სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

საქართველოსთვის 2020 წელი რთული წელი იქნება. ქვეყნის არცთუ ისე ძლიერ და რისკებით სავსე ეკონომიკას პოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავება კვლავ მოუწევს. ამ პროცესში მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ე.წ. მთავრობის ჩარევას, მნიშვნელოვანი როლი აქვს. მთავრობის ჩარევის ყველაზე გავლენიანი ინსტრუმენტი კი ქვეყნის ბიუჯეტია.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა.

2019 წელთან შედარებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაახლოებით 900 მლნ ლარით იზრდება. 431 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება სოციალურ პროგრამებზე (პენსია, ჯანდაცვა, სოციალური დახმარება). 167 მლნ ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები.

პენსიები და ხელფასები ძირითადად 2020 წლის მეორე ნახევრიდან იზრდება, რაც გათვლილია ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე - მომატებული პენსიითა და ხელფასით მინიჭებული კმაყოფილება განელებული არ უნდა იყოს.

მომავალი წლის პირველი იანვრიდან ყველა სახის პენსია 20 ლარით იზრდება. პირველი ივლისიდან კი დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლისა და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა სოციალური დახმარებები. 1 ივლისიდან საშუალოდ 125 ლარით გაიზრდება პოლიციელების, მეხანძრე-მაშველებისა და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასი. 1 ივლისიდან 100 ლარით გაიზრდება სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმების ხელფასი. 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასი. 1 ოქტომბიდან 150 ლარით გაიზრდება სკოლის მასწავლებლების ხელფასი.

ის არგუმენტი, რომ ბიუჯეტი პირველი იანვრიდან პენსიებისა და ხელფასების ზრდას ფინანსურად ვერ გაუძლებდა, სიცრუეში შემყვანია. სრულიად შესაძლებელია, პირველი იანვრიდან ისეთი მოცულობით გაიზარდოს პენსია და ხელფასი, რომ 2020 წლის განმავლობაში იგივე თანხა მიიღოს პენსიონერმა და დასაქმებულმა, რასაც შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში მიიღებს. მაგალითად, პენსიონერებს, ვისაც 1 ივლისიდან 30 ლარი ემატება, შესაძლებელია, 1 იანვრიდან მოემატოთ 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი და 12 თვის განმავლობაში იმავე ნამატს მიიღებდნენ, რასაც მიიღებენ წლის მეორე ნახევარში 30 ლარის მომატებით. ასევეა ხელფასების შემთხვევაში: ამ თანხის მთელ წელზე გადანაწილება შესაძლებელია და უკეთესიც არის. მაგრამ ამ შემთხვევაში პენსიებისა და ხელფასების მატების საარჩევნო ეფექტი შესუსტდება.

2020 წელს ყველაზე მეტი თანხა პენსიების ზრდაზე დაიხარჯება. საპენსიო დანახარჯები ყოველ წელს იზრდება, მაგრამ 2020 წელს გაცილებით მეტად იზრდება, ვიდრე წინა წლებში. ზრდისთვის 305 მლნ ლარია გამოყოფილი, ჯამში კი 2 230 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 15.8%-ით მეტია. 2015- 2019 წლებში საპენსიო ხარჯების ყველაზე მაღალი ტემპით ზრდა ისევ საპარლამენტო არჩევნების წელს დაფიქსირდა, 2016 წელს ხარჯი 12.3%-ით გაიზარდა.

გარდა იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 1-3 თვით ადრე პენსიისა და ხელფასის მატება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა და სახელისუფლებო პარტიას კონკურენტებთან შედარებით პრივილეგიებს უქმნის, მეორე საკითხია, საიდან მოდის დასახარჯი ფული და ეს გადაწყვეტილება გარკვეულ მაკროეკონომიკურ პრობლემებს ხომ არ გამოიწვევს.

როდესაც ეროვნული ვალუტა გაქვს, ფულის ბეჭდვა არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ უკვე დიდი ხანია, კაცობრიობამ და საქართველომ გასული წლის 90- იანი წლებიდან იცის, რომ ბევრი ფულის დაბეჭდვით და ხალხისთვის დარიგებით ჰიპერინფლაციას გამოიწვევ, ფულს გააუფასურებ და ხალხს გამდიდრების ნაც- ვლად გააღარიბებ.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ცალსახად ეკონომიკური კრიზისის მომასწავლებელი არ არის, მაგრამ სერიოზულ მაკროეკონომიკურ რისკებს აჩენს. დავიწყოთ იმით, რომ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, რაც დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ ოპტიმალური მიზანია.

2019 წელთან შედარებით 176 მლნ ლარით მცირდება ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (მთავრობის დანაზოგი), რაც მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის არასასურველია.

იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც ოფიციალური (მთლიანი სალდო), ასევე ტრადიციული გაგებით დეფიციტი. უარყოფითი მთლიანი სალდო მშპ-ის 3.5% იქნება, ხოლო ტრადიციული დეფიციტი - მშპ-ის 4%. საბიუჯეტო კოდექსით ბიუჯეტის დეფიციტად უარყოფითი მთლიანი სალდოა მიჩნეული, მაგრამ, რადგან მთლიანი სალდო სრულად არ მოიცავს ბიუჯეტის ყველა სახის შემოსავლებსა და ხარჯებს, ტრადიციული გაგებით ბიუჯეტის დეფიციტში იგულისხმება, სულ რამდენი თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რომელიც ახალი ვალის აღებით და ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დაფარა. რეალურად სახელმწიფო ვალის ზრდას და მაკროეკონომიკურ გავლენებს ტრადიციული დეფიციტი იწვევს.

2020 წელს საქართველოს მთავრობა 2.8 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს ერთ მლრდ ლარამდე ადრე აღებული ვალის მომსახურებას მოხმარდება. შედეგად, მთავრობის ვალი 1 757 მლნ ლარით გაიზრდება, საიდანაც 856 მლნ ლარი - საშინაო ვალი, ხოლო 901 მლნ ლარი საგარეო ვალი იქნება. 2020 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 22.7 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 46.8% იქნება. მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 20.2 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის 46.2%-ია.

მთავრობა ვერ ახერხებს ბიუჯეტის ისე დაგეგმვას, რომ ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი შემცირდეს. 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ("საქართველო 2020") მიხედვით, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 40%-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემა ისიც არის, რომ იგი არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, რომლის მიზანიც ინფლაციის დონის შემცირება და ლარის კურსის სტაბილურობაა. 2020 წელს ბიუჯეტის ხარჯები, დეფიციტი და ვალის აღება იზრდება. ამას ფისკალური ექსპანსია ეწოდება და ერთობლივი მოთხოვნის ზრდას იწვევს (Forbes-ის წინა ნომერში ვწერდით, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ერთობლივი მოთხოვნის შესამცირებლად გაამკაცრა). ფისკალური ექსპანსია მოკლევადიან ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს, მაგრამ ინფლაციას და საქართველოს შემთხვევაში ლარის კურსის გაუფასურებასაც ახალისებს. ასეთი ფისკალური პოლიტიკის გადასაფარად ეროვნულ ბანკს იმაზე მეტად მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ვიდრე მთავრობის მხრიდან კოორდინირებული ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში მოუწევდა. ეს საბოლოო ჯამში გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დააზარალებს.

ბიუჯეტის ხარჯების ზრდის სტრუქტურა აჩვენებს, რომ ფისკალური ექსპანსია 2020 წლის არჩევნებითაა განპირობებული. თუმცა 2020 წლის არჩევნებზე ლარის კურსიც და ინფლაციაც აქტუალური თემები იქნება და თუ გარკვეული მოვლენები (მაგალითად, ეკონომიკური სიტუაცია ჩვენს სამეზობლოში) მოსალოდნელზე მეტად პოზიტიურად არ განვითარდა, 2020 წლისთვის ფასებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობა საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება ან მიუღწეველი გახდება.

ჩვენ გირჩევთ

სიცრუე - ჩვენი მთავარი მტერი

აქციზი და სააქციზო პოლიტიკა საქართველოში

სიცრუე - ჩვენი მთავარი მტერი

სიცრუე - ჩვენი მთავარი მტერი

წინა სტატია

WhatsApp will stop working on millions of smartphones in 2020
11 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

McDonalds-ი ვეგანური კვების იდეას უერთდება
11 დეკემბერი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker