როგორ გამდიდრდა “ტესლა“?

ელექტრო ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია “ტესლამ“ 2019 წელს 368 ათასი ავტომობილი გამოუშვა და 25 აშშ მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის აქტივები 34 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 48 ათასზე მეტი ადამიანი. კომპანიის ყველაზე დიდ წილს - 22%-ს ცნობილი ბიზნესმენი, ილონ მასკი ფლობს.

ტესლა მოტორსი“ 2003 წელს კალიფორნიაში ამერიკელმა ინჟინრებმა, მარტინ ებერაჰრდმა და მარკ ტარპენინმა დაარსეს. კომპანიას სახელი ცნობილი ამერიკელი გამომგონებლის და მეცნიერის ნიკოლა ტესლას საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც ელექტროენერგიასთან დაკავშირებული აღმოჩენებით უფრო არის ცნობილი. თავიდანვე მათი მიზანი მაღალი ეფექტიანობის მქონე ელექტრო ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების შექმნა იყო. მათ მალე იან ვრაითი შეუერთდათ. 2004 წლიდან მანქანების გამოსაშვებად კაპიტალის მოძიება დაიწყეს და პირველ ინვესტიციად მოზიდულ 7.5 მლნ დოლარში 6.5 მლნ დოლარი ილონ მასკს ეკუთვნოდა, რომელმაც ამავე დროს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) ებერჰარდი გახდა. ამავე წელს მათ გუნდს ჯეფრი შტრუვბელი შეუერთა. სწორედ ეს ხუთი ადამიანი ითვლებიან დღემდე “ტესლას“ დამფუძნებლებად.

თავიდან მასკი ძირითადად მანქანების დიზაინის მხრივ იყო ჩართული, თვითონ ქმნიდა დიზაინებს და 2006-2007 წლებში დიზაინში საერთაშორისო ჯილდოებიც კი მიიღო.

კომპანიის მიზანი თავიდანვე გახდა ფინანსურად ხელმისაწვდომი ხარისხიანი ელექტრო ავტომობილების წარმოება, რომელიც სიმძლავრესთან ერთად ერთი დამუხტვით განვლილი მანძილითაც იქნებოდა გამორჩეული.

2004 წლიდან დაიწყეს კომპანიის პირველი მოდელის სერია “A“-ს წარმოება. 2006 წლიდან კი სერია “B“-ს. 2006 წელს კომპანიამ 40 მლნ დოლარის ინვესტიციები მიიღო “გუგლის“ და “იბეის“ დამფუძნებლებისგან. თანდათან სხვა ინვესტორებიც დებდნენ ფულს “ტესლაში“ და 2007 წელს ჯამურმა ინვესტიციებმა 105 მლნ დოლარს მიაღწია.

კომპანიის თავდაპირველმა მოდელებმა ვერ გაამართლა, რადგან ვერ ახერხებდა ერთი დამუხტვით დიდი მანძილის გავლას. პირველი წარმატებული მოდელი 2008 წელს გამოსული “Roadster“ იყო, რომელსაც 250 მილის გავლა შეეძლო და სიმძლავრით სპორტულ ავტომობილებს უახლოვდებოდა. თუმცა, ვერ მიიღწა მთავარი მიზანი, ავტომობილს ხელმისაწვდომი ფასი ჰქონოდა. “Roadster“-ის ფასი 100 000 დოლარიდან იწყებოდა. ასევე, პრობლემა იყო დამუხტვის დრო. სპეციალური დამტენის გამოყენების გარეშე 24-48 საათი სჭირდებოდა. დღეისათვის ეს დრო 1 საათამდე შემცირდა, მაგრამ საწვავზე მომუშავე ავტომობილების ავზის შევსებისთვის საჭირო დროსთან შედაერებით, ისევ გაცილებით მეტია.

2008 წლიდან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გახდა. 2009 წლის კრიზისის დროს “ტესლას“ ძალიან გაუჭირდა, კომპანია გაკოტრების პირას იყო. მშველელად “დაიმლერი“ მოევლინა, რომელმაც კომპანიის 10% იყიდა 50 მლნ დოლარად. 465 მლნ დოლარის სესხი “ტესლამ“ ამერიკის მთვავრობისგან მიიღო. 2010 წელს კომპანიამ ნასდაქზე განათავსა აქციები და 226 მლნ დოლარი მოიზიდა.

2011 წელს “ტესლამ“ ახალი მოდელი “Model S“ გამოუშვა, რომლის ფასი 76 000 დოლარი იყო და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა წინამორბედის ფასს. “Model S“ საკმაოდ წარმატებული გამოდგა, შემცირებული დამუხტვის დროით და 300 მილამდე მანძილის გავლით. ეს იყო ძლიერი მონაცემების, მაღალი კლასის ავტომობილი. 2012 წლიდან კომპანიამ “Roadster“-ის წარმოება შეწყვიტა.

2012 წლიდან “ტესლამ“ უფასო დამუხტვის წერტილები გახსნა სხვადასხვა ქალაქებში. 2013 წელს კომპანია მოგებაზე გავიდა და ელემენტების საწარმოებლად ნევადაში გიგაფაქტორის მშენებლობა წამოიწყო.

2015 წელს კომპანიამ მზის ენერგიის დანადგარების წარმოება დაიწყო ბიზნესებისთვის და ოჯახებისთვის. ასევე გამოუშცა “Model X“, რომლის ფასი 35 000 დოლარი იყო.

2017 წლიდან კომპანიას სახელი შეეცვალა და “ტესლა მოტორსის“ ნაცვლად “ტესლა Inc“ დაარქვეს. 2018 წელს კომპანიის მმართველი რობინ დენჰოლმი გახდა.

2020 წელს საბაზრო ღირებულებით კომპანია ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ამერიკული კომპანია გახდა, როცა მისმა ფასმა 105 მილიარდ დოლარს მიაღწია. მსოფლიოში კი მხოლოდ “ტოიოტას“ ჩამორჩება.

დღეს “ტესლას“ ქარხნებში მანქანებს რობოტები აწყობენ. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კომპანიას მილიონზე მეტი ავტომობილი აქვს გამოშვებული. წელიწადში დაახლოებით 100 000 ავტომობილს ყიდის. გაყიდვების უმეტესობა “Model 3“-ზე და “Model Y“-ზე მოდის.

წინა სტატია

Georgia needs Post-Pandemic Grand Strategy
13 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

Short guide for better remote working
15 მაისი, 2020
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker