გათხევადებული ბუნებრივი გაზის ბაზრის მიმოხილვა

ბოლო წლებში გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) ბაზარი მნიშვნელოვნად განვითარდა და მისი გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე სრულად ინტეგრირება მოხდა. ბუნებრივ გაზს მსოფლიო ენერგიის მოთხოვნის მეოთხედი უჭირავს, საიდანაც 10% LNG-ზე მოდის. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა და განვითარდა კონკურენცია.

აზია კვლავ წარმოადგენს მოთხოვნის მთავარ მამოძრავებელ ძალას, რაც ჩინეთის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. აღნიშნული, თავის მხრივ, ჩინეთში მძლავრი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შედეგია (ქვანახშირიდან ბუნებრივ გაზზე გადართვის მიდგომა). სხვა ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ არიან: სამხრეთ კორეა, პაკისტანი, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ტაივანი, ინდოეთი, პორტუგალია და იტალია.

ყველაზე დიდი LNG-ის სავაჭრო დინება არის წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში და ეს ტენდენცია მომავალშიც იქნება შენარჩუნებული, თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის მზარდ მოთხოვნას და ავსტრალიიდან გაზრდილ მიწოდებას. შუა აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ვაჭრობა იყო სიდიდით მეორე, რაც ყატარის მიერ იაპონიის, სამხრეთ კორეის და ჩინეთის მომარაგებით არის განპირობებული. მესამე, უმსხვილეს სავაჭრო მარშუტს ატლანტის ოკეანის აუზის ქვეყნების ვაჭრობა ქმნის, რაც ევროპის ქვეყნების მიერ LNG-ის იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგია.

LNG ბაზარი ხასიათდებოდა გრძელვადიანი, ფიქსირებული მანძილის კონტრაქტებით, თუმცა ბოლო პერიოდში გახშირდა მოკლევადიანი და მიმდინარე კონტრაქტებით ვაჭრობა. აღნიშნულმა ბაზრის მონაწილეებს ლიკვიდობის უკეთ მართვის საშუალება მისცა.

ნავთობის ფასების დინამიკა მნიშვნელოვანი ინდიკატორია LNG ბაზრებისთვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში გერმანიის საზღვარზე გაზის ფასები (გამოიყენება როგორც ევროპის გაზის იმპორტის ფასების მაჩვენებელი) ასევე მნიშვნელოვნად მიყვებოდა ნავთობის ფასების ტენდენციებს. ჩრდილოეთ ამერიკაში კონკურენტული ფასები ძირითადად ლიკვიდურ სავაჭრო ჰაბებში ყალიბდება, რომელთა შორის უმსხვილესი ლუიზიანას შტატშია. აზიაში კი, არალიკვიდური ბაზრების პირობებში LNG ფასები ძირითადად ნავთობის ფასებზეა მიბმული.

2016 წლიდან დაიწყო ბუნებრივი გაზის გათხევადების შესაძლებლობების ზრდა. დამატებითი გათხევადების პუნქტების მშენებლობები, რომლებიც ძირითადად მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში, მოსალოდნელია დასრულდეს 2020 წლის ბოლომდე და ბუნებრივი გაზის გათხევადების 92 მილიონ ტონიანი დამატებითი  შესაძლებლობა შექმნას.

ქვეყნების მიხედვით თუ განვიხილავთ, გათხევადების შესაძლებლობები ძირითადად კონცენტრირებულია ყატარში, ავსტრალიაში, მალაიზიაში,  ინდონეზიაში, ალჟირსა და ნიგერიაში და თითოეულს აქვს წელიწადში სულ ცოტა 20 მილიონი ტონა ბუნებრივი გაზის გათხევადების შესაძლებლობა. აღნიშნული 6 ქვეყანა ჯამურად ბუნებრივი გაზის გათხევადების შესაძლებლობის ორმესამედს მოიცავს.

რაც შეეხება რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებს, აღნიშნულის ზრდა უკვე არსებული ბაზრის ფარგლებში მოხდა. აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონები გლობალური ბაზრის რეგაზიფიკაციის შესაძლებლობების ძირითად ნაწილს მოიცავს. მსოფლიოს ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა, იაპონია, ასევე, ფლობს ყველაზე დიდ რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გლობალურ LNG ბაზრებზე მიწოდების მნიშვნელოვან მატებას ვხედავთ, რისი მიზეზიც გათხევადების და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობების ზრდა, ახალი სავაჭრო გზების გამოჩენა, კონკურენციიის გაღრმავება, დამატებითი მიმწოდებლების გაჩენა და არსებული მიმწოდებლების მიერ მიწოდების მოცულობის ზრდაა. როგორც LNG ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს მოთხოვნის ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია, მაგრამ დაგეგმილი ახალი ტერმინალების მშენებლობების გეგმას და არსებული ტერმინალების გაფართოების პროექტებს თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ მიწოდება უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება ვიდრე საპროგნოზო მოთხოვნა. აღნიშნულის მიუხედავად, მიწოდებაში მოსალოდნელი სიჭარბე ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა, რისი მიზეზიც, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, აზიიდან გაზრდილი მოთხოვნაა (ჩინეთის და სამხრეთ კორეის გაზრდილი მოთხოვნა). აზიიდან გაზრდილი სეზონური მოთხოვნა ფასებზეც აისახება. 2018-2019 წლების ზამთრის სეზონზე აზიის LNG ბაზრებზე ფასები ზაფხულთან შედარებით გაორმაგდა.

გარდა კომერციული მომგებიანობისა LNG ბაზრების ზრდა დაკავშირებულია სტრატეგიულ, განსაკუთრებით ევროპისა და აზიის განვითარებული ქვეყნებისთვის, ბუნებრივი გაზის იმპორტის ალტერნატიული წყაროების შექმნასთან და საბალანსო ბაზრის განვითარებასთან, რაც მომავალშიც, აღნიშნული ბაზრის წარმატებული ფუნქციონირების გარანტია (იმპორტის ალტერნატიული წყაროს საჭიროება განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ჩნდება, რაც ფასების ზრდაშიც აისახება).

 

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა “ტვიტერი“?
04 სექტემბერი, 2020

შემდეგი სტატია

ფეთქებადსაშიში ხმელთაშუა
07 სექტემბერი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker