Mr. Motivator

ვიქტორიანული ხანის ორთოპედიული დანადგარებიდან ჰულა-ჰუპამდე კაცობრიობამ დიდი გზა განვლო. ინდოეთში იყო იოგა, ტაიჩი ჩინეთში, ძველ საბერძნეთში მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობები ფიზიკური აქტივობის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს წარმოადგენდნენ. 

ტექნიკური პროგრესით ნაკარნახევი ცვლილებები ფიტნესს არნახული ძალით შეეხო. ჩვენი ბაბუების თაობა ხაზის რადიოზე ტრანსლირებული, დილის გამამხნევებელ ვარჯიშების ფონზე იღვიძებდა. ჩვენ, კი ახლა გაჯეტები გვითვლიან გადადგმული ნაბიჯებისა და დამწვარი კალორიების რაოდენობას. 

ორი საუკუნის წინ, 1861 წელს გამოცემულ სპეციალურ გზამკვლევში, ორთოპედიული მოწყობილობების ინჟინერი, გუსტავ ერნსტი (Gustav Ernst) ვიქტორიანული ხანის ინგლისელებს სახლის პირობებში ვარჯიშისათვის განკუთვნილი პორტატული სავარჯიშო მოწყობილობების სიკეთეზე უყვებოდა. იქვე იყო ილუსტრაციები - ამა თუ იმ მოწყობილობის გამოყენებით პატივსაცემ ჯენტლმენებს რამდენი და როგორ უნდა ევარჯიშათ. დღის რეჟიმის შედგენის პირველი ჩანასახი, სწორედ ერნსტის სახელს უკავშირდება.

ე.წ. სახლის ფიტნესი დღევანდელი ფორმით ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან იწყებს განვითარებას.

სწორედ ამ პერიოდში, 1951 წელს, თანამედროვე ფიტნეს ინდუსტრიის ფუძემდებელმა, ჯეკ ლეილანმა (Jack Lalanne) პირველი სატელევიზიო შოუ “A one-man Programme” შექმნა. ტელეგადაცემა თეთრკანიანი, საშუალო კლასის, დიასახლისი ქალბატონების მთავარ გასართობ შოუდ ჩამოყალიბდა. ფიტნესის ამერიკელი გურუს მიერ შედგენილი ვარჯიშების სპექტრი ნელ-ნელა ქალების ყოველდღიური რუტინის ნაწილად გახდა. მარტინის მოწრუპვისა და სიგარეტის მოწევსთან ერთად ვარჯიშიც ამერიკელი ქალბატონების ცხოვრების აუცილებელ შემადგენელ ნაწილად იქცა. 

ამ პერიოდს უკავშირდება სხადასხვა ფიტნეს ატრიბუტიკისა თუ სპეციალური ეკიპირების შექმნის ისტორიებიც. ე.წ. Slim-suits, ვინილის ერთიანი კომბინიზონი 60-იანი წლების ნამდვილ ჰიტად იქცა. მწარმოებლები ცხიმების სწრაფ წვას და წონაში გარანტირებულ კლებას პირდებოდნენ მომხმარებლებს.

ყველასთვის ცნობილი და მრავალფუნქციური “ჰულა-ჰუპი” კი, 1958 წელს, ბაზარზე გამოსვლიდან პირველ 6 თვეში, 100 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. 

პირველი ფიტნესკლუბი ამერიკაში, 70-იან წლებში გაიხსნა. ვეებერთელა სარკეებით აღჭურვილი  დარბაზები, სადაც მუდამ კარგი მუსიკა ისმოდა მალევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად გადაიქცა. 

მორიგი გარღვევა ამ სფეროში 1982 წელს VHS ვიდეო-კასეტების შემოსვლას მოჰყვა. ჯეინ ფონდას (Jane Fonda) ფიტნეს გაკვეთილები, რომელიც VHS-ის ვიდეოკასეტებით ვრცელდებოდა 17 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა.

ჩემი თაობის გოგონებს სინდი კროუფორდის (Cindy Crayford) ვარჯიშების სერიები გვახსოვს - 90-იან წლებში, საერთო შიმშილისა და უშუქობის დროს VHS-ის კასეტებით ხელიდან ხელში, რომ გადადიოდა. 

სავარჯიშო დანადგარების შესახებ გუსტავ ერნსტის (Gustav Ernst) იდეამ სრულიად ახალი ფორმა 1990 წელს მიიღო, როდესაც კომპანია Nordic Track-მა ბაზარზე პირველი სტაციონალური ველოტრენაჟორი შემოიტანა. 

ათწლეულების განმავლობაში ფიტნეს ინდუსტრია Wellness ინდუსტრიად გარდაიქმნა და ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთ და არა ერთადერთ კომპონენტად ჩამოყალიბდა. 

რაც შეეხება საქართველოს, ფიტნეს ინდუსტრია კვლავაც ჩამოყალიბების პროცესშია. სატრენაჟორო დარბაზებისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების რაოდენობა წლიდან-წლამდე მატულობს, უმჯობესდება მომსახურების სერვისი და მათი ტექნიკური აღჭურვა. პერსონალური მწვრთნელების პროფესიონალიზმის დონეც თანდათან მატულობს. 

ფიტნეს ინდუსტრიის  ყოველდღიურობა Covid-19-მა დიდწილად შეცვალა. პირველ რიგში გადააფასა  ადამიანების დამოკიდებულება, საკუთარი ჯანმრთელობისა და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. 

ვირუსის გამო დახურული ფიტნეს დარბაზების სანაცვლოდ, სახლებში მოეწყო მცირე სავარჯიშო სივრცეები. ქუჩებსა და ბუნებაში ფეხით სიარული თუ სირბილი კი ველობილიკზე ვარჯიშის უკეთეს ჩამნაცვლებლად იქცა.  ინტერნეტ სივრცე დაიპყრო სხვადასხვა ფიტნეს ინფლუენსერების ბლოგებმა და ონლაინ გაკვეთილებმა. იოგის კლასებმა ზუმში (Zoom) გადაინაცვლა. პერსონალური ინსტრუქტორები ლაივ რეჟიმში აკვირდებიან მათი მოწაფეების ვარჯიშის პროცესს. ამერიკასა და ევროპაში პანდემიის პერიოდში, სავარჯიშო ინვენტარის გაყიდვებმა 55%-ით მოიმატა. 

ქართულ რეალობაში  სამ თვიანმა თვითიზოლაციამა და ჩაკეტილობამ ვარჯიში ფსიქიკის გადატვირთვისა და ფიზიკური გადარჩენის განსაკუთრებით შედეგიან საშუალებად აქცია. 

ვირუსი ნამდვილ Mr. Motivator-ად იქცა. 

პოსტ-პანდემიურმა ეპოქამ ფიტნეს ინდუსტრიას ბევრი რამ ასწავლა... ახლა მთავარია მიღებული გამოცდილება კონკრეტულ ქმედებებში გადაიზარდოს. 

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გაიხსნას უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ფიტნეს ცენტრი. მასიურ მოხმარებაზე გათვლილი დარბაზები, სადაც ყველა მსურველს მინიმალური ღირებულების გადახდის შემთხვევაში, საბაზისო მომსახურების მიღება შეეძლება; 

დამატებითი აქცენტი გაკეთდეს ე.წ. outdoor fitness class-ებზე, სადაც ადამიანებს სხვადასხვა ტიპის ფიზიკური აქტივობით დაკავება ქალაქში არსებულ რეკრეაციულ ზონებში შეეძლებათ; 

ონლაინ გაკვეთილები და სემინარები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი საყოველთაო სერვისის ერთ-ერთ ფორმად ჩამოყალიბდეს. კონკურენციის პირობებში სფერო განვითარდება და მომხმარებლები თავად გააკეთებენ არჩევანს პროფესიონალიზმით გამორჩეულ ფიტნეს ინსტრუქტორებსა თუ ფიზიკური აქტივობის ეფექტურ ფორმებზე. 

ერთი სიტყვით - შეზღუდვები მოიხსნა! ვარჯიშს ვაგრძელებთ!

წინა სტატია

ჰონგ კონგი კვლავ საფრთხეშია!
25 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა ჯორჯ სოროსი?
26 მაისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker