როგორ გამდიდრდა Procter & Gamble?

Procter & Gamble (P&G) თავის მოვლის საშუალებების სექტორში, მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა. 2019 წელს კომპანიამ, 68 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. P&G-ის აქტივები 115 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 296 მილიარდი დოლარია. კომპანიას 97,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

P&G ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა. ის 1837 წელს დააარსა, უილიამ პროკტერმა და ჯეიმს გემბლმა. კომპანიის დაარსებამდე პროკტერი სანთლებს ამზადებდა, ხოლო გემბლი საპონს. პროკტერი ინგლისიდან იყო წარმოშობით, გემბლი კი ირლანდიიდან. მათ, ერთანეთი ემიგრაციაში, აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატში გაიცნეს, როდესაც დებზე ოლივია და ელისაბედ ნორისებზე იქორწინეს. მათ საერთო ბიზნესი სიმამრთან, ალექსანდრ ნორისთან ერთად დაიწყეს, რომლესაც Procter & Gamble უწოდეს. ახალ კომპანიაში ფაქტობრივად სამი ადამიანის მცირე საწარმოები და მაღაზიები გაერთიანდნენ.

ქალაქი ცინცინატი საკმაოდ დინამიურად განვითარებადი ადგილი იყო, ბიზნესისთვის ხელსაყრელი. შესაბამისად, P&G-ის გაყიდვები იზრდებოდა. ძირითადად საპნის წარმოებით და გაყიდვით იყვნენ დაკავებული. 1950 წლისთვის უკვე წლიურმა შემოსავალმა მილიონ დოლარს მიაღწია და დასაქმებული ჰყავდათ 80 ადამიანი.

1861-1865 წლების, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, P&G-მა მოკავშირეების არმიასთან საპნის და სანთლების მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა, რამაც კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა და ამასთან, მისი პროდუქცია ქვეყნის მასშტაბით გახადა ცნობადი.

1879 წელს, კომპანიას სათავეში უკვე, ჯეიმს გემბლის შვილი ედგა, რომელმაც განათლება ქიმიის განხრით მიიღო და ეს დაეხმარა ძვირიანი საპნების იაფი ექვივალენტები შეექმნა. კომპანიის მმართველი იყო, უილიამ პროკტერის შვილი ჰარლიც, რომელმაც 1882 წელს გადაწყვიტა, რომ პროდუქციის აქტიური რეკლამიერება უნდა დაეწყოთ. თავიდან რეკლამები ძირითადად გაზეთებში იბეჭდებოდა.

1887 წელს, კომპანიის გარკვეული წილი მუშებზე გაანაწილეს, რამაც დასაქმებულებში მოტივაცია გაზარდა. ამ დროისთვის უკვე 30 დასახელების საპონს აწარმოებდნენ. 1915 წელს პირველი საწარმო გახსნეს ამერიკის გარეთ, კერძოდ კანადაში.

მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან, აშშ-ში თანდათან რადიო გახდა პოპულარული. 1932 წელს P&G-ის სპონსორობით რადიოში წარმოდგენის The Puddle Family-ის სერიები. გამომდინარე იქედან, რომ სერიალს საპნის წარმოებით ცნობილი კომპანია ასპონსორებდა, “საპნის ოპერა“ უწოდეს. სწორედ აქედან მოდის ეს სახელწოდება, რომელსაც ტელესერიალებთან მიმართებით დღესაც ხშირად იყენებენ.

1930-იანი წლებიდან, კომპანიამ წარმოება გაამრავალფეროვნა, უკვე აწარმოებდა შამპუნებს, კბილის ჯაგრისებს და საწმენდ სითხეებს, ლოსიონებს და ა.შ. 1946 წელს, P&G-მა ტანსაცმლის სარეცხი საშუალება Tide-ის წარმოება და გაყიდვა დაიწყო. 1957 წელს, “ჩარმინის“ ბრენდი შეისყიდა და ხელსახოცების და ტუალეტის ქაღალდის წარმოება დაიწყო.

1961 წელს, P&G-მა ბაზარზე გამოიტანა რევოლუციური სიახლე - “პამპერსი“, რომელიც კომპანიის მკვლევარმა, ვიქტორ მილმა შექმნა. ამავე წელს კომპანიამ კიდევ ერთი ცნობილი ბრენდი წარადგინა - Head & Shoulders.

1970-იანი წლებიდან, P&G-მა ბევრი კომპანია და ბრენდი შემოიერთა, მათ შორის: ნოქსელი, მაქს ფაქტორი, პანტენი და ა.შ.

2005 წელს, P&G-მა დიდი შენაძენი განახორციელა, 57 მილიარდ დოლარად იყიდა კომპანია Gillette და მისი ბრენდები, მათ შორის დურასელი, ბრაუნი და ორალ-ბ.

P&G-ის შემოსავალმა მაქსიმუმს 84 მილიარდ დოლარს, 2013 წელს მიაღწია, მომდევნო წლებში კი საშუალოდ 70 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. დღეს კომპანიას ქარხნები მსოფლიოს 32 ქვეყანაში აქვს, რეკლამაში კი წლიურად 5 მილიარდ დოლარამდე ხარჯავს.

ზემოთ მოხსენიებული ბრენდების გარდა, დღეს P&G-ს ეკუთვნის: არიელი, ფეირი, ოლვეისი, დაუნი, ოლეი, ივორი, ეისი, მისტერ ქლინი და სხვა.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა “ნოკია“?
30 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

ვისი ავიამზიდი ვის ზღვაშია?!
06 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker