SPARK - ბიზნესის მეგობარი პლატფორმა

ბიზნესიდეების ბიზნესგეგმად გადაქცევის ხელშეწყობისთვის თითქმის ერთი წლის წინ თბილისში მერიისა და ევროკავშირის კოოპერაციის შედეგად ბიზნესაქსელერატორი SPARK-ი შეიქმნა, რომელიც დღემდე სხვადასხვა სერვისის შეთავაზების გზით ინვესტიციის მოზიდვაში 400-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს დაეხმარა. ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელზეც აქსელერატორს აქვს სწორება. SPARK-ის მენეჯერი სანდრო კანდელაკი FORBES GEORGIA-სთან ორგანიზაციის ათი თვის საქმიანობას აჯამებს.

როდის შეიქმნა Spark-ი და რა ფინანსური რესურსების მეშვეობით ახორციელებს აქსელერატორი მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარებას?

პროექტ აქსელერატორის განხორციელება 2019 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო თბილისის მერიისა და ევროკავშირის თანამშრომლობის შედეგად. დაფინანსებაც ამ ორი უწყების რესურსებიდან თანაბრად აკუმულირდება, კერძოდ, საუბარია ოთხწლიან პროექტზე, რომლის ბიუჯეტიც ერთი მილიონი ევროა და რომლის მიზანსაც თბილისში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ამ განვითარების ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ასახვა წარმოადგენს. ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი რომ მოვიშველიოთ, მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პროექტის კონცეფციაზე დავიწყეთ ფიქრი, პირველ რიგში გადავხედეთ ქვეყანაში არსებულ ეკოსისტემას, რათა გაგვერკვია, რა ორგანიზაციები არსებობს იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს თუ სტარტაპს შეეწყოს ხელი. ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი კარგი პროგრამაა დაფინანსების ნაწილში, თუმცა აუთვისებელი სივრცეები მაინც რჩებოდა.

რა სივრცეებს გულისხობთ და რაში გამოიხატება აქსელერატორის როლი მათი ათვისების პროცესში?

პირველი ასეთი სივრცე და პრობლემა იყო ინვესტიციებთან ხელმისაწვდომობის საკითხი ანუ მისკომუნიკაცია მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის. ასევე, მაგალითად, მცირე მეწარმეებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ დაფინანსების მოპოვება კერძო ინვესტორისგან სურთ, ამისთვის მხოლოდ კარგი პრეზენტაციაა საკმარისი, რაც, ცალსახად, საკითხისადმი არასწორი მიდგომაა. ეს გარკვეულწილად ქვეყანაში არსებულმა სტარტაპების ბუმმა გამოიწვია - პროცესები სწრაფად განვითარდა და რეალობას აცდენილი მოლოდინებიც ამიტომ შეიქმნა. გაჩნდა ილუზია, რომ, თუ კარგი იდეა ექნებათ, აუცილებლად მოიპოვებენ დაფინანსებას. შემდეგ, ცხადია, დადგა იმედგაცრუების ეტაპი, ჩვენ კი სწორედ ამ იმედგაცრუებამ მიგვიყვანა ზემოხსენებული პრობლემის იდენტიფიცირებამდე. მივხვდით, რომ უნდა შეგვექმნა სერვისები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებსა და ინვესტორებს შორის არასწორი კომუნიკაციის პრობლემას გადაჭრიდა. პირველი, რაც მეწარმეებსა და ბიზნესით დაინტერესებულ პირებს შევთავაზეთ, იყო საერთო სამუშაო სივრცე კიკვიძის ბაღში, რომლით სარგებლობაც მათთვის უფასოა. სივრცეში არ იგულისხმება მხოლოდ მაგიდა და სკამი, არამედ კომპიუტერი, პრინტერი და ზოგადად საოფისე ინფრასტრუქტურა, რომელიც გამართულად მუშაობისთვისაა საჭირო. გვაქვს საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეც, რომელსაც მათ ასევე უფასოდ ვთავაზობთ. ჩვენი ამ სერვისებით უკვე ძალიან ბევრმა კომპანიამ ისარგებლა. საუბარი მაქვს ბიზნესებზე, რომლებიც ჩვენ თვალწინ ვითარდებოდნენ და სწორედ ამ განვითარების ეტაპზე გამოიკვეთა კიდევ ერთი სერვისის საჭიროებაც, კერძოდ, მენტორინგის მიმართულება. მოგეხსენებათ, დაქირავება იაფი არ ღირს, შესაბამისად, ბევრი ქართული კომპანია მათ ვერ ქირაობს.

ბ-ნო სანდრო, კიდევ რა სერვისებზე აქვთ წვდომა თქვენთან მოსულ მეწარმეებს?

გუნდში ავიყვანეთ ბიზნესექსპერტები, რომლებიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მზად არიან, ნებისმიერ ბიზნესს მისცენ პრაქტიკული რჩევები. აღნიშნული ექსპერტები სპეციალისტები არიან როგორც ბიზნესანალიტიკის, ისე ფინანსებისა თუ იურიდიული მიმართულებებით. მათი მომსახურება დღეს ყველაზე ხშირად გამოყენებული სერვისია. გარდა ზემოთქმულისა, ალბათ მაინც გამოვყოფდი აქსელერატორის მიერ შეთავაზებულ კიდევ ერთ სერვისს - ბიზნესგეგმის შედგენაში დახმარებას. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენ აუდიტორულ კომპანია BDO-სთან ვთანამშრომლობთ, პროცედურა კი ასე გამოიყურება: ჩვენს ექსპერტებთან ერთად მეწარმეები წერენ ამ გეგმას, ფაქტობრივად, მათ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება უწევთ ექსპერტებისთვის, ყოველი თვის ბოლოს კი ჩვენთან მოდის BDO-ს წარმომადგენელი და ხუთ საუკეთესო ბიზნესგეგმას არჩევს, რომლებიც, მათი აზრით, სიცოცხლისუნარიანი, კომერციულად მოგებიანია და გეგმის იდეაც რეალობის ადეკვატურია. შემდეგ კი სწორედ BDO ზრუნავს იმაზე, რომ მათ მიერ შერჩეულმა ხუთმა ბიზნესგეგმამ მაქსიმალური ფინანსური რესურსების მოპოვება შეძლოს.

სფეროების კუთხით რა პრიორიტეტებს ეყრდნობა აქსელერატორის საქმიანობა?

რასაკვირველია, არსებობს პრიორიტეტები, რომლებიც პროექტის დასაწყისში ევროკავშირთან შეთანხმების შედეგად დამტკიცდა. ესენია: ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, სამედიცინო ბიზნესი, სპორტი და ჯანმრთელობა, IT ტექნოლოგიები, ინოვაციური ბიზნესები, ენერგოეფექტიანობა და ხელნაკეთი ნივთები. როგორც ხედავთ, ბევრ სფეროს მოვიცავთ. მათ თავიანთი ქვეკატეგორიებიც შეიძლება ჰქონდეს. ძირითადად ორი მიმართულებაა აქტუალური: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულება და ხელნაკეთი ნივთები. ინოვაციური ბიზნესი აერთიანებს ტურიზმსაც, ტექნოლოგიებსაც და ა.შ.

თუ არის რაიმე მიმართულება, რა კუთხითაც გააქტიურებას გეგმავთ და თუ მიგაჩნიათ, რომ ეს სექტორი პასიურობს, თუნდაც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით?

ალბათ - ტურიზმი. ეს სფერო უფრო მობილური უნდა გახდეს. მთავარი მიზეზები - ინფრასტრუქტურის არქონა და ციფრულობის დეფიციტია. რაღაცები ამ ინდუსტრიაში დღემდე პირველყოფილ დონეზე კეთდება. ეს არის გამოწვევა. ასევე მიმაჩნია, რომ განათლებაში კერძო ინვესტიციების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მთელ მსოფლიოში განათლება უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება და ჩვენც აუცილებლად უნდა დავეწიოთ ამ ტენდენციას. თუკი ვინმე ახლა ახალ იდეაზე ფიქრობს, აუცილებლად განათლებაზე უნდა ფოკუსირდეს, ასევე ენერგოეფექტიანობაზე, რაც ქართული და ზოგადად ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

ათი თვეა, რაც Spark-ი შეიქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში რისი გაკეთება მოასწარით, რამდენ ბენეფიციარს დაეხმარეთ და ზოგადად, როგორ შეაფასებთ ამ ათ თვეს?

დღესდღეობით ოთხასი ბენეფიციარი გვყავს. აქედან ზოგი ტრენინგის ნაწილშია ჩართული, ზოგიც თავისუფალი სივრცით სარგებლობს, ზოგს კი ბიზნესგეგმის ნაწილში გავუწიეთ მხარდაჭერა. ამ პერიოდის განმავლობაში ნაყოფიერი მუშაობის დამადასტურებელი რამდენიმე ფაქტია, რაც უდავოდ სიამაყის საბაბს მაძლევს. მაგალითად, როგორც იცით, თბილისის მერია ყოველთვიურად აწყობს თბილისის ბაზრობას რუსთაველზე, ამ ბაზრობაზე ჩვენ დაახლოებით ასამდე ბენეფიციარს მივეცით საკუთარი პროდუქციის გაყიდვის საშუალება. მალე ეს რიცხვი ორასამდე გაიზრდება. ამით მათი გაყიდვების სტიმულირებას ვუწყობთ ხელს, საუბარია მცირე მეწარმეებზე. წარმოიდგინეთ, ორასი მეწარმიდან თითო მეწარმე ამ ბაზრობის მეშვეობით ერთ დღეში საშუალოდ 1000-დან 2000- მდე ლარს გამოიმუშავებს... გარდა ამისა, მათ ნაწილს ორ საერთაშორისო გამოფენაში მივაღებინეთ მონაწილეობა. ასევე შვედეთში მოეწყო თბილისობის აღსანიშნავი გამოფენა და ხუთ მეწარმეს მივეცით საშუალება, იქ გაეყიდათ საკუთარი პროდუქცია. იყო იტალიის გამოფენაც, სადაც ჩვენი ერთ-ერთი მეწარმე პოტენციურ ინვესტორთან დავაკავშირეთ. ასეთი მაგალითებით ძალიან ვამაყობთ. ჩვენი ბენეფიციარია ასევე კომპანია “ირნერო”. ისინი თვითმწმენდ ფანჯრებს ამზადებენ, დაპატენტებულიც აქვთ საქმიანობა და საკმაოდ წარმატებულიც არიან. ეს ადამიანები ჩვენი დახმარებით აბუ-დაბის FinTech Accelerator-შიც მოხვდნენ და 2020 წლის თებერვალში დაესწრებიან ამ ღონისძიებას. გავიხსენებ კიდევ ერთ ჩვენს ბენეფიციარს, TTM Group-ს, რომელიც ვაშინგტონის ინკუბატორში მოხვდა Spark-ის დახმარებით და ერთთვიანი ინკუბაცია გაიარა. არიან ისეთი მეწარმეებიც, რომლებმაც სწორედ აქსელერატორის მეშვეობით 100 000 და 50 000 ლარამდე ინვესტიცია მოიზიდეს.

მეწარმეებისა და ბაზრის მოთხოვნების მიხედვით მოხდა თუ არა აქსელერატორის სისტემური ტრანსფორმირებაც ამ პერიოდის განმავლობაში?

ჩვენ მივხვდით, რომ დეცენტრალიზება იყო აუცილებელი ანუ “სპარკი” არ უნდა ყოფილიყო ერთადერთი ადგილი, სადაც მეწარმეებს გავუწევდით კონსულტირებას. მეტიც, ჩვენ უნდა გაგვეზარდა იმ სივრცეების რიცხვი, სადაც ეს ადამიანები თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილ სერვისებს მიიღებდნენ და ეს პროცესი მათთვის კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა. რომ დავიწყეთ ფიქრი, ვინ იყო ჩვენი ნომერ პირველი მომხმარებელი, მივხვდით, რომ ესენი იყვნენ სტუდენტები. თუ გადავხედავთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნების სტატისტიკასაც, ახალი ინიციატივებისა და ინოვაციური იდეების რეალიზების სურვილით უმეტესად სტუდენტები გამოირჩევიან და აქტიურობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პრეაქსელერატორები უნივერსიტეტებში. რეალობა ისეთია, რომ არც ერთი უნივერსიტეტი არ აძლევს სტუდენტს სწავლის პროცესში ბიზნესის კეთების პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას. მივხვდით, რომ ეს იყო პრობლემა და დავიწყეთ შესაძლებლობების შექმნა. ვიპოვეთ უნივერსიტეტები, რომლებსაც იგივე ინტერესი და მზაობა ჰქონდათ და დავიწყეთ ასეთი პროგრამის გაშვება. პირველი იყო BTU, სადაც გაზაფხულზე ჩავუშვით ეს პროგრამა. პრეაქსელერაციის მოდელი გულისხმობს მეწარმეობის პრაქტიკული ასპექტის გაჩენას სასწავლო დაწესებულებებში, სადაც სტუდენტებს მეწარმეობას ასწავლიან. ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ ღია უნივერსიტეტშიც, ასევე ილიას უნივერსიტეტში, სადაც თებერვლიდან ტექნოლოგიურ პრეაქსელერატორს ვუშვებთ. ვართ თსუ-ში და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ GAU-სთან.

ბაზარზე დღეს რამდენიმე ბიზნესაქსელერატორი მუშაობს. რა არის Spark-ის უპირატესობა, რის გამოც მცირე ან საშუალო მეწარმემ თქვენ უნდა მოგმართოთ?

უპირველეს ყოვლისა, ის, რომ Spark-ი სხვა აქსელერატორებისგან განსხვავებით, დაინტერესებულ მეწარმეებს უფასოდ ემსახურება. განვლილი პერიოდის განმავლობაში ჩვენ გავხდით სივრცე, რომელიც არის ძალიან ბიზნესმეგობრული, შევცვალეთ აღქმა და დამოკიდებულება ბიზნესისადმი, ვასწავლეთ მეწარმეებს ინვესტორებთან სწორი კომუნიკაცია. რაც მთავარია, აქ მოსულ მეწარმეებს არა აქვთ განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში არიან, რადგან სრულად ვართ დაცლილი ბიუროკრატიისგან. დაბოლოს, ჩვენ არა მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულადაც ვეხმარებით ბენეფიციარებს. და ის ფაქტი, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ვსარგებლობთ, ბევრი მიმართულებით უხსნის კარს ჩვენს ბენეფიციარებს.

როგორც თქვით, Spark-ი ოთხწლიანი პროექტია. როგორია მომავალი წლების სამოქმედო გეგმა?

პირველ რიგში, სხვა უცხოური აქსელერატორების მოზიდვა საქართველოში. რაც კი წარმატებული სტარტაპია დღეს საქართველოში, ყველამ საზღვარგარეთ უცხოური აქსელერატორების მეშვეობით შეძლო ინვესტიციის მოზიდვა. ახლა ვმუშაობთ ქართული სტარტაპების საბოლოო სიის შედგენაზე და სულ მალე წარმოვადგენთ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის იანვრიდან შევეცდებით, რაც შეიძლება ბევრი ქართული სტარტაპი მოვახვედროთ უცხოურ აქსელერატორში. ეს გეგმა და მისი განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, რომ ქვეყანას რაიმე მართლა პრაქტიკული და ხელშესახები მოვუტანოთ. კომუნიკაციის პენეტრაცია ასევე ცალსახად ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რისთვისაც აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიების საქართველოში ჩატარება. მაგალითად, 29 ნოემბერს ჩვენი ორგანიზებით Eurasia startup award-ი ჩატარდა. ეს დაჯილდოება მთელ მსოფლიოში იმართება, ხოლო რეგიონალური ფინალი, რომელიც ათ ქვეყანას აერთიანებს, პირველად ჩატარდა საქართველოში. ქვეყანა პირველად შეუერთდა ამ ღონისძიებას. აღსანიშნავი იმიტომ არის, რომ 300- 400 სტუმარი იყო ჩამოსული, მათ შორის ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები, სტარტაპერები, ენჯელ- ინვესტორები და ა.შ. ასეთი შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ ზრდის წარმატებული თანამშრომლობის შანსებს მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ გირჩევთ

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია

ახალი ტემპით

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია

წინა სტატია

საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი
21 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

საუკეთესო დრო iPhone Xs-ის შესაძენად
23 დეკემბერი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker