ახალი ძველი ტრადიცია

წლის ანგარიში ჩაბარებულია. რეიტინგების სისტემა ამოქოქილია. ახალგაზრდა ლიდერები - გამოვლენილი, ჯილდოები - განაწილებული, ახალი გეგმა - დასახული, ახალი პარტნიორები - გარანტირებული.

2020 წლის 7 თებერვალს “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ Forbes Georgia-ს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. არ ვიცი, როგორ ახერხებს ეს ღონისძიება, მთელი წლის სალაპარაკო გახდეს და დაგროვილი შთაბეჭდილებების ნაფლეთები ხან ფოტოებად, ხან ვიდეოებად, ხანაც გიფებად მომავალ ცერემონიამდე გამუდმებით აჭრელებდეს Facebook-ს.

თუმცა, როგორ არ ვიცი … “ბიზნესი არ უნდა იყოს უმადური” - ბოლოს როდის გაიგეთ ასეთი ფრაზა თავად ბიზნესისგან? მე - 2020 წლის 7 თებერვალს, როცა Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა და ჩვენი ჟურნალის ყოველწლიური დაჯილდოების უცვლელმა წამყვანმა, გიორგი ისაკაძემ, სცენაზე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუხმო.

იმ დღეს “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც უკვე პოლიტიკაში წასულმა ამ ორმა ადამიანმა თავიანთი კუთვნილი ჯილდო - Forbes Entrepreneur 2019 - ჩაიბარა, მოკლე სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა და საჩუქრად Forbes-ის ლოგოიანი რაგბის ბურთიც მიიღო ამ სპორტის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მთელმა დარბაზმა ბიზნესიდან გააცილა. დარბაზში 300 კაცზე მეტი იჯდა.

ვიღაც გავაცილეთ, ვიღაცას კარი გავუღეთ. უფრო სწორად, მთელ 76 30-წლამდელს, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიაში ამ სფეროების პროფესიონალებთან ერთად შევარჩიეთ. ყველაზე საინტერესო, რაც ამ სიაზე მუშაობის დროს შევამჩნიე - ქართულ რეალობაში Forbes-ის 30 under 30-ი კულტურული ინერციის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა: ჩვენი ჟიურის წევრების უმეტესობაც კი ძლივს დავარწმუნეთ, რომ სიას ერთი გამარჯვებული არ ჰყავს, რომ ერთდროულად რამდენიმე კანდიდატურას უნდა მისცენ ხმა და დამოუკიდებლადაც შემოგვთავაზონ საკუთარი კანდიდატურები. გამარჯვებული ერთი რომელიმე კანდიდატი კი არა - მთელი სიაა.

დიახ, სწორედ ასეთი ადამიანები გამოვარჩიეთ - მოტივირებულები, წარმატებულები, თავიანთი სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულები და ზუსტად იმ ასაკში, როცა პროდუქტიულობა, როგორც წესი, ყველაზე მაღალია. 76-ივე Forbes Georgia-ს 2019 წლის რჩეული და გამარჯვებულია. მათი გაცნობა ჯერ აქ შეგიძლიათ 30under30.forbes.ge/winners/. პირადად კი მაშინ გაიცნობთ, როცა Forbes Georgia მათ 30 under 30-ის სპეციალურ სამიტზე შეკრებს. ეს პირობაც ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე საჯაროდ დავდეთ. გამარჯვებულების გამოვლენა და მათთვის ჯილდოების გადაცემა დასაწყისში - რთული საორგანიზაციო, ბოლოს კი განსაკუთრებულად სასიამოვნო პროცესია. თუმცა, როცა ერთხელ კარგად გამოგდის, გინდა, სულ ასე იყოს - სულ რაღაც ახალს სთავაზობდე წლის ამ ერთ გამორჩეულ დღეს შენს სტუმრებს, რომლებიც, ზუსტად იცი, ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან.

ამიტომაც ზოგჯერ საჭირო ხდება საკუთარს ახალი ხედვა დაუმატო, გამოცდილებას გამოცდილება შემატო, ძალისხმევა გააერთიანო და უკეთესი შედეგი დადო. 2020 წლის 7 თებერვალს “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გამართულ Forbes Georgia-ს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ორი ასეთი პრეცედენტი შედგა: პირველი - Forbes Georgia-მ Forbes Woman- ის ჯილდოს გადაცემის უფლება Forbes Woman Georgia-ის გუნდს გადაულოცა. და მეორე - ცნობილი გახდა, რომ Forbes Georgia ინტეგრირდება თიბისი სტარტაპერის დაჯილდოებაში და მომავალი წლიდან Forbes Startup-ის ჯილდოს თიბისისთან ერთად გადასცემს.

არც უკვე არსებული ყველაზე ერთგული პარტნიორები დაგვვიწყებია. წლევანდელი ნომინაცია - Forbes Property 2019 - კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა მოიგო, ჯილდო აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ბერიძემ ჩაიბარა. ...ახლა, სანამ კულმინაციურ მომენტამდე მივალ, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიოთ და მოგიყვებით, რა ხდებოდა დაჯილდოებამდე. სხვათა შორის, ესეც იმის ნაწილია, რითაც დავიწყე - დასამახსოვრებელი შტრიხების, რომლებიც მომდევნო დაჯილდოებამდე Facebook- ის memory-ში ამოვარდნილ ამ დღეს და-share- ების გარეშე არ გაატარებს.

კიდევ ერთი ასეთი შტრიხი 2020 წლის 7 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, “საქართველოს სინფონიეტას”, The Georgian Six-ის სოლისტის, ქეთევან ქართველიშვილისა და საოპერო მომღერლის, მიხეილ აბრამიშვილის წარმოდგენაც იყო. საინტერესო კოსტიუმები, მხოლოდ უნიკალური, ორიგინალი ინსტრუმენტები, ჯაზის ელემენტები და ბოლომდე ნაფიქრი პერფორმანსი - ის კოზირი აღმოჩნდა, რომელმაც ყურს და თვალს ძალიან საინტერესო სანახაობა ერთდროულად შესთავაზა. “საქართველოს სინფონიეტას“ მიერ 2015 წელს დაარსებული ბაროკოს ფესტივალის ტრადიციებში, 2012 წელს ნაყიდი ბაროკოს ინსტრუმენტებით გაფორმებულმა კოსტიუმირებულმა წარმოდგენამ - “ძველებური ცეკვები და არიები“ – “შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ დარბაზში ნამდვილი ბაროკოს სული გააცოცხლა: მუსიკა გახმოვანების გარეშე - ზუსტად ისე, როგორც ბაროკოს ეპოქაში. ამასთან, სცენაზე მდგომი მომღერალი, 25 წლის ქეთევან ქართველიშვილი, იმ მომენტში არა მხოლოდ მუსიკალურ სფეროს, არამედ 30 under 30 2019-ის სიის სულისკვეთებასაც წარმოადგენდა. წლევანდელი ცერემონიალის კულმინაციაც ისეთივე იყო, როგორიც მისი დასაწყისი. Forbes Georgia-მ ჯილდო - Forbes Social Impact 2019 - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გადასცა. დარბაზი ამ ჯილდოს ფეხზე ადგომით და ხანგრძლივი ტაშით შეხვდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ახლო ხედითაც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა - თავმდაბალი, მტკიცე იდეალისტი - ისეთი, რომლის სოციალური გავლენაც გადამდებია - გინდა, არა მხოლოდ მადლობა უთხრა, არა მხოლოდ დააჯილდოო, არამედ, პირველ რიგში, აგრძნობინო, რომ ის ამ მცოცავ ომში მარტო არ არის, მისი პირადი რისკი ჩვენი, როგორც საზოგადოების, ფართოდ დახუჭული თვალების ახელისკენ გადადგმული ყველაზე რეალური ნაბიჯია.

...ასე რომ, როცა მოსაწვევს იღებთ და Forbes Georgia-ს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მოდიხართ, მინდა, სულ გახსოვდეთ, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენს მკითხველთან უშუალო ურთიერთობის ან ანგარიშის ჩაბარების ცერემონიალია - ალბათ, პირველ რიგში, სწორედ ღირებულებების გაზიარების საღამოა. და ყოველგვარი ალბათობების გარეშე - Forbes Georgia-ს უკვე ძველი ტრადიციაა, რომელიც ყოველ ახალ წელს ახალი ტვისტით გელოდებათ. “ახალი“ ამ ფრაზაში საკვანძო სიტყვაა. რატომ? 2020 წლის ყდის გმირებისა და თემების გამაერთიანებელ შტრიხს დააკვირდით.

slide37

slide36

slide40

slide39

slide37

slide36

ჩვენ გირჩევთ

17 ადგილი, სადაც გაზაფხულზე უნდა იმოგზაუროთ - სიაში თბილისიცაა

დასავლეთის ენერგეტიკულ ფრონტზე სერიოზული სანქციებია

17 ადგილი, სადაც გაზაფხულზე უნდა იმოგზაუროთ - სიაში თბილისიცაა

17 ადგილი, სადაც გაზაფხულზე უნდა იმოგზაუროთ - სიაში თბილისიცაა

წინა სტატია

Tom Hanks Says Follow Expert Advice After Getting Coronavirus
13 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ბილ გეითსი Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს
14 მარტი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker