელმწიფო “დაეშმა“ კი აალაპარაკა მთელი მსოფლიო, აქაოდა პანდემიის პირობებში “აისის“-იც კი ცივილიზებულად იქცევაო. რაც მართალი, მართალია, მათ არ დაურღვევიათ პირობა და ევროპის ტერიტორიაზე ტერორისტულ საქმიანობას მართლაც არ ახორციელებენ, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ ქაბულის ერთ-ერთ სალოცავში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 25 მშვიდობიანი ავღანელი დაიღუპა. პასუხისმგებლობა ამ აქტზე “დაეშმა“ აიღო. არ გათეთრდების ყორანი. L  

დავუბრუნდეთ პანდემიას და პოლიტიკას. აშშ-ს პრეზიდენტისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში წარმატების მიღწევას ეპიდემიამდეც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გახურებული კამპანია მიდიოდა და ამერიკელი სამხედროების სახლში დაბრუნება მის პოლიტიკურ ყულაბაში ძალიან სერიოზული შენატანი იქნებოდა. ამ მისიის შესრულებას დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციისთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიეცა მას შემდეგ, რაც პანდემია აბობოქრდა. 2.2 ტრილიონი დოლარი პატარა ფული ნამდვილად არ არის (პირადად ჩემი ვირტუალური წარმოდგენები ამ ციფრს ვერ წვდება), მაგრამ თავად ვირუსის გავრცელების მასშტაბებმა თუ ყველაზე უარეს პროგნოზებს გადააჭარბა, დონალდ ტრამპს აუცილებლად დაჭირდება სახლში დაბრუნებული ამერიკელი სამხედროების ფონზე მქუხარე გამოსვლის კადრების დემონსტრირება. ვერავინ იტყვის, რომ პანდემიასთან ბრძოლაში შეფერხების შემთხვევაში, ეს მის საქმეს უშველის, თუმცა, ახლა ყველა საშუალებას, ყველა ქმედებას თავისი ფასი დაედება.

ასე რომ, თუ მივადვნებთ თვალყურს აშშ-ს ადმინისტრაციის საერთაშორისო აქტივობას, დავრწმუნდებით, რომ ყველა მოქმედება სწორედ პანდემიის ჭრილში ხორციელდება და გამონაკლისს არც ავღანეთი წარმოადგენდა.

დამოუკიდებლად შიდა ამერიკული პოლიტიკური ორთაბრძოლისა, მიუხედავად თალიბებთან მოლაპარაკებების თაობაზე არსებული საფუძვლიანი სკეპტიციზმისა, გულით ვუსურვებ რეგიონისთვის (და არა მხოლოდ) უმნიშვნელოვანეს, მრავალჭირნახულ ავღანეთს და ავღანელებს მშვიდობას.  მშვიდობა შენდა, ავღანეთო!

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა "ჰაინეკენი“?
27 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ნაპოვნი დრო
30 მარტი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker