ვიქტორ ორბანის სოლო კოვიდი

გავა წლები და მოვიგონებთ ამ დროს. გავიხსენებთ, კრიზისულ პერიოდში ვინ რა გადაწყვეტილებებს იღებდა, მართვის როგორი უნარები ჰქონდა და თან რამდენად რჩებოდა ღირებულებების ერთგული.

ალბათ, მეც გადავავლებ თვალს პანდემიამდე და მის დროს დაწერილ ბლოგებს. რომ იცოდეთ, რა სიამოვნებით აღმოვაჩენდი ჩემს ბლოგებს სათაურებით “ფერენც პუშკაშის ცნობილი სოლო რეიდი“ ან თუნდაც “ფერენც ლისტის ვირტუალური სოლო კონცერტი და მისი დაუვიწყარი უნგრული რაპსოდია N2“. პოლიტიკას რა ვუყოთ, თორემ დაწერდა კაცი ბლოგს უნგრულ გულიაშზე (ვლოგს მაინც ჩაწერდა “როგორ მოვამზადოთ უნგრული გულიაში თვითიზოლაციაში“); ისე, ახლაც კი გირჩევთ “უნგრული დეპრესიისგან“ :) თავის დასაღწევად ჩაწეროთ, იოჰანეს ბრამსის უნგრული ცეკვა  “თიქ თოქ“-ზე და გაუზიაროთ სხვებს.

თუ ჭადრაკის ტრფიალი ხართ, ვინ არ ითამაშებდა დისტანციურად ერთ ხელს დები პოლგარებიდან რომელიმესთან. მართალია, უფროსი და, ჟუჟა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გახდა მსოფლიო ჩემპიონი, იუდიტი  ისრაელის მოქალაქეა, მესამე და სოფია კი ქვეყნის ერთგული, ჭეშმარიტი მაგიარი გროსმაისტერია, მაგრამ სამივე ხომ ბუდაპეშტში დაბადებულ-გაზრდილია. ბოლო ბოლო, ისეთი ვირტუალური გამოფენები კეთდება ამ დღეებში, მიხაი ზიჩის მოხატულ “ვეფხისტყაოსანს“ რომ შეეფერება. მოკლედ, კიდევ ბევრი რამის თქმა და დაწერა შეიძლება ულამაზეს ბუდასა და პეშტზე, მაგრამ პოლიტიკა არსად მიდის; ყველა ვითარებაში წინა პლანზე რჩება. მითუმეტეს, როდესაც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებ, რომლის შემდეგაც შენი ქვეყნის მიმართ კრიტიკაც მწვავდება და უმწვავესი განცხადებებიც კეთდება.

სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 30 მარტს უნგრეთის პრემიერ მინისტრ, ვიქტორ ორბანის პარტიამ “ფიდეშ“, რომელსაც ქვეყნის პარლამენტში მანდატების 2/3 გააჩნია. კერძოდ, მან შემოიღო საგანგებო მდგომარეობა... განუსაზღვრელი ვადით. ამიერიდან, აწ და მარადის კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ვიქტორ ორბანი მართავს ქვეყანას დეკრეტებით და შეუზღუდავი უფლებებით. ყველაფერ “სიკეთესთან“ ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების გამო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაწესდა (ვხედავ აღტყინებულ თანამემამულეებს: “ძალიანაც კარგი!!! კაცი ეგ ყოფილა!!!! ჩვენთანაც დიდი ხანია შემოსაღებია!!!“. ეს, არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ოპოზიციურ ძალას, ან მოქმედ თანამდებობის პირს. სამწუხაროდ, ჩემს “ბაბლშიც“ ბევრია ისეთი, ვინც დიიიდი სიამოვნებით იხილავდა გისოსებს მიღმა ჟურნალისტებსაც და პოლიტიკოსებსაც (მათი საქმიანობის ხარისხზე არ მაქვს აქ საუბარი. გამოხატვის თავისუფლების “ჩაბეტონებას“ რომ ტაშის კვრით შეხვდებოდა ბევრი, ეგ მგონია ჩვენს ერთ-ერთ უსერიოზულეს პრობლემად).

ჟამიანობის დროს დემოკრატიის მიმართულებით, ვიქტორ ორბანის მიერ განხორციელებული სოლო “კოვიდი“ (სხვა ვითარებაში რეიდი), რა თქმა უნდა, ევროპაში და ევროსტრქტურებში მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. გაისმა მკაცრი განცხადებები და მოწოდებები. მათ შორის ყველაზე მწვავე იყო ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ასელბორნის მოთხოვნა უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვის თაობაზე. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის წინაშე კვლავ დადგა საკითხი ორბანის პარტია “ფიდეშ“-ის ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი, მემარჯვენე ცენტრისტული გაერთიანებიდან გაძევების თაობაზე. მას წერილობით ბლოკში შემავალი 13 ქვეყნის, მ.შ. ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, ფინეთის, შვედეთის, დანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვას, საბერძნეთის და სხვ. ლიდერებმა მიმართეს. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის არ არიან გერმანიის ორი ყველაზე მსხვილი პარტიის - CDU და CSU-ს ლიდერები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორბანი ევროკავშირის სტრუქტურებს ხელთათმანს ესვრის და, რაც მთავარია, მის მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს აიგნორებს. არც მისი მმართველი პარტიისთვის იქნება გასაკვირი, თუკი ევროპის სახალხო პარტიაში კვლავ დადგება დღის წესრიგში მისი გარიცხვის საკითხი, რომელსაც წლის დასაწყისში წევრობა ისედაც დროებით შეუჩერდა.

ვიქტორ ორბანის ძალაუფლება განსაკუთრებით მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ გამტკიცდა (ისევ მესმის ოვაციები - “კაცია კაცური“!). მისი ნაციონალისტურ-პოპულისტური იდეოლოგია იმდენად პოპულარული გახდა ქვეყანაში, რომ ვიქტორ ორბანი ზედიზედ მესამედ აირჩიეს ქვეყნის პრემიერ მინისტრად, ხოლო მის მიერ მიღებულ არადემოკრატიულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გამოხატული სახალხო პროტესტი მისსავე ნაციონალისტურ-პოპულისტურ მოქმედებათა ტალღებში ჩაიკარგა.

ყველასთვის ცნობილია ვიქტორ ორბანის პოლიტიკური სიმპატიები რუსეთის პრეზიდენტისადმი, თუმცა, ის ასევე აქებს და ადიდებს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ღიად უჭერს მხარს დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს ბრექსიტის განხორციელების გამო. არც პანდემიამდე აკლებდა და ახლა ხომ საერთოდ უმაღლეს ხარისხში ჰყავს აყვანილი ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი და უნგრეთის ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა. ამ ურთიერთობებზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ თუკი რეალურად დაიწყება უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვის საკითხის განხილვა, და სხვათაშორის, ვიქტორ ორბანმა თავადაც გაახმიანა მზაობა ევროკავშირის დატოვების თაობაზე, მის გვერდში აუცილებლად აღმოჩნდებიან “კეთილი სამარიტელი“ ჩინელები და უნგრეთის “განმანთავისუფლებელი“ რუსები. 

მოკლედ, ევროკავშირისთვის, ვიქტორ ორბანი კიდევ ერთი სერიოზული თავსატკივარია (კიდევ კარგი ახლა იტალიის პრემიერ მინისტრი პოპულისტი სალვინი არ არის!). ცხადია, ევროსტრუქტურებში ვერ აყვებიან ემოციურ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე არ მიიღებენ. სწორედ ამაზე მიანიშნებს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინის მიერ გავრცელებული კრიტიკული განცხადება, სადაც ძირითადად საუბარია ევროპული ღირებულებების და პრინციპების ერთგულებაზე და არ არის კონკრეტულად ნახსენები უნგრეთი. თანაც მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არის მიყვანილი ბოლომდე ბრექსიტის პროცესი და არც ევროპა არის ამ შოკიდან გამოსული.

ასე რომ, ახლა კიდევ უნგრეთის გარიცხვის საკითხის დაყენება, ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზარისით ნამდვილად არ იქნება მაინცდამინც პრაგმატული გადაწყვეტილება. თუმცა, როდემდე გაუძლებს ევროკავშირი ვიქტორ ორბანის სოლო კოვიდებს, ძნელი სათქმელია. სასწორზე იდება თავად ევროკავშირის პოლიტიკური ავტორიტეტი და მისი როლი ახალ მსოფლიო დღის წესრიგში.         

წინა სტატია

COVID - 19, კორპორაციული პასუხისმგებლობა და საქართველო: პესიმისტურ-ოპტიმისტური ანალიზი
04 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

CoronaEconomics
06 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker