ქართული ფული და ამერიკული ლობი

ქართულ საარჩევნო ციკლებს აშშ-ში, ვაშინგტონის K STREET-ზე არსებულ კომპანიებზეც აქვთ გავლენა. ამ ქუჩაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი პოლიტიკური საკონსულტაციო და ლობისტური კომპანიების ოფისებია განლაგებული.

მართალია, სტრატეგიული კომუნიკაციების ასეულმილიონიან ინდუსტრიაში საქართველოს ბიუჯეტის მიერ ან უმდიდრესი მოქალაქის მიერ გადახდილი რამდენიმე მილიონი დოლარი შეიძლება დიდ თანხად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ ამ კონტრაქტების მომრავლება მიანიშნებს, რომ თბილისში სულ უფრო მეტად ფიქრობენ არჩევნების ბედზე და ახლად დაქირავებული პარტნიორების მეშვეობით ცდილობენ, დასავლეთს აუხსნან, რომ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების რელსებიდან სულაც არ გადაუხვევია. 

$4,845,074 აშშ დოლარი - საქართველოს მიერ დაფინანსებული აშშ- ში არსებული ლობისტური კონტრაქტების ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს რეგულირებას ექვემდებარება. ინფორმაცია კონტრაქტებისა და მათი ძირითადი მიზნების შესახებ FARA-ს მონაცემთა ბაზაში ქვეყნდება. ყოველწლიური და შუალედური ანგარიშების მიხედვით კი საჯარო ხდება ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოს მოცულობის, განხორციელებული აქტივობისა თუ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია. ლობისტური საქმიანობა ბევრ მიმართულებას შეიძლება მოიცავდეს, მათ შორისაა კომუნიკაცია (პირადი შეხვედრები, სატელეფონო ზარები თუ ელექტრონული წერილები) წარმომადგენლობითი ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, კომუნიკაცია ჟურნალისტებთან - მათთვის პოტენციურად საინტერესო ინფორმაციის მიწოდება (თუმცა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები თავად წყვეტენ, რას დაბეჭდავენ და რას - არა, ისევე როგორც არჩეული თანამდებობის პირები თავად წყვეტენ, რა პოლიტიკა უნდა გაატარონ ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ). FARA-ს მიხედვით, ყველაზე ძვირად ღირებული მიმდინარე კონტრაქტი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” აქვს, რომელმაც 2019 წლის განმავლობაში იურიდიულ და საკონსულტაციო კომპანია Hogan Lovells US LLP-ის, 2,495,074 დოლარი გადაუხადა. Hogan Lovells-ის ანგარიშის (Supplemental Statement) მიხედვით, ხელშეკრულების ძირითად მიზანს მიმდინარე დავაში „ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის” იურიდიული მომსახურების გაწევა წარმოადგენდა, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური სახის აქტივობები არ განხორციელებულა.

„ქართული ოცნების“ 1,200,000- იანი კონტრაქტები ვაშინგტონში 2020 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ აშშ- ში ორი ლობისტური კონტრაქტი გააფორმა. ეს ხელშეკრულებებია: 1. 2020 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ გაფორმებული ერთწლიანი ხელშეკრულება კომპანია Hogan Lovells-თან, რომლის ყოველთვიური ღირებულებაც $75,000-ია, კონტრაქტის მთლიანი ღირებულება $900,000 დოლარს შეადგენს; 2. 2020 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა ხელშეკრულება DCI Group-თან, რომლის ყოველთვიური მოსაკრებელიც $33,333 დოლარია. კონტრაქტი 2020 წლის თებერვალ-ოქტომბერში იქნება მოქმედი და მისი ჯამური ღირებულება $300,000-ს შეადგენს. „რეგისტრანტი იმუშავებს, რათა წარმოაჩინოს პარტია „ქართული ოცნება“, როგორც სანდო და პრაგმატული პარტნიორი დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რომ ის ერთგულია დასავლური ლიბერალური დემოკრატიის იდეებისა და რჩება საქართველო-აშშ-ის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ერთგული”, - წერია „ქართულ ოცნებასა“ და DCI Group-ს შორის ხელმოწერილ კონტრაქტში.

საქართველოს მთავრობის $900,000-იანი ლობისტური ხელშეკრულებები 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ განაახლა ხელშეკრულებები ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან - StrateVarious LLC-სა და Chartwell Strategy Group-თან. FARA-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა Chartwell Strategy Group-ს ქირაობს, რათა მიიღოს დახმარება აშშ- საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის. „რეგისტრანტი იმუშავებს, რათა გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გზით, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას აშშ- ის კონგრესსა და ადმინისტრაციასთან იმგვარი კომუნიკაციის დამყარებაში, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერას ზრდის. რეგისტრანტი ამასთანავე იმუშავებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში უფრო მეტი FDI-ის მოზიდვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეგისტრანტი ამერიკულ და გლობალურ მედიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ”, - ნათქვამია ხელშეკრულებაში. ხელშეკრულება 2020 წლის 27 იანვარს არის გაფორმებული და ის 2019 წელს გა ფორმებული ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას წარმოადგენს. კონტრაქტის წლიური ღირებულება $780,000 დოლარია. 2020 წლის 28 იანვარს კი განახლდა მთავრობის ადმინისტრაციის კონტრაქტი StrateVarious LLC-თან. დოკუმენტს ხელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი აწერს, მის მიხედვით, StrateVarious-ი მთავრობისგან ყოველთვიურად $10,000 დოლარს მიიღებს. შესაბამისად, მისი წლიური ღირებულება $120,000-ია. „დამკვეთი ქირაობს ფირმას, რომელიც დაეხმარება დამკვეთს, აშშ- საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების, ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების და აშშ- დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ასევე მედიასა და გავლენიან წრეებთან ურთიერთობების, შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების მხარდაჭერისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ- ის ლიდერების ინფორმირების კუთხით”, - ნათქვამია კონტრაქტში. ხელშეკრულების ვადები 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის განსაზღვრული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ $250,000-იანი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება” ერთადერთი არაა, ვისაც, საკუთარი საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში, აშშ- ში ლობისტების სერვისი აქვს დაქირავებული. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2019 წლის ბოლოს გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება Orion Strategies LLC-თან, რომელიც 2020 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ძალაში. ხელშეკრულების ღირებულება $250,000 დოლარია. „რეგისტრანტი იმუშავებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა აშშ- ის კონგრესისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, ასევე გააცნოს მათ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ღია და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის”,- ნათქვამია კონტრაქტში.

ჩვენ გირჩევთ

ივანიშვილმა 21 თებერვლის შემდეგ $200 მლნ დაკარგა

რატომ სურს ყველას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან?

ივანიშვილმა 21 თებერვლის შემდეგ $200 მლნ დაკარგა

ივანიშვილმა 21 თებერვლის შემდეგ $200 მლნ დაკარგა

წინა სტატია

ახალი სუნთქვა
08 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს
09 მარტი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker