სახელმწიფო - მენეჯერის როლში

დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 3,061 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სსიპ- ი. მათგან დაახლოებით 2,100 სსიპ-ს წარმოადგენს სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. დანარჩენი სსიპ- ებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების საქმიანობის სფეროებს განეკუთვნება საბითუმო ვაჭრობა, არქიტექტურა, მშენებლობა, ფინანსები და დაზღვევა, სპორტი, კულტურა, გაზეთების გამოცემა, ჯანდაცვა, იურიდიული საქმიანობა, უძრავი ქონების იჯარა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, ირიგაცია და მელიორაცია, ღვინისა და სპირტის წარმოება. ეს საქმიანობები ხორციელდება როგორც სსიპ- ების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებისა და სააქციო საზოგადოებების მიერ. ვერ დავასახელებთ ვერც ერთ ეკონომიკურ სფეროსა თუ სექტორს, სადაც სსიპ- ები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები არ საქმიანობენ.

ამავე დროს, 2017 წელს სახელმწიფო საწარმოების ჯამურმა ზარალმა 640 მილიონ ლარს გადააჭარბა, 2018 წელს კი მათი ზარალი 800 მილიონ ლარს აღემატება. ამ საწარმოების ჯამური ფინანსური ვალდებულება 4.5 მილიარდი ლარია. თავიანთი წარმომავლობის მიხედვით დღეს არსებული სსიპ- ები და სახელმწიფო კომპანიები ორი ტიპის საწარმოებად შეგვიძლია, დავყოთ: პირველი არის საბჭოთა საქართველოსგან მემკვიდრეობით მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის ორგანიზაციები, რომლებიც შემდეგ ტრანსფორმირდნენ სსიპ- ებად ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებად.

საბჭოთა კავშირის დროს მთელი ქონება ეკუთვნოდა სახელმწიფოს და სახელმწიფო ორგანოებს. დღეს არსებული სსიპ- ებისა და სახელმწიფო კომპანიების ნაწილი სწორედ ამ საბჭოთა სახელმწიფო ორგანოების შთამომავლები არიან – მაგალითად: საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ფოსტა, „თბილსერვის ჯგუფი“. არ მომხდარა ამ ორგანიზაციების ქონების პრივატიზება და ისინი სახელმწიფოს მფლობელობასა და მმართველობაში დარჩა. სსიპ- ებისა და სახელმწიფო კომპანიების მეორე ნაწილი შექმნილია დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, დიდი ნაწილი შეიქმნა ბოლო წლებში და გრძელდება ახალი სსიპ- ების შექმნა.

ახალი სსიპ- ები არის როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონალური, მუნიციპალური მთავრობების დონეზე. მაგალითად: „აწარმოე საქართველოში“, „ბლექ სი არენა“, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და ა.შ.

პირველ შემთხვევაში, აქტივების სახით, საბჭოთა წარსულის ფიზიკურ მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე მეორე შემთხვევაში კი ვხედავთ თანამედროვე საქართველოს საბჭოთა მენტალიტეტის შედეგს ახლო წარსულში შექმნილი სსიპ- ებისა და სახელმწიფო კომპანიების სახით.

განვიხილოთ სახელმწიფო საწარმოების რამდენიმე მაგალითი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, განსხვავებულად ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტით და ასევე განვიხილოთ ის კონკრეტული და პრაქტიკული გზები, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოს სრულად გამოსვლა ამ სფეროებიდან და კომპანიებიდან, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის შეწყვეტა.

სს „აკურას“ წილის 99.85 პროცენტის მფლობელი არის საქართველოს სახელმწიფო, ხოლო 0.15 პროცენტს ფლობენ კერძო ფიზიკური პირები. კომპანიის საქმიანობა ყურძნისაგან ღვინისა და სპირტის წარმოება და რეალიზაციაა. 2019 წელს სს „აკურამ“ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით აიღო კრედიტი 60 მილიონი ლარის ოდენობით ყურძნის ჭარბი რაოდენობის შესაძენად (სავარაუდოდ, კერძო კომპანიების მიერ დაწუნებული უხარისხო ყურძენი). რაც შეეხება „აკურას“ ფინანსურ მონაცემებსა და გადახდისუნარიანობას: 2017 წელს სს „აკურამ“ პროდუქციის რეალიზაციიდან მიიღო 33.6 მილიონი ლარის შემოსავალი, ხოლო ამ პროდუქციის თვითღირებულება შეადგენდა 43.8 მილიონ ლარს.

ე.ი. კომპანიამ წარმოებული პროდუქცია გაყიდა მისი თვითღირებულების 23 პროცენტზე ნაკლებად (თვითღირებულებაში არ შედის ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯი). ხოლო არსებობის მანძილზე კომპანიის საქმიანობის შედეგად აკუმულირებული მთლიანი ზარალი შეადგენს 23 მილიონ ლარს. ეს კომპანია არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება სახელმწიფოს სოციალური ფუნქციის არგუმენტაციით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა და გაკოტრებული კომპანიის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება, რაც, საბოლოო ჯამში, მფლობელის – სახელმწიფოს – დასაფარავი იქნება.

აქ არსებობს პრობლემის გადაჭრის ერთად- ერთი სწორი გზა: სახელმწიფომ მიატოვოს სპირტისა და ღვინის წარმოება, და შეწყვიტოს მსგავსი კომპანიების დაფინანსება. განვიხილოთ საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული კიდევ ერთ- ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ის დაფუძნებულია მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე – ამ ქონებას ფლობდა საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო. მაუწყებლის შესახებ კანონის მიხედვით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის საჯარო დაფინანსებით (ანუ სახელმწიფო ბიუჯეტით) მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. მაუწყებლის შესახებ იმავე კანონის მიხედვით, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.14%-ით. შესაბამისად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად იზრდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საბიუჯეტო დაფინანსება.

2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ გამოიყო 44.4 მილიონი ლარი. გარდა ამისა, 2017 წლის დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ფაქტობრივად მოეხსნა შეზღუდვა კომერციული რეკლამისა და სპონსორობის მოზიდვაზე. ანუ გარდა იმისა, რომ კონკრეტული კომპანია – მაუწყებელი – ყოველწლიურად ფინანსდება ბიუჯეტით, მას ასევე უფლება მიეცა, შევიდეს კომერციული რეკლამისა და სპონსორობის ბაზარზე და კონკურენცია გაუწიოს ამ ბაზარზე მოქმედ კომერციულ სტრუქტურებს.

2018 წელს საბიუჯეტო დაფინანსების გარდა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო კომერციული რეკლამებისა და სპონსორობის მოზიდვის გზით. ეს რაც შეეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსს, დანიშნულებასა და დაფინანსებას. ვნახოთ შედეგი: საზოგადოებრივი არხის რეიტინგი არის 2%-ის ფარგლებში. ანუ პროდუქტს, რომლის შექმნისთვისაც ამოდენა საბიუჯეტო სახსრები იხარჯება, ასეთი უხეში ჩარევა მოხდა კომერციული რეკლამის ბაზარზე და უზარმაზარი სახელმწიფო აქტივი: მიწა, შენობა- ნაგებობა, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები რის გამოყენებული, მომხმარებელი ფაქტობრივად არა ჰყავს. როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?

პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგნი არა ვართ იმისა, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები ტელევიზიით გაშუქდეს, მაგალითად, ისეთი თემები, როგორიცაა: საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ჯარი, პოლიცია, საზღვრები, ახალი ამბები ეთნიკური უმცირესობებისათვის. ამისათვის უნდა ჩამოყალიბდეს კონცეფცია, რომელი არაკომერციული თემები უნდა იყოს გაშუქებული და შემდეგ მოხდეს კონკურსის გზით მაღალრეიტინგული კერძო არხების გამოვლენა ამა თუ იმ თემის გაშუქებისათვის; ანუ კერძო არხების მიერ მოხდეს სხვადასხვა თემის შესახებ რეპორტაჟების მომზადება და სატელევიზიო გაშუქება. ამ შემთხვევაში ამ თემების მომზადება და ტრანსლირება მოხდება საბიუჯეტო თანხებით, მაგრამ ეფექტიანად.

ამ გზით, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კერძო არხები კონკრეტულ თემებზე მაღალხარისხიან და მოსახლეობისთვის საინტერესო გადაცემებს მოამზადებენ და ბიუჯეტის თანხებიც გაცილებით ეფექტიანად დაიხარჯება. ეს იქნება შედეგი. რაც შეეხება არსებულ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“: სრულად უნდა შეწყდეს მისი საბიუჯეტო დაფინანსება. იურიდიული პირი უნდა შენარჩუნდეს, შეუნარჩუნდეს არსებული აქტივები – შენობა, ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ლიცენზიები – და მან, სხვა კერძო არხებთან ერთად, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად, თუ გაიმარჯვებს – მიიღებს დაფინანსებას. ამ შემთხვევაში – თუ არხი საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე თვითონ გახდება კომერციულად მდგრადი – ის გააგრძელებს მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ისე როგორც ეს ხდება წარუმატებელი კერძო კომპანიის შემთხვევაში: აქტივების გასხვისებით ვალდებულებების დაფარვა, ნარჩენი ღირებულების (თუ ასეთი იქნება) სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანა და იურიდიული პირის დახურვა. ოპონენტებმა შეიძლება მაგალითად მოიყვანონ ბრიტანული BBC ან გერმანული Deutsche Welle. ორივე არხი სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.

განვითარებულ ქვეყნებთან მსგავსი შედარებები სხვადასხვა საკითხის განხილვისას ხშირად ისმის. აქ უნდა ითქვას შემდეგი: არც გერმანია არის გარდამავალი, განვითარებადი და ღარიბი ქვეყანა და არც დიდი ბრიტანეთი. ჩვენს პირობებში – როდესაც მოსახლეობის მეოთხედი ფაქტობრივად შიმშილობს და ყოველდღიურად გადარჩენისათვის იბრძვის – პრიორიტეტები სხვა არის, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე 15-ჯერ მეტს ქმნიან და შესაბამისი ბიუტეჯი აქვთ. მათი პრიორიტეტები განსხვავებულია და ისინი თავს უფლებას აძლევენ, გადასახადების გადამხდელთა თანხები ისეთ სფეროებში ხარჯონ, რომლებიც საქართველოსათვის არარელევანტური და არაპრიორიტეტულია. ამიტომ ბრიტანეთთან და გერმანიასთან შედარება არაფრის მომცემია.

სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი“ ფლობს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 100%-ს. კომპანიის ძირითადი ფუნქციებია თბილისში დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ აკუმულირებული ზარალი შეადგენს 207 მილიონ ლარს. გამოქვეყნებული ბოლო აუდიტირებული დასკვნის მიხედვით, 2017 წელს კომპანიის ზარალმა შეადგინა 65.5 მილიონი ლარი, 2016 წელს კომპანიის ზარალი იყო 63 მილიონი ლარი. საინტერესოა, რომ 2017 წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 22.3 მილიონი ლარი, ხოლო მხოლოდ ხელფასებზე გაწეულმა ხარჯმა, საოპერაციო ხარჯების გარდა, 48.7 მილიონი ლარი შეადგინა (2016 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 14.7 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო ხარჯმა 47.2 მილიონი ლარი).

კომპანიამ ამ ორი წლის განმავლობაში ხელფასებზე გადაიხადა მისი მთლიანი შემოსავლების 2.6-ჯერ მეტი. ნარჩენების მართვის თვალსაზრისით გვაქვს მეორე პრობლემაც, რაც გამოხატულია თბილისის ნაგავსაყრელზე არსებული კატასტროფული მდგომარეობით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება თავისთავად გულისხმობს მოხმარებისა და, შესაბამისად, ნარჩენების ზრდას. საქართველოს დღეს რომ ჰქონდეს 15,000 აშშ დოლარის მშპ ერთ მოსახლეზე, ნარჩენების მართვის არსებულ პირობებში ჩვენი ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე იქნებოდა. ისმის კითხვა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, შეწყდეს „თბილსერვის ჯგუფისა“ და მსგავსი კომპანიების მიერ კოლოსალური საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა და, მეორე მხრივ, გამოსწორდეს ნაგავსაყრელებზე არსებული სავალალო ეკოლოგიური სიტუაცია.

ნარჩენების მართვა განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივი კერძო ბიზნესის სერვისია. ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობები კონკურსის მეშვეობით არჩევენ კერძო კომპანიებს. არსებობს სამომხმარებლო და საწარმოო ნარჩენების კატეგორიები, რომელთა მიმართ მიდგომა ანალოგიურია. ნარჩენების მართვის კერძო კომპანიების შემოსავლები ყალიბდება ორი ძირითადი კომპონენტით: სორტირებისა და მეორეული გადამუშავების (უტილიზაციის) მომსახურების ტარიფით. თუ საბოლოო მომხმარებელი აკეთებს ნარჩენის სორტირებას (მინა, პლასტმასა, ლითონი, ქაღალდი), მაშინ ის ნარჩენების მართვის კომპანიას არ უხდის სორტირების გადასახადს ან სორტირებული ნარჩენის ტარიფი ნაკლებია, ვიდრე არასორტირებულისა. ნარჩენების მართვის მეორე ტარიფი შეიცავს ნარჩენის უტილიზაციის – მეორეული გადამუშავების – გადასახადს. აქაც, ნარჩენის კატეგორიების მიხედვით, უტილიზაციის გადასახადი განსხვავებულია. მაგალითად, ლიმონათის მწარმოებელი კომპანია აწარმოებს ლიმონათებს პლასტმასის ბოთლებში.

ამ კომპანიას წარმოების ადგილზე აქვს საწარმოო ნარჩენები – პლასტმასის ბოთლის წარმოების პროცესის ნარჩენი. ეს კომპანია მისი ტერიტორიული ერთეულის მომსახურე ნარჩენების მართვის კომპანიას უხდის საწარმოო ნარჩენების სორტირებისა (იმის მიხედვით, აკეთებს თუ არა სორტირებას) და უტილიზაციის გადასახადს. ამავე დროს, პლასტმასის ბოთლებში ლიმონათი იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის – ქუთაისშიც. საბოლოო მომხმარებლის მიერ ქუთაისში მოხმარებული ლიმონათის ნარჩენი პლასტმასის ბოთლი – რომელიც უკვე სამომხმარებლო ნარჩენია – ასევე საჭიროებს სორტირებასა და უტილიზაციას. ამას აკეთებს ნარჩენების მართვის ის კერძო კომპანია, რომელიც კონკურსის გზით შერჩეულია და ემსახურება ქუთაისის ტერიტორიულ ერთეულს. მას კი უტილიზაციის გადასახადს უხდის ქუთაისის ის მაღაზია, საიდანაც საბოლოო მომხმარებელს სამომხმარებლო ნარჩენის შემცველი პროდუქტი – ლიმონათის პლასტმასის ბოთლი – მიჰყიდეს.

ანალოგიურად მოხდება იმპორტირებული სამომხმარებლო საქონლის ნარჩენის გადამუშავების გადახდა საბოლოო მომხმარებლის ტერიტორიული ერთეულის მიხედვით. ქვეყნებში, სადაც ნარჩენების გატანა და გადამუშავება მოწესრიგებულია, სწორედ ეს მიდგომა მოქმედებს. ნარჩენების მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ადმინისტრირება დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუ ის სათანადოდ არის გაწერილი შესაბამის საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში. ეს არის გამოსავალი. ამ გზით შეწყდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არაეფექტიანი ხარჯვა და კერძო ინვესტიციების მოზიდვა ნარჩენების ბიზნესში, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ მიმზიდველი სფეროა საინვესტიციოდ.

სსიპ „თბილისის მუნიციპალიტეტის“ საკუთრებაში არსებულმა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის დაფინანსებით – სესხით – შეიძინა ძვირად ღირებული ავტობუსები. თუ გავითვალისწინებთ თბილისში ავტობუსით მგზავრობის ძალიან დაბალ ფასს, ადვილი მისახვედრია, რომ ამ სესხს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია ტრანსპორტირების სერვისიდან მიღებული შემოსავლით ვერ მოემსახურება. სესხი ბიუჯეტიდან იქნება დასაფარავი. გარდა ამისა, ტრანსპორტირების ღირებულება ხელოვნურად დაბალია, მასზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, შესაბამისად, მაღალია სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვა და მათი ცვეთა.

ცხადია, რომ 4-5 წლის განმავლობაში ამ სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე კაპიტალური დანახარჯები მაღალი იქნება და მიუხედავად ამისა მათი ნარჩენი ღირებულება იქნება ძალიან დაბალი. არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ ხდება საქალაქო ტრანსპორტის განკერძოება არის ის, რომ განკერძოების შემთხვევაში ტრანსპორტირების საფასური გაიზრდება. დიახ, გაიზრდება და ასეც უნდა მოხდეს. ხოლო საბიუჯეტო სახსრებით ტრანსპორტირება უნდა დაუფინანსდეთ მხოლოდ მათ, ვისაც ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო ასეთი საბიუჯეტო დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება – ამ ადამიანთა შერჩევა უნდა ხდებოდეს შესაძლებლობების კრიტერიუმის მიხედვით. მიდგომა, რომ ტრანსპორტი განურჩევლად ყველასათვის უნდა იყოს იაფი, არის ფუნდამენტურად არასწორი. კონკრეტული მომსახურების ფასების ხელოვნური შემცირება ძალიან მანკიერი და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ყველაზე დამაზიანებელი მიდგომაა. ფასი უნდა იყოს საბაზრო, საბიუჯეტო დაფინანსება-დახმარებით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფები უნდა სარგებლობდნენ.

საინტერესო შემთხვევაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „დაცვის პოლიცია“, რომელიც 10,000-მდე ობიექტს ემსახურება დაცვა-უსაფრთხოების სერვისით. განვითარებულ ქვეყნებში არათუ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების დაცვას, არამედ ციხეების დაცვასაც კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ. ჩვენთან, გარდა იმისა, რომ ხდება საბიუჯეტო ხარჯვა, ეს სსიპ- ი ხელს უშლის ამ სექტორში კერძო ინვესტიციების განხორციელებას. საჭიროა კანონმდებლობა დაცვა- უსაფრთხოების მომსახურების შესახებ, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს დაცვის მომსახურების კომპანიების საქმიანობას. ეს სსიპ- ი მთლიანად უნდა გაუქმდეს, სახელმწიფო სრულად უნდა გამოვიდეს ამ სფეროდან, შეწყვიტოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა და გაათავისუფლოს ეს სფერო კერძო ინვესტიციებისათვის. რომ შევაჯამოთ, სახელმწიფო მფლობელობასა და მართვაში არსებულ უკლებლივ ყველა კომპანიას ახასიათებს შემდეგი მწვავე პრობლემები:

1 ისინი იმართებიან არაეფექტიანად, აქვთ სუსტი მენეჯმენტი და არ გააჩნიათ მართვის სისტემა, რომელიც არაეფექტიანი მართვისა და ზარალის გამო მენეჯმენტის პასუხისმგებლობას გაითვალისწინებდა. სახელმწიფო კომპანიებში რეალურად არავინ არის პასუხისმგებელი იმ კოლოსალურ ფინანსურ ზარალზე, რომელსაც ეს კომპანიები რეგულარულად, წლიდან წლამდე აჩვენებენ.

2 სახელმწიფოს მართვაში არსებული კომპანიები არიან ნეპოტიზმისა და კორუფციის წყარო. ცხადია, ერთიცა და მეორეც სახელმწიფო ბიუჯეტის, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ხდება. როგორც ერთ- ერთი მოყვანილი მაგალითით აღვნიშნეთ, ზოგიერთი სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს ათეული მილიონი ლარის აკუმულირებული ზარალი, ყოველწლიურად ხელფასებში ხარჯავს 2.5-ჯერ მეტს, ვიდრე კომპანიის მთლიანი შემოსავალია. ვის უხდიან ამ ხელფასებს, რა სახელფასო განაკვეთები არსებობს, რატომ არის ამოდენა სახელფასო ფონდი და რის მიხედვით ხდება თანამშრომლების აყვანა – ცხადია, გაურკვეველია და სწორედ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე მიუთითებს.

3 სახელმწიფო კომპანიები ბიუჯეტისათვის ორმაგ ტვირთს წარმოადგენენ. ერთი ის, რომ ყოველწლიური ზარალის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (2017-2018 წლებში ამ კომპანიების ზარალმა 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა) და მეორე, 4.5 მილიარდ ლარზე მეტი სესხის დაფარვა სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტით მოხდება, რადგან ეს კომპანიები თავიანთ მიმდინარე საოპერაციო ხარჯებსაც ვერ ფარავენ, ვალების დაფარვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ქველმოქმედებით შექმნილი აქტივების სახელმწიფოსათვის უფასოდ გადაცემა/ ჩუქების პრობლემატურობა. ასეთი ქმედებები ქმნის დამატებით სახელმწიფო აქტივებს. სახელმწიფოს მილიონობით ლარი უჯდება ამ ნაჩუქარი აქტივების მართვა, რადგან ისინი კომერციულად არ არიან სიცოცხლისუნარიანი და სახელმწიფო მოხელეების მიერ ისევე არაეფექტიანად იმართებიან, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო კომპანია და პლუს წარმოადგენენ ნეპოტიზმისა და კორუფციის ახალ წყაროს.

ასეთი ჩუქება და ქველმოქმედება კიდევ უფრო ამძიმებს საბიუჯეტო ტვირთს. ამიტომ ყველა ეს აქტივი უნდა იყოს გაყიდული და პრივატიზებული ან ქველმოქმედისათვის დაბრუნებული. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ კომპანიებისა და აქტივების მართვა, არ არის ცოდნა და ტრადიცია, არ არსებობს პასუხისმგებლობაზე აგებული მართვის სისტემა – ყველამ თავი უნდა შეიკავოს სახელმწიფოსათვის ახალი აქტივების გადაცემისაგან და თვითონ სახელმწიფომაც უარი უნდა თქვას ასეთი აქტივების მიღებაზე. ღარიბი ქვეყნისათვის საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა უმწვავესი პრობლემაა. საქართველო – რომლის ბიუჯეტი ელემენტარულ საბაზისო მოთხოვნებს ვერ უძლებს და სადაც მოსახლეობის 25%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს – უნდა ცდილობდეს, მაქსიმალურად ჩამოიცილოს საბიუჯეტო ხარჯები და მოახდინოს კონკრეტული სერვისების განკერძოება – პრივატიზება. ბიუჯეტი კი უნდა მოხმარდეს იმას, რაც სახელმწიფოს უპირველეს კონსტიტუციურ ვალდებულებებშია.

4 გარდა იმისა, რომ სახელმწიფო კომპანიები ისე არაეფექტიანად და უპასუხისმგებლოდ იმართებიან, რომ ყოველწლიური ზარალისა და სესხების სახით ბიუჯეტის უზარმაზარ ტვირთს წარმოადგენენ და კორუფციისა და ნეპოტიზმის წყაროს ქმნიან, ასევე უდიდესი პრობლემაა ის, რომ ეს ორგანიზაციები ხელს უშლიან კონკრეტულ სექტორში კერძო ბიზნესის განვითარებას. როდესაც კონკრეტულ სექტორში მოქმედი კომპანია წაგებიანია, ამაზე არავინ არის პასუხისმგებელი და ის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე აგრძელებს არსებობას, ის ხელს უშლის საბაზრო პრინციპებით მომსახურებისა თუ პროდუქტების შეთავაზებას. შესაბამისად, სახელმწიფო კომპანიების გამო არ ხდება კერძო ინვესტიციების მოზიდვა კონკრეტულ სექტორებში, რაც, ცხადია, დამაზიანებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ზრდისათვის. გამოსავალი არის ამ ორგანიზაციების პრივატიზაცია. ეს რეფორმა იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად: სახელმწიფო ბიუჯეტს მოეხსნება ყოველწლიური ტვირთი და ფინანსური ვალდებულებები, მოისპობა ბიუჯეტის სახსრების ფლანგვა და მოხდება კერძო ინვესტიციების მოზიდვა კონკრეტულ სექტორებში.

ჩვენ გირჩევთ

დირსისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ქართული კომპანია საერთაშორისო ბაზარზე

დირსისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

დირსისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

წინა სტატია

Disneyland, Walt Disney World Will Close As Theme Parks Brace For Coronavirus Fallout
13 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

თიბისი ბანკის გადახდების კომპანია უზბეკეთში 1,8 მლნ მომხმარებელს ემსახურება
13 მარტი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker