მოწამლული სარტყელი

მიყვარს ერთგული სიტყვები - სიტყვები, რომელთა გამოყენება მხოლოდ ერთ სხვა სიტყვასთან არის შესაძლებელი. აი, მაგალითად:

იხტიბარი შეგიძლია მხოლოდ არ გაიტეხო.

აინუნში შეგიძლია მხოლოდ არ ჩააგდო.

სახტად შეიძლება მხოლოდ დარჩე.

ნიშნი“ შეიძლება მხოლოდ მოუგო.

...რა შუაშია ეს ამ პანდემიისას?

არც არაფერში, მაგრამ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს უმისამართო აზრები მოსდევს. სტრესს ხომ ბევრი სახე აქვს. ხშირად, სრულიად მოულოდნელი და აუხსნელი. ალბათ, ყველას გვინახავს მოცინარი ან ქელეხის სამზადისში ლიმონათების თვლითა თუ ღვინის შერჩევით გართული ჭირისუფალი (ჯვარი და NATO აქაურობას!), რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ წუხს, არ განიცდის ან ვერ აცნობიერებს დანაკარგს. არა. ეს გონიერი ორგანიზმის  ავტომატური თავდაცვაა.

უმეტესი ჩვენგანი სავსებით არხეინად აგრძელებს ცხოვრებას და ისე აჩვენებს თავს, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ან თითქოს ქარიშხლის ჩადგომისა და გამოდარების მოლოდინში მხოლოდ რამდენიმე დღით ვიყოთ შინ შეკეტილი. ამასთან, ფეისბუქმა და ჯგუფური ონლაინ სესიების ათასგვარმა ელექტრონულმა პლატფორმამ საზოგადოებისგან იზოლაცია ნაკლებ აუტანელი გახადა. სოციალური კავშირები შენარჩუნებულია, მაგრამ ფორმას იცვლის. განცდა (თუ ილუზია), რომ ცვლილებები დროებითია და მალე ყველაფერი კორონამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, კიდევ უფრო ამსუბუქებს ყოფას.

ამასობაში, ინგლისელებმა, რომელთა პრემიერ მინისტრი სასუნთქ აპარატზეა მიერთებული, ამ ვითარებას The New Normal შეარქვეს. “ახალი ნორმალური“.  ანუ ცხოვრების ახალი წესი. არა დროებითი, არამედ ახალი. არა მოსათმენი და გასაძლებ-გასატანი, არამედ გარკვეული მუდმივობისთვის განწირული და ახალ ყაიდაზე გადასაწყობი. “როგორ ხარ? - ნორმალურად.“ ახლა ხომ ესაა ნორმალური.

ვამჩნევთ და ვიმჩნევთ თუ არა, ჩვენს სხეულში ურთიერთგამომრიცხავი ემოციები ცოცხლობენ, სხვადასხვა მიმართულებით მიდი-მოდიან და თავს გვახსენებენ არც თუ ყოველთვის ლოგიკური რიგითობით. როგორც ქოციანობის ჟამის პირველი გენერალური პროკურორი, ბ-ნი არჩილ კბილაშვილი იტყოდა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, პროკურატურა ხინკლის ქვაბივითაა - არასდროს იცი, რომელი საქმე მოიხარშება და წამოვა ზემოთ პირველი. ეს რომ სოციალური ქსელი იყოს, აქ გულის ნიშანს დავსვამდი. ახლა კი უბრალოდ ვიკითხავ - მარტო პროკურატურა რატომ?!  სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანის ემოციებიც შუაცეცხლზე მოთუხთუხე ჩალხანასავითაა: ყოველდღიურად, ყველა ჩვენგანში უამრავი ემოცია ბარბაცებს. დათრგუნული და გამხელილი, უხიაგი და თავნება, უდარდელი და ისტერიული - ემოციები, რომლებიც დღის მანძილზე, ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად, წვრილ საცერში ატარებს ჩვენ ცენტრალურ ნერვულ სიტემას.

ყველაფერი აქაა:

შიში.

ნევროზი.

უძილობა.

რეალობის უარყოფა (denial).

მოლოდინი.

ძილქუში.

პანიკა.

სიმშვიდე.

ისევ შიში.

კითხვები.

კითხვებისგან გაქცევა.

ეჭვი.

გაურკვევლობა.

კვლავ შიში.

გაურკვევლობის რუტინად ქცევა.

ახალი კომფორტის ზონის ძიება.

შეგუება.

ფონად - გაჭირვება, დაკარგული ან უვადოდ დაკეტილი სამსახური, კიდევ უფრო გაუფასურებული ლარი და თვალსადახელშუა განლეული დანაზოგი, გაუქმებული უფლებები, ქვეყანას დაპატრონებული უცნაური ადამიანები, რომელთა კრიტიკა აღარ შეიძლება (“ახლა ამის დრო არაა!“), გამქრალი ოლიგარქი, რომლის შესახებ მხოლოდ ძველი თბილისის თავზე მშენებარე, “პანორამად“ წოდებული კორპუსების ტოქსიკური ბუკეტი და საქართველოს ტერიტორიაზე მისი სახლის მიმართულებით მოძრავი გიგანტური ხეები შეგვახსენებს. პრინციპში, მისი პირადი თანაშემწეებისგან შემდგარი საქართველოს მთავრობაც, რომლის წევრების დიდი ნაწილი იმ წამიდან აღარ იქნებოდნენ სავარძლებში, რა წამს გაიგებდნენ, რომ ბატონი წავიდა.

ამდენად, ბიძინა კარგადაა. ეს მამშვიდებს (ვიღაც ხომ უნდა იყოს კარგად ამ ქვეყანაში?).

ვრჩებით სახლში და ვფიქრობთ... სანამ სახლში ჯდომის გამო გასუქებაზე წუხს ზოგი, რა გვიჭირს. აი, ფული და საჭმელი რომ დამთავრდება და გახდომას დავიწყებთ, მერე ვართ ცოდო.

ვრჩებით სახლში და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ იმ კატასტროფის ადამიანურ და ეკონომიკურ მასშტაბებს, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება.  არაა საჭირო ვირუსის გავრცელების მიზეზების, აღრიცხვის მეთოდების, ლეტალობის ციფრების ან მთავრობის ნაბიჯების გონივრულობის “ჩაანალიზება“. რაც უკვე მოხდა და რაც ამ სპირალში გარდუვლად ჯერ კიდევ მოსახდენია, იმაზე მოგახსენებთ.

...რა არ უნახავს ჩემს თაობას. ბედმა საუკუნეთა - ათასწლეულთა - ეპოქათა ტექტონიკურ მიჯნაზე ცხოვრება გვარგუნა. მახსოვს ბრეჟნევის სიკვდილი. მერე -  ანდროპოვის. მალევე - ჩერნენკოსი. მახსოვს ტყლიპიანი გორბაჩოვი, “პერესტროიკა“, 9 აპრილი, აგვისტოს პუტჩი, 28 ოქტომბრის პირველი დემოკრატიული არჩევნები, დამოუკიდებლობის გამოცხადება, საბჭოთა კავშირის ჩაძაღლება, თბილისის ომი, სიცივე, შიმშილი, შიდა და გარე მტრის ცინიზმი - როცა სიბნელე სინათლეა და ძალადობა კანონია... მახსოვს ის სანუკვარი დრო (სანამ ღირსებასა და სამართლიანობას წაგვართმევდნენ), როცა დაკავებულებს პირდაპირ შსს შენობიდან ყრიდნენ და ამას თვითმკვლელობად ასაღებდნენ, მახსოვს ადამიანების გატაცება, როგორც ბიზნესი, 2001 წლის 11 სექტემბერი, 2003 წლის 23 ნოემბერი, 2008 წლის 7 აგვისტო, 2012 წლის 1 ოქტომბერი, სადამ ჰუსეინისა და მოამარ კადაფის მოულოდნელი, მაგრამ ერთობ პოეტური  აღსასრული, ენრონის სკანდალი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი...

მაგრამ ასეთი ჯერ არაფერი მინახავს.

აქამდე, ყველა უბედურება ლოკალიზებული იყო: ვიღაცას უჭირდა, ვიღაცას ციოდა, ვიღაცას დევნიდნენ, ვიღაცას კლავდნენ, მაგრამ ვიღაც - ადამიანების დიდი ნაწილი - ყოველთვის აგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. მძიმეს თუ დალხენილს, მხიარულს თუ არც ისე - მაგრამ ჩვეულს.  აქამდე ყოველთვის შეგეძლო უბედურებისგან გაქცევა და წასვლა იქ, სადაც ყველაფერი კარგად იყო, თეორიულად მაინც. კიტოვანის და იოსელიანის საქართველოდან - ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ დარჩენილ ამერიკაში, ომით გავერანებული სირიიდან - ევროპაში, და ა.შ.

ახლა?

ახლა, გლობალიზაციის მადლით, ვირუსი და მასთან დაკავშირებული პანიკა იმდენად ელვისებურად მოედო კაცობრიობას, რომ რამდენიმე დღეში მთელი სამყარო გააჩერა. მსოფლიო გაიყურსა - თითქოს სანგარშია ჩაწოლილი, იმინენტური აპოკალიფსის მოლოდინში.  

სტრესს ის ამძიმებს, რომ მტერი უჩინარია. ის არსადაა და, ამასთანავე, ყველგან შეიძლება იყოს. შესაძლოა ის უკვე მოსულია და ჩვენ ჯერ არ ვიცოდეთ, შეიძლება მხოლოდ მაშინ გავიგოთ, როცა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყებს ხალხი სანგარში ცვენას. მტერი, რომელიც იმაზე სწრაფად ცვლის ჩვენს ცხოვრებას, ვიდრე ჩვენ ვასწრებთ გაცნობიერებას, რომ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ. რეალობაში, რომელიც უახლოეს თვეებში დიდად არ შეიცვლება.

არადა, სულ რაღაც 3-4 კვირის წინ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა:

5 მარტს მეგობრებს შევხვდი “8,000 მოსავალში“. გვიანამდე მოვილხინეთ. 6 მარტს სალომე დაბრუნდა გუდაურის “სბორიდან“ (ტრადიციულად, პირველ ადგილზე გავიდა). 8 მარტს სათანადო პატივი ვერ მივაგე კლარას და როზას, მაგრამ ამაში COVID-19-ის დამსახურება ჯერ არ იყო. 11 მარტს ლუკაჩოს და ნინოს დაბადების დღე აღვნიშნეთ მოგუდულად. 12 მარტს ვიღაცები უკვე წუხდნენ, რომ სადღაც ვიღაცებს უცნაური დაავადება შეეყარათ და აწი მგონი ჩვენც უნდა ვინერვიულოთო, მაგრამ სხვები პასუხობდნენ, რომ სეზონური გრიპი გაცილებით მომაკვდინებელია და დასცინოდნენ ყველას, ვინც მიიჩნევდა, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. 13 მარტს ამერიკის ვიზიტი გადავდე. 16 მარტს მარიამს უნდა დაეწყო მუშაობა, მაგრამ გაურკვევლობის გამო, ვთხოვეთ, გადავდოთ თქო. 18 მარტს სკოლიდან დამირეკეს, ნიკო პირველ კლასში ჩაირიცხაო.

21-ში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მალევე - კომენდანტის საათი.

თითქოს ყველაფერი გაჩერდა. გაჩერდა დროც. გაჩერდა ისე, როგორც არ გაჩერებულა არც ერთხელ, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ.  გაჩერდა ქარხნები, გაჩერდა ბირჟები, გადაიდო ოლიმპიადა, საფეხბურთო ჩემპიონატები, კინო და მუსიკალური ფესტივალები.

თავიდან ღონისძიებები ერთი კვირით იდებოდა. მერე - ერთი თვით. ახლა - განუსაზღვრელი ვადით, ან საერთოდ უქმდება.

ამ ვირუსმა, ჩვენს ეპოქაში პირველად, გრეტა თუნბერგებისგან განსხვავებით, სრულიად ბუნებრივად და ხორციელად დაგვანახა, რომ ყველანი - მთელი კაცობრიობა - ერთ ნავში ვსხედვართ. რომ კოსმიური გადმოსახედიდან დედამიწა ამ გალაქტიკის ერთი პროვინციული პლანეტაა, როგორც ჩვენთვის რომელიმე პატარა სოფლის გარეუბანი და რომ დღეს ჩვენ ყველა, რვავე მილიარდი, ერთი “კლასტერი“ ვართ.

ამ ვირუსმა ასევე დაადასტურა ბებიაჩემი გულიკოს გენიალური თეზისი, რომ რაც მეტი დრო გაქვს, მით ნაკლებს ასწრებ.  ამ შინაგანი რწმენით აღსავსე ხელმძღვანელობდა ჩემი აღზრდის ოპერაციას სანამ მამაჩემთან ბრძოლის ჟინი გაუნელდებოდა.

მართლაც, სად მიგვდის ამდენი თავისუფალი დრო?

აკი ადრე ყველანი ქარაფშუტულად ვვარაუდობდით, რომ თავისუფალი დრო ბევრი დაგროვილი და გადადებული საქმის გასაკეთებლად გამოდგებოდა - წიგნები, ფილმები, სხვა. მაგრამ ამის ნებისყოფა ცოტას აღმოაჩნდა (თქვენი არ ვიცი და, მე ამ წერილის დაწერას ძლივს მოვაბი თავი).

ასეა თუ ისე, განსაცდელისას, ყველაფრის ფასს სხვანაირად აცნობიერებ. აქ რა მოსატანია, მაგრამ ჯარიდან რომ დავბრუნდი, ერთ ხანს, ცხელი წყალი და უნიტაზი ყველაზე დიდ ფუფუნებად მეჩვენებოდა. მაგრამ მალევე შევეჩვიე. ხოდა, დაფასება უნდა ყველაფერს, რაც გვაქვს და რასაც კორონამდელ რუტინაში თავისთავად მოცემულობად ვიღებდით:

ოჯახთან და შვილებთან გატარებულ ხარისხიან დროს.

საქმეს, რომელიც გვარჩენს.

მოგზაურობას.

სიყვარულს.

კონან დოილის მოთხრობის არ იყოს, დედამიწა აუცილებლად გამოვა მოწამლული სარტყელიდან. საკითხავი ისაა, ამ სარტყელიდან გამოსვლის შემდეგ, რა რეალობა დაგვხვდება გარეთ: გლობალიზაციის სიკვდილი თუ ახალი სიცოცხლე? მეტი დისტანციური განათლება და ბიზნესი თუ home schooling-ი და ხანგრძლივი რეცესია?

რომელიღაც პარალელურ სამყაროში, ყველა შესაძლო სცენარი ერთდროულად არსებობს. იქნებ ღრუბლებში ვიღაც ზის და სპლინის განსაქარვებლად ფიქრობს, როგორ განვითარდეს კაცობრიობის ბედი - ასე უეცრად და პროზაულად დასრულდეს ჰომო საპიენსის ხანა თუ ხიფათმა გადაიაროს და უფრო ჯანსაღი გამოვიდეთ კრიზისიდან, ახალი ხედვითა და ჩვენი სახეობის გადარჩენისთვის აუცილებელი იმუნიტეტით?  მოკლე პაუზა ხანგრძლივ ფერმატაში გადაიზარდოს - სტაგნაციით, ლიბერალური დემოკრატიის კრიზისით, სოციალიზმისა და ავტორიტარიზმის აღზევებით - თუ ვუჰანში შობილი ფათერაკი შორეულ მოგონებად იქცეს, რომელსაც დემოგრაფიული და ეკონომიკური ბუმი მოჰყვება?

არის ვარიანტი, ბევრი არაფერი შეიცვალოს. ადამიანი ხომ არასდროს სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, სხვისაზე - მით უმეტეს.

საბედნიეროდ, თითქმის ყველაფერი ჩვენს ხელშია. ხოდა, იხტიბარი არ გავიტეხოთ. საბოლოო ჯამში, გრიგოლ რობაქიძე მაინც მართალია:

ვერ გავექცევით მხოლოდ მრავალჟამიერს.

- მაშ ერთი პატარა მრაააააა...

წინა სტატია

CoronaEconomics
06 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე
10 აპრილი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker