საქართველო 2019 წლის რეიტინგებში

წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა 2019 წელს საქართველოს პოზიცია ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ათ საერთაშორისო რეიტინგში.

ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე,  ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დღეს გლობალიზაციის დონე ისეთი მაღალია, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ინარჩუნებენ. საერთაშორისო ბიზნესს და კაპიტალს აღარა აქვს საზღვრები – იქ განთავსდება, სადაც სარგებლის მისაღებად უკეთესი პირობებია. შესაბამისად, ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორებს. სწორედ ხელსაყრელი პირობების მიხედვით ქვეყნების ერთმანეთთან შედარებას ემსახურება საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც, ამავე დროს, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების კარგი საშუალებაა. 

საქართველო “ჰერიტიჯის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში -

“ჰერიტიჯის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას კანონის უზენაესობის, მთავრობის ზომის, რეგულაციების ეფექტიანობისა და ღია ბაზრების მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2018 წელს საქართველო მე-16 ადგილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს საქართველოს ქულა 0.3-ით შემცირდა, რეიტინგში მე-16 ადგილი (180 ქვეყანას შორის) შეინარჩუნა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები კანონის უზენაესობის ნაწილში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს ჰონკონგი იკავებს.

საქართველო “ფრაიზერის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში +1

“ფრაიზერის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას მთავრობის ზომის, რეგულაციების, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის, ფასების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2018 წელს საქართველო მე-13 ადგილზე იყო, 2019 წელს კი მე-12 ადგილზე (162 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა სამართლებრივ სისტემასა და საკუთრების უფლებების დაცვაში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს ჰონკონგი იკავებს.

 საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში -1

ბიზნესის კეთების სიადვილის (Doing Business) რეიტინგს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. რეიტინგში ქვეყნები ათი კრიტერიუმის მიხედვით არიან შეფასებული, მაგალითად, რამდენად მარტივია ბიზნესის დაწყება, გადასახადების დონე, სესხის ხელმისაწვდომობა, ქონების რეგისტრაცია და ა.შ. აღნიშნულ რეიტინგში 2018 წელს საქართველო მე-6 ადგილზე იყო, 2019 წელს კი მე-7 ადგილზე (190 ქვეყანას შორის) ჩამოინაცვლა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა ბიზნესის დახურვის სიმარტივეში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს.

 საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში -8

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს. რეიტინგში ქვეყნები 114 კრიტერიუმის მიხედვით არიან შეფასებული, რომელთა უმეტესობის შესადგენად მეწარმეების პირდაპირი გამოკითხვა ტარდება. აღნიშნულ რეიტინგში 2018 წელს საქართველო 66-ე ადგილზე იყო, 2019 წელს კი 74-ე ადგილზე (141 ქვეყანას შორის) ჩამოინაცვლა. საქართველო ყველაზე ნაკლებკონკურენტული ფინანსური სისტემით, ინოვაციებით და ბაზრის ზომითაა. რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს.

 საქართველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში +4

საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია “საკუთრების უფლების ალიანსი” აქვეყნებს. საკუთრების დაცვის დონე კანონის უზენაესობის, ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაჩვენებლებით არის შეფასებული. აღნიშნულ რეიტინგში 2018 წელს საქართველო 74-ე ადგილზე იყო, 2019 წელს კი 70-ე ადგილზე (129 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ სტაბილურობაში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს.

 

საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში -4

ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგს შვეიცარიული ორგანიზაცია “ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი” აქვეყნებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მოძრაობისა და მიგრაციის მიხედვით არის განსაზღვრული. მეტი გლობალიზაცია მეტი განვითარების პოტენციალს ნიშნავს. 2018 წელს საქართველო მე-18 ადგილზე იყო, 2019 წელს კი 22-ე ადგილზე (189 ქვეყანას შორის) ჩამოინაცვლა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს.

საქართველო კორუფციის აღქმის რეიტინგში +5

კორუფციის აღქმის ინდექსს გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს. რეიტინგის შედეგები ათზე მეტ სხვადასხვა კვლევას ემყარება. აღნიშნულ ინდექსში 2018 წელს საქართველო 46-ე ადგილზე იყო, 2019 წელს კი 41-ე ადგილზე (180 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მაღალი დონის კურუფციასთან დაკავშირებულ საკითხებში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს დანია იკავებს.

საქართველო დემოკრატიის რეიტინგში -10

დემოკრატიის რეიტინგს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგში 2018 წელს საქართველო 79-ე ადგილზე იყო, 2019 წელს კი 89-ე ადგილზე (167 ქვეყანას შორის) ჩამოინაცვლა. 5.93 ქულით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. ყველაზე დაბალი ქულები კი მთავრობის მუშაობასა და პოლიტიკურ კულტურაში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.

 საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” +1

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. რეიტინგში 2018 წელს საქართველო 61-ე ადგილზე იყო, 2019 წელს კი მე-60 ადგილზე (180 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. მედიაგარემოს ყველაზე უარყოფით მხარედ პოლარიზება სახელდება. ასევე აღნიშნულია რუსთავი 2-ის მესაკუთრეობაზე არსებული დავა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. 

საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში - Freedom House -2

ორგანიზაცია Freedom House-ი პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტებისა და მკვლევრების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. ინდექსში ასახულია ქვეყნის სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო. აღნიშნულ ინდექსში 2018 წელს საქართველო 102-ე ადგილზე იყო, 2019 წელს კი მე-100 ადგილზე (199 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა სამართლებრივ გარემოში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.

ჩვენ გირჩევთ

გზა წარმატებამდე

A Century Ahead

გზა წარმატებამდე

გზა წარმატებამდე

წინა სტატია

Google owner Alphabet is now worth $1 trillion
17 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

Georgian Retail Index
20 იანვარი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker